გარიყულას სარეზიდენციო პროგრამა
,,არტ-ვილა გარიყულა” აცხადებს მულტიმედიურ სარეზიდენციო პროგრამას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 18 დან − 24 წლამდე არტისტებისთვის. შერჩეული არტისტების ტრანსპორტირების, გარიყულაში ცხოვრებისა და ნამუშევრების შექმნისთვის აუცილებელ ხარჯებს უზრუნველყოფს არტ-ვილა ,,გარიყულა’’. გარიყულას წლის რეზიდენციის თემაა «41°» და თავისუფლების მანიფესტი.

2018 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარიყულას თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის − წელს გარიყულაში აღინიშნება 41°-ის შექმნის 100 წლის იუბილე და ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის Fest i Nova-ს დაარსების 10 წლის იუბილე. გამოცხადებული რეზიდენცია საიუბილეო წლის პროგრამის ნაწილია.