თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის N1).

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს და ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - Style Icon, რომელიც მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „Ethere“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან.