საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა 2018 წლის "გრემიზე"

Published: 29/01/2018 Views: 2 099
საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა 2018 წლის "გრემიზე"


წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის, "ოსკარის" მოლოდინში, ვარსკვლავების იმიჯს უახლესი წითელი ხალიჩიდან - "გრემის" დაჯილდოებიდან გთავაზობთ. ნიუ-იორკში რიგით მე-60 მუსიკალური ცერემონიალი "გრემი" ჩატარდა, სადაც ცნობილმა ადამიანებმა სამოსის მსგავს პალიტრასთან ერთად, მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც ერთსულოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. თითქმის ყველა ლამაზმანი ხორცისფერი გამით და მშვიდი ვარცხნილობით იწონებდა თავს. მათ შორის მაილი საირუსიც, რომელიც სილამაზეში ყოველთვის თამამი და ექსცენტრიკული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.


ჰეილი სტენფილდი
სწორად გამოკვეთილმა თვალებმა და ლოყებმა სახეს საოცარი გამომეტყველება შეძინეს. მსახიობს უჩვეულო თვალის ფორმა აქვს და შერჩეული მაკიაჟი პროფესიონალი ვიზაჟსტების დახმარებით, წარმატებული ექსპერიმენტი გამოდგა. ვარცხნილობა ბუნებრივობით გამოირჩეოდა.




რიტა ორა
რიტა ორას 2018 წლის "გრემის" იმიჯი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. უკან გადაწეული თმებით ვარსკვლავმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტენდეცია წარმოადგინა: გარდამავალი ფერი თმაზე. აღსანიშნავია წითელი ტუჩსაცხის ფერიც.




რიანა
რიანა შოუს ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო და საღამოს მანძილზე სამოსი სამჯერ გამოიცვალა. მოდური ტყავის კაბიდან, საზღვაო სტილის ვარდისფერ კაბაზე გადავიდა. მომღერალი ტალღოვანი მოცულობითი ვარცხნილობით გამოირჩეოდა. მაკიაჟისთვის რიანამ საკუთარი კოსმეტიკის ხაზი გამოიყენა. ძირითადი აქცენტი თვალის ჩრდილზე გააკეთა.




მაილი საირუსი
ყველაზე მეტად "გრემის" ცერემონიალზე საზოგადოება მაილი საირუსმა გააოცა. მომღერალმა ელეგანტური კომბინიზონი მოირგო და წითელ ხალიჩაზე კლასიკური "ჰოლივუდის" ხვეული თმით გამოჩნდა, თმა ისე იდეალურად იყო უკან გადაწეული, რომ სახეს არაფერი ფარავდა. მაკიაჟში მთავარი აქცენტი სწორად შერჩეულ ტონალობაზე გაკეთდა: პასტელური ლოყები და გამოკვეთილი წამწამები.



ალიშა კისი
ალიშა ჰოლივუდში ბუნებრივი სილამაზის დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მომღერალი ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიებში არამხოლოდ კოსმეტიკის გარეშე პოზირებს, არამედ წითელ ხალიჩაზეც თითქმის უმაკიაჟოდ გამოდის.




ჰეიდი კლუმი
ჰეიდის მაკიაჟს ეტალონურიც შეიძლება ვუწოდოთ, თავისი ტალღოვანი ვარცხნილობით და ფერების ნიუანსებით. მოდელმა smoky eyes-ის მეშვეობით აქცენტი თვალებზე გააკეთა, ტუჩები კი თითქმის შეუმჩნეველი დატოვა.