Makeup by Irma: რჩევები ვიზაჟისტისგან

Published: 18/04/2019 Views: 1 094


ვიზაჟისტ ირმა ჭიკაძეს ალბათ უკვე ყველა მანდილოსანი ცნობს თბილისში. ვიზაჟისტი ულამაზესად ანაწილებს ფერად ჩრდილებსა და გლიტერებს თვალის მაკიაჟში, ის უმეტესწილად საკუთარ თავზე შესრულებულ ფოტოებს გვიზიარებს სოციალურ ქსელში - მის ფეიჯზე და სხვადასხვა ჯგუფებში.

Makeup by Irma-მ ცოტა ხნის წინ სელფ-მაკიაჟის 5 დღიანი კურსის წარმოება დაიწყო, მათთვის ვისაც არ ეხერხება მაკიაჟის გაკეთება საკუთარ თავზე, ან უბრალოდ სურთ იცოდნენ რა უხდებათ და გაიგონ მეტი კოსმეტიკის შესახებ. კურსს თავად ირმა უძღვება და რამდენიმე ტიპის მაკიაჟის სწრაფად და პროფესიონალურად გაკეთებას შეასწავლის. ედითორიალ.ჯიმ რამდენიმე აქტუალური კითხვით მიმართა და რჩევები მიიღო beauty-ტრენდებთან და მაკიაჟის შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებით.




Makeup by Irma
facebook: @Makeup by Irma
instagram: @irmart1


Makeup by Irma: მაკიაჟი პროფესიონალურად 7 წლის წინ სტამბოლში შევისწავლე. რამდენიმე წელიწადი სხვადასხვა ქვეყნებში ვიცხოვრე და რადგან შედარებით ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, გადავწყვიტე ეს დრო სასარგებლოდ გამემეყენებინა და პროფესია შემეძინა. ჩემი პირველადი პროფესია ხელოვებათმცოდნეობაა და გარკვეული კავშირიც არის ამ ორ პროფესიას შორის.

EDITORIAL.ge: უძღვებით Self მაკიაჟის კურსს, რას მოიცავს პროგრამა?

სელფ-მაკიაჟის კურსი არის მათთვის, ვისაც არ ეხერხება საკუთარ თავზე მაკიაჟის გაკეთება. კურსი არის ინდივიდუალური. მოგეხსენებათ, ყველას თავისი სურვილები და მიზნები აქვს მაკიაჟთან მიმართებაში და ეს კურსი ზუსტად ამას ემსახურება. ამასთანავე, ეს არის სასიამოვნოდ, სასარგებლოდ,ძალიან ინფორმაციულად გატარებული 5 დღე და როგორც წესი,არავის სურს რომ დასრულდეს, რადგან ატმოსფერო არის ძალიან მეგობრული და “ ქალური”.




დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.:
სელფ-მაკიაჟის 5 დღიანი კურსი
მის: ყაზბეგის 53, სალონი Be Fancy


EDITORIAL.ge makeup ბრენდები, რომლითაც მუშაობთ და საყვარელი პროდუქცია, რომელიც top-shelf-ზეა თქვენი კოსმეტიკის მაგიდაზე

ისევე როგორც მგონი უკვე მთელი სამყარო, კორეულ სახის მოვლის საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან მომწონს ესტე ლაუდერის ანტიასაკობრივი შრატი. დამატენიანებელს სულ ვცვლი. მიყვარს ბიოდერმას ტონერი და მიცელარული წყალი. მაკიაჟის გაკეთებამდე ჩემი საყვარელი პროდუქტი აგერ უკვე რახანია არის მაკის პრაიმერი (სტროუბ ქრიმ). მაკიაჟის მოხსნის შემდეგ მიყვარს ნიღბები და მსუყე კონსისტენციის მკვებავი საცხები. ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია სახის ნაზი დამასაჟება (ჯადა როლერით) და რუტინაში ყველაზე მთავარი არის - ძილი.





EDITORIAL.ge: თუ გვიკარნახებთ რამდენიმე ტრენდს, რომლებიც აქტუალური იქნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე

ძალიან მომწონს წლევანდელი ტრენდი-ისეთი მაკიაჟი, რომელიც გულისხმობს სახის ჯანსაღ იერს, ბევრი კრემოვანი სტრუქტურის პროდუქტის გამოყენებას, ნატურალურ ფერებს და სახის ჯანსაღ ელვარებას.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ლუქის შესაქმნელად, ცოტა პროდუქტის გამოყენება მოგვიწევს მაგრამ შედეგი ძალიან ლამაზია.. თუმცა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ კანის მოვლის ხარჯზე, რაც შეიძლება ნაკლები კოსმეტიკური საშუალება დაგვჭირდეს. ჯანმრთელი კანი არის მუდმივი ტრენდი რომელიც არასდროს გადავა მოდიდან. შემდეგი ტრენდი გახლავთ ფერადი მაკიაჟი. ბრჭყვიალების (გლითერების) გამოყენება თვალზე და ტუჩზე. ფერადი ტუში, ფერადი ლაინერი, ბრჭყვიალა ტუჩის გლოსები და ა.შ.





EDITORIAL.ge: როგორ განვსაზღვროთ რომელი ბიუთი-ტრენდი გვიხდება და მოვირგოთ ის წარუმატებელი ექსპერიმენტების გარეშე?
რას ურჩევდით მკითხველს, როგორ მოირგოს ინტერნეტში თუ მეგობარზე ნანახი ლუქი, საჭიროა თუ არა ამისთვის იდენტური ფერის პროდუქციის შეძენა, როგორც ხშირ შემთხვევაში იწყება კომენტარით: "რა ფირმის, რა ნომერი კონტურია?"


ვფიქრობ ბუნებრივი ფერებით და ხარისხიანი პროდუქტებით ძალიან რთულია გააფუჭო ლუქი

როგორც წესი გოგოების მთავარი სირთულე ლანერის წასმაა. მუდმივად მეკითხებიან ლაინერის წასმის წესს. წესი არ არსებობს. ისევე როგორც ყველაფერში, საჭიროა ნებისყოფა და მუშაობა საკუთარ სახეზე. ასევე უნდა ითქვას რომ ყველას თვალი არ არის “დაბადებული”ლაინერისთვის. არის სხვა ბევრი საშუალება როგორ გამოკვეთო თვალი მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს :))

ვფიქრობ ყველაზე ცუდი სანახავი არის არასწორედ შესრულებული კონტურინგი რომელიც იდეაში სახის ნაკვთების დახვეწას გულისხმობს და გამოდის ხოლმე ატალახებული სახის კანი.

რაც შეეხება რჩევას.. ის რაც პირობითად თქვენს მეგობარს უხდება, შეიძლება თქვენ არ მოგიხდეთ კანის, თმის ან თვალის ფერის, კანის სტრუქტურის და მართლა ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით.
აქაც საჭიროა ის რომ რამდენიმენაირი პროდუქტი უნდა სცადოთ რომ მიაგნოთ იმ “ერთადერთს”. ნახოთ რევიუები ინტერნეტში, ან შეგიძლიათ მკითხოთ მე :)))




EDITORIAL.ge: შეცდომა რომელსაც ისურვებდით ნაკლებად ხედავდეთ და საბოლოოდ აღმოფხვრან გოგონებმა

ეს არის არასწორედ შერჩეული ტონალურის ფერი. გულის ტკივილი მეწყება როცა სახის და ყელის ფერი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ტუჩის საზღვრებიდან გადასული ლაინერი ან პომადა რომელიც ვითომ ადიდებს ტუჩებს მაგრამ შედეგად ვღებულობთ მოუწესრიგებელ ლუქს. არ მომწონს წარბის არაბუნებრივი ფორმა, ზედმეტი სიმუქე და არსებული ფორმიდან რადიკალურად განსხვავებული ფორმის “მიხატვა”. ასევე ზედმეტად ბევრი პროდუქტის გამოყენება განსაკუთრებით თუ კანი უპრობლემოა. ფაიფურის თოჯინებს ნუ დავემსგავსებით, რაღაც ჩვენიც დავიტოვოთ :)

მაკიაჟთან დაკავშირებული ხედვა პროგრესს განიცდის. უკვე ხშირად მესმის მუშაობის პროცესში ფრაზა, ”ბუნებრივად მინდა” რაც ძალიან მახარებს. გემოვნება არასდროს აკლდათ ქართველ გოგოებს.





EDITORIAL.ge: რამდენად ზედმიწევნით მისდევთ მაკიაჟის გასაკეთებლად მოსული გოგონების სურვილებს? თუ თვლით, რომ საქართველოშიც როგორც იქნა შეიცვალა საღამოს მძიმე მაკიაჟისადმი ხედვა

დეტალურად ვეკითხები, სად მიბრძანდებიან, რას იცვამენ, რა ფერში სურთ მაკიაჟის გადაწაყვეტა, რომელ ტიპაჟს მიეკუთვნებიან, მათ ვინც ყოველდღიურად ატარებს მაკიაჟს თუ არა და ამის მიხედვით ვწყვეტ რა რაოდენობით შემიძლია დავტვირთო მათი მაკიაჟი. როგორც წესი, ჩემს გემოვნებას ენდობიან..

საღამოს მაკიაჟში ძალიან ბევრი ადამიანი მოიაზრებს სმოქის და მუქ ფერებს თუმცა საღამოს შეიძლება გაიკეთო მსუბუქი მაკიაჟი და საუცხოოდ გამოიყურებოდე.





EDITORIAL.ge:ამ ბოლო დროს ბევრი ხრიკი გაგვანდეს ვიზაჟისტებმა: კონტურინგი, სთრობინგი და ა.შ. ახლა კი გვესმის, რომ დავივიწყოთ ყოველივე ეს და შემოვიფარგლოთ მზისგანდამცავი და BB კრემებით, თავად რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს უმაკიაჟოდ და რას გულისხმობს თქვენი "უმაკიაჟო-მაკიაჟი"

მზისგან დამცავი საცხის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვინდა, რომ კანის დაბერების პროცესი შევანელოთ.
არის დღეები, როცა უმაკიაჟოდ გადასარევად ვგრძნობ თავს. ზოგჯერ საჭიროა კანი დავასვენოთ კოსმეტიკისგან. დაღლილი თვალები ჩვენი დროის სენია. ამიტომ ძალიან მიჭირს ქონსილერის გარეშე ჩემი ყოველდღიურობის წარმოდგენა. No makeup makeup არის ძალიან პოპულარული მაკიაჟის მიმართულება დღეს, რაც გულისხმობს ბუნებრივ იერს, მაგრამ სასაცილოა რამდენი პროდუქტი სჭირდება ამ ლუქის შექმნას.
მგონია, რომ ძირითად შემთხვევაში, გოგოები ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ საკუთარ გარეგნობას და ბევრად ნაკლები ძალისხმევით, უფრო ბუნებრივად და სასიამოვნოდ გამოვიყურებით.

საჭიროა ყველაფერში ზომიერების შეგრძნება. კოკო შანელს დავესესხები გამოთქმაში “simplicity is the keynote of all true elegance” . ქონსილერით, ტუშით და უფერული გლოსით იქმნება ჩემი “წრაფი” უმაკიაჟო მაკიაჟი რომელიც შეიძლება მანქანაში, კაფეში ან სტუმრად გავიკეთო.




EDITORIAL.ge: ვინც ადევნებთ თქვენს ფეიჯს თვალს, შენიშნავს რომ გიყვართ ფერადი თვალის ფანქრები და ჩრდილები, ხშირად კავკასიელი გოგონები ერიდებიან ფერებს. შეგვიძლია მსგავსი მაკიაჟი თავადაც გავიკეთოთ, თუ პროფესიონალის ფუნჯია საჭირო?

პროფესიონალის ფუნჯი გადასარევი რამეა, მაგრამ ფერადი ფანქრის წასასმელად საჭიროა არაა.. ამას სჭირდება გემოვნება, ზომიერება და სტილის შეგრძნება. სიტყვა “არ მიხდება” არ მიყვარს.. სწორად მორგებული, ასაკის შესაბამისად გაკეთებული ყველას ყველაფერი უხდება.

მაკიაჟს დიდი ძალა აქვს მაგრამ მისი სწორედ გამოყენება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მასში. როგორც ბობი ბრაუნი იტყოდა: I believe all woman are pretty but with right makeup can be pretty powerful





Makeup by Irma
instagram: @irmart1
facebook: @Makeup by Irma

სიტყვა “არ მიხდება” არ მიყვარს.. სწორად მორგებული, ასაკის შესაბამისად გაკეთებული ყველას ყველაფერი უხდება.