Lets cook! ქათმის ბარკლები და კრემ სუპი

Published: 02/02/2018 Views: 462


EDITORIAL.ge წარმოგიდგენთ LetsCook.ge კულინარიულ ბლოგთან კოლაბორაციით, რამდენიმე უგემრიელეს და მარტივ რეცეპტს, რომელსაც პერიოდულად გაგიზიარებთ. დასაწყისისთვის რამდენიმე კრემ-სუპი და ქათმის ბარკლების მადისაღმძვრელი რეცეპტი შევარჩიეთ.

ბლოგი 20 წლის ახალგაზრდა გოგონას, მედეა ჩუბინიძეს ეკუთვნის. მედეა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კულინარიით გატაცება უკვე მე-5 წელია მის ბლოგზე აისახება. მედეა მის მიერ გამოცდილ რეცეპტებს უზიარებს მკითხველს, ბლოგზე მუშაობისას ფუდფოტოგრაფიამაც გაიტაცა. ბლოგს ეტაპობრივად ავითარებს როგორც ტექნიკური და ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი კუთხით. მომავალში აპირებს ენდოკრინოლოგობას და პროფესიისა და ჰობის ერთმანეთთან დაკავშირებას, ჯანსაღი კვების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

www.letsCook.ge
facebook: letsCook.ge



გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით


LetsCook.ge, მედეა: ალბათ ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ არც თევზის და არც ხორცის უბრალოდ შეწვა არ მიყვარს და ყოველთვის რაიმე განსხვავებულ და გემრიელ მარინადს ვეძებ, რათა უფრო გავამრავალფეროვნო გემო, ხორცი გავხადო უფრო ნოტიო და არომატული. დღესაც სწორედ წინასწარ დამარინადებული და შემდეგ გამომცხვარი ქათმის ბარკლების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. თუ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეწვას ასე მომზადებით ჩაანაცვლებთ. გჭირდებათ ძალიან ცოტა დრო, იმ პერიოდის გამოკლებით, რაც დამარინადებისთვისაა საჭირო.

რეცეპტს უფრო დეტალურად იხილავთ ბლოგზე
ასევე შემოგთავაზებდით ბევრად მარტივ რეცეპტს მომზადების 30 წუთიანი დროით: ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში

ინგრედიენტები:
2 კგ. ქათმის ბარკლები
1/4 ჩ.ჭ. ზეთი
4 კბილი ნიორი
1/3 კონა ოხრახუში
3 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ს.კ. მარილი
1/2 ჩ.კ. პილპილი


ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ეს მასა მოასხით ქათმის ბარკლის ნაჭრებს, ხელით ამოურიეთ ისე, რომ მარინადი ყველა ნაჭერზე თანაბრად განაწილდეს.
გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი.
საცხობ ფორმაზე წაუსვით ცოტა ზეთი, გადაიტანეთ ქათმის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 25 წუთი, შემდეგ ამოაბრუნეთ და კიდევ 25 წუთი აცხვეთ.
გამომცხვარი ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით მზადაა, გემრიელად მიირთვით!





შემდგომი ჩვენს მენიუში გახლავთ
ბროკოლის კრემ-სუპი

ინგრედიენტები:
1 თავი ბროკოლი (დაახლოებით 500 გ. )
3 საშუალო ზომის კარტოფილი
1 საშუალო ზომის სტაფილო
3 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახუში
1,5 ლ. წყალი
მარილი, პილპილი გემოვნებით
2 ს.კ. ზეთი
მომზადება:


წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთდასხმულ გაცხელებულ ქვაბში მოვშუშოთ, ცოტა შაქარი მოვაყაროთ, რომ სწრაფად კარამელიზდეს. შემდეგ დავასხათ წყალი და როცა ადუღდება ჩავყაროთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი.
სტაფილო და კარტოფილი თითქმის რომ მოიხარშება, დავუმატოთ ბროკოლის ყვავილები. ყველაფერი რომ მოიხარშება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. ერთხელაც წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ცოტა შევაგრილოთ და დავაბლენდეროთ.
მიირთვით არაჟანთან ერთად, თუმცა მის გარეშეც ძალიან გემრიელია.
ბროკოლის უგემრიელესი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

რეცეპტს უფრო დეტალურად იხილავთ ბლოგზე
ალტერნატივის სახით კი შემოგთავაზებდით ასევე უგემრიელეს სოკოს კრემ-სუპს არაჟნით ან ცოტა განსხვავებული და ახალი გემოს მაძებართათვის: არომატული იაპონური ხახვის სუპი.

Lets cook! ქათმის ბარკლები და კრემ სუპი ეწვიეთ ბლოგს და მიყევით facebook-ზე რათა თვალი ადევნოთ მედეას რეცეპტებს და გაახალისოთ თქვენი სუფრა სასარგებლო და გემრიელი კერძებითა და დესერტებით. ოიჰ, დიახ დესერტები! არ გამოგრჩეთ გაეცნოთ ტორტ “მთვრალი ალუბლის”, ქოქოსის ნამცხვრის და ვაშლისა და ალუბლის ტარტის რეცეპტს.

მედეას ბლოგზე ტარტის მრავალ ვარიაციას შეხვდებით. ხილის ტარტები მომზადების სიმარტივითა და საოცარი არომატით გამოირჩევა, გარდა ამისა, მსუბუქია და ძალიან გემრიელი. ზამთრის სუსხიან დღეებს ფინჯან ცხელ ჩაისთან ერთად განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. ბლოგზეც ბევრი ვარიანტის ნახვა შეგიძლიათ, სხვადასხვა ცომითა და შიგთავსით, ვაშლისა და ალუბლის კომბინაცია კი კულინარის ფავორიტი აღმოჩნდა.