გარიყულას სარეზიდენციო პროგრამა

Published: 17/04/2018 Views: 202


არტ-ვილა გარიყულას სარეზიდენციო პროგრამა

,,არტ-ვილა გარიყულა” აცხადებს მულტიმედიურ სარეზიდენციო პროგრამას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 18 დან − 24 წლამდე არტისტებისთვის. მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა 21 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ. სარეზიდენციო პროგრამისთვის შერჩეული არტისტები 30 აპრილიდან 6 მაისამდე, არტ-ვილას კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე, ხოლო 6 მაისს, გარიყულას მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეში მოეწყობა შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. რეზიდენციის მსვლელობისას შექმნილი ნამუშევრები გამოფენის შემდეგ დარჩება არტ-ვილა გარიყულას მუდმივ ექსპოზიციაში.

● შერჩეული არტისტების ტრანსპორტირების, გარიყულაში ცხოვრებისა და ნამუშევრების შექმნისთვის აუცილებელ ხარჯებს უზრუნველყოფს არტ-ვილა ,,გარიყულა’’.
გარიყულას 2018 წლის რეზიდენციის თემაა «41°» და თავისუფლების მანიფესტი.





@artvillagarikula კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ნახევრად დანგრეულ, ძველ მამულში, ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ 2000 წელს მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა "არტ ვილა გარიყულა".



● «41°» 1918 წლის თბილისში შექმნილი ფუტურისტების ავანგარდული გაერთიანება იყო. მისი მთავარი აქტორები იყვნენ ძმები ზდანევიჩები და ალექსეი კრუჩონიხი, მოგვიანებით კი მათ იგორ ტერენტიევიც შეუერთდა. გაერთიანებამ მხოლოდ 1920 წლამდე იარსება, თუმცა დიდი კვალი დატოვა ფუტურიზმის ისტორიაში, ხოლო 41°-ის რედაქციით ფუტურისტული ჟურნალები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა.

მანიფესტი „კომპანია 41° აერთიანებს მემარცხენე ფუტურისტებს და ამტკიცებს, რომ ზაუმური ენა არის ხელოვნებისა და თვითგამოხატვის აუცილებელი ფორმა. 41°-ის მიზანია, ყველა დიდი აღმოჩენის გათვალისწინებით, მსოფლიო ახალ ღერძზე აამოძრავოს. გაზეთი 41° გახდება ჩვენი კომპანიის მთავარი თავშეყრის ადგილი და მუდმივი შფოთვის მიზეზი. ავიკაპიწოთ ხელები.“

2018 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარიყულას თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის − წელს გარიყულაში აღინიშნება 41°-ის შექმნის 100 წლის იუბილე და ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის Fest i Nova-ს დაარსების 10 წლის იუბილე. გამოცხადებული რეზიდენცია საიუბილეო წლის პროგრამის ნაწილია.




● მისამართი: არტ-ვილა გარიყულა, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალქალაქი.
სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/9dfkqS
● Facebook ღონისძიება: გარიყულას სარეზიდენციო პროგრამა / Garikula Residency Program





პოსტში წარმოდგენილია ფოტოები ინსტაგრამის სოციალური ქსელიდან, ლოკაციით და ჰეშთაგით #ArtVillaGarikula