ილუზიების მუზეუმი თბილისში!

Published: 24/02/2019 Views: 2 075


ილუზიების მუზეუმი - ახალი გასართობი სივრცე თბილისში, სადაც ახალი, ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილი დამაინტრიგებელი ვიზუალური, სენსორული და საგანმანათლებლო სანახაობები იქნება წარმოდგენილი. ეს არის თბილისის ახალი სამუზეუმო სივრცის ნაწილი, რომელიც ბეთლემის ქ. 10-ში გაიხსნება მარტის დასაწყისში და დამთვალიერებელს შესთავაზებს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ ექსპონატებს, რომელიც მათ ერთდროულად გაახალისებს და გააოცებს.

მუზეუმის ექსპონატი დაფუძნებულია მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე. მოიცავს ჰოლოგრამების, სტერეოგრამებისა და ოპტიკური ილუზიების ძალიან დიდ კოლექციას. ვიზიტორები სახალისო ექსპონატების საშუალებით ისწავლიან ბევრ რამეს ხედვის, აღქმის, ადამიანის ტვინისა და მეცნიერების შესახებ, მიხვდებიან, რომ ჩვენი თვალები ხედავს ბევრ ისეთ რამეს, რაც ჩვენს გონებას არ ესმის.




ყველა ჩვენი ილუზია ღრმად აღიბეჭდება დამთვალიერებლის მეხსიერებაში, ჩვენთან მოსული სტუმარი დაფიქრდება ილუზიების ჯადოსნურ სამყაროზე, ეცდება ამოხსნას თუ რატომ ხედავს მისი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვავს მისი გონება. მუზეუმის კონცეფცია, რადიკალურად განსხვავებულია სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან. ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც გათვლილია სახალისო შემეცნებაზე და დამთვალიერებელს სთავაზობს არა მხოლოდ დათვალიერებას, არამედ ექსპონატებთან ურთიერთობასა და ამ გზით მხიარულებას. ილუზიების სამყარო ერთნაირად აღელვებს დიდსა თუ პატარას.

მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია! ილუზიების მუზეუმი არ არის სტატიკური და სტანდარტული მუზეუმი, არამედ ის საშუალებას აძლევს ხალხს იყვნენ კრეატიულები და გაერთონ.



ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ. მუზეუმს აქვს ასევე სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ითამაშოს, შეეჯიბროს, ისწავლოს ახალი და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოები. (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები) რომელიც ანვითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას.

ნატალი ანანიაშვილი, „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი





ილუზიების მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი მუზეუმების ქსელია. მსოფლიოს მასშტაბით უკვე 14 ქალაქშია და კიდევ 8 ფილიალის გახსნას აპირებს, მათ შორის თბილისში. ექსპონატების უმრავლესობა ყველა ქალაქში მეორდება, თუმცა თითოეული მუზეუმი თავისებურად უნიკალურია.

@museumofillusions.tbilisi
თბილისის ილუზიების მუზეუმის კოლექცია დაკომპლექტებული იქნება შემდეგი ოპტიკური ექსპოზიციებით:

Ames Room: ერთ კუთხეში გიგანტი ხარ და მეორეში - ჯუჯა. ვიზუალური ილუზია, რომლის დროსაც ადამიანი ერთი კუთხიდან მეორეში გადასხვლისას იზრდება ან პატარავდება.
The Vortex tunnel: ვორტექსის გვირაბი, რომელშიც უნდა გაიარო და მიუხედავად სწორი გზისა გარემო თავბრუს გახვევს, გაგიჟებს და გამართულად ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ართულებს.
Rotated Room: ოთახში ყველაფერი პირიქითაა და ამობრუნებულის ილუზიას ქმნის, თითქოს ჭერზე დადიხარ.
Head on the Platter: თავი ლანგარზე



The Chair Illusion: ადამიანი, რომელიც თითქოს სკამზე ზის უფრო პატარა ჩანს, მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, პერსპექტივის დამსახურებაა.
Optical Illusions: ვიზუალური ილუზია გვახსენებს, რომ ჩვენი შეგრძნებები არ არის სრულყოფილი და ხშირად არასწორად აღვიქვამთ რეალობას.
SMART SHOP: მაღაზია მუზეუმში, სადაც იყიდება დილემა გეიმსის თამაშები, ოპტიკური ილუზია, 3D განათება, მაისურები, ფანქრები, ბლოკნოტები, საგანმანათლებლო სათამაშოები