საღამოს კაბები ვესტერნის სტილში: Zuhair Murad Couture 2018

Published: 25/01/2018 Views: 789
საღამოს კაბები ვესტერნის სტილში: Zuhair Murad Couture 2018

Zuhair Murad Couture 2018
ლიბანი როგორც ჩანს მოდის ტალანტებით მდიდარია: დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ახალი საღამოს კაბების კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელიც ინდიელების ეთნიკური მოტივებითაა შთაგონებული.

ეთნიკა - ლიბანელი დიზაინერის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ამიტომაც ახალ სეზონზე თავის პრინციპებს არ უღალატა და კოლექციის მთავარ მიმართულებად ინდიელების მოტივები არჩია. კაბების უმრავლესობას მკვიდრი ამერიკელების ეთნიკური ორნამენტების ნაქარგები ამშვენებს. დიზაინერის მთავარ შთაგონებად ფოჩები და ბუმბული იქცა. მოდელებს წელი ვესტერნის სტილის ქამრებით ჰქონდათ გამოკვეთილი. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება თმაში გარეულ ბუმბულებზეც.



"როცა ამ კაბებს ხედავთ, იწყებთ ფიქრს, რომ ისინი ძალიან მძიმეა, რადგანაც დეკორითა და ნაქარგებითაა დატვირთული. სინამდვილეში ასე არ არის, კაბები ძალიან მსუბუქია. ქალებს ფრენა და კომფორტის შეგრძნება სურთ. მათ უნდათ ბედნიერები იყვნენ!"-განაცხადა დიზაინერმა კულისებში.

ჩვენებაზე მონაწილეობა ქართველმა მოდელმა მიიღო. თაკო ნაცვლიშვილმა პოდიუმზე ორი კაბა წარმოადგინა.



შავი ტონალობებიდან სამოსმა პასტელურ პალიტრაზე უსწრაფესად გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ კაბებს სიშიშვლის შეგრძნება ძალიან ნატიფად სდევთ თან და რთულია გაარჩიო სად მთავრდება ილუზია და იწყება სხეული. კოლექციის ყველა კაბა წითელი ხალიჩისთვის ზედგამოჭრილია.



ზუჰაირ მურადმა იცის როგორ შექმნას ძალიან ლამაზი, მდიდრული და ელეგანტური კაბა. ეს დიზაინერის მიერ შემოთავაზებულ საქორწილო კაბასაც ეტყობა. პატარძლის თეთრი კაბა მაესტროს მუდამ რომანტიკული და ნაზი გამოსდის.