გამორჩეული Casual სტილისტები

Published: 15/02/2018 Views: 1 329
გამორჩეული Casual სტილისტები

ადრე პოპულარულ მოდელებსა და მსახიობებს წითელი ხალიჩის მიღმა რაც მოესურვებოდათ იმის ჩაცმა შეეძლოთ. ახლა, როცა მათ ყოველ ნაბიჯს პაპარაცები აფიქსირებენ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეს გაიაზრეს არამხოლოდ თავად ვარსკვლავებმა, არამედ ბრენდებმაც, რომლებიც უკვე დიდი მონდომებით უშვებენ casual სტილის სამოსს.

Casual-სტილისტები:
ვინ ზრუნავს ვარსკვლავების ყოველდღიურ იმიჯზე


კრისტიან კლასენი/Christian Classen სელენა გომესის სტილისტი თვლის, რომ დღეს ინსტაგრამზე განთავსებული სელფი ყურადღების მიქცევისთვის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტია, ვიდრე წითელ ხალიჩაზე მორგებული Haute Couture-ის სამოსი. მიზეზი მარტივია - casual სტილის ნივთები ყველას სჭირდება და ისინი ხელმისაწვდომია.




მოდური კონსულტანტების პარალელურად, რომლებიც საღამოს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის არჩევენ სამოსს, ცნობილი ადამიანები სტილისტების მთელ ჯგუფს ქირაობენ, რათა მათი ყოველდღიური ჩაცმულობა ფრჩხილის ლაქიდან დაწყებული ვარცხნილობის დეტალებით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე გათვლილი იყოს.



26 წლის მიმი კეტრელი/Mimi Cuttrell კაია გერბერის, ჰადიდების, სარა სამპაიოს და ნადინ ლეოპოლდის ათობით იმიჯის ავტორია. მას ჩანთების ბრენდი Stalvey-ც უნდა უმადლოდეს. როცა ჯიჯი ფოტოგრაფების ობიექტივში იასამნისფერი მინიატურული ჩანთით გამოჩნდა, ბრენდის საიტი მოზღვავებული შეკვეთების გამო გადაიტვირთა, მიუხედავად იმისა რომ ჩანთა გაყიდვაში ჯერ არ იყო ჩაშვებული.





აღსანიშნავია, რომ მიმი ქართველ დიზაინერებთანაც თანამშრომლობს, რის გამოც ჯიჯის ქართული ბრენდის სამოსი უფრო და უფრო ხშირად აცვია. ამ ფოტოზე მას Mach&Mach-ის ქურთუკი აქვს მორგებული.




დიზაინერები აანალიზებენ, რომ თუ ვარსკვლავი ყავის დასალევად გადის, სარეკლამო კამპანიების მსგავსი ეფექტი უნდა მოახდინოს.



casual-სტილისტების მთავარი ამოცანაა არავინ იფიქროს, რომ ვარსკვლავის ჩაცმულობის კომბინაცია პროფესიონალმა მოიფიქრა.



ამაში დარწმუნებულია ემილი რატაკოვსკის სტილისტიც - ემმა მორისონი/Emma Jade Morrison. ინტერვიუებში მუდამ ამბობს, რომ ადამიანებმა მშვენივრად იციან თუ რა ძალისხმევა და თანხა იხარჯება ყოველი წითელი ხალიჩის იმიჯზე. თუმცა, ვარსკვლავების ყოველდღიური ჩაცმულობის მაგალითებიდან თავადაც მიიღებენ შთაგონებას, რადგანაც ეს ნივთები მათთვისაც ხელმისაწვდომია. 20 დოლარიანი ფეხსაცმლით თუ ჩანთით ყველა უფრო ახლოს იგრძნობს თავს თავის კუმირთან.




ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილისტი შერი კოლტერია/Cher Coulter, რომელიც რამდენიმე ცნობილ ლამაზმანთან მუშაობს. უკანასკნელ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე როზი ჰანტინგტონის ყველა იმიჯი სწორედ მისი ხელწერაა.




აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების ერთ-ერთი casual სტილისტი ქართველი გოგონა ქეთევან გვარამაძეა. მას საკმაოდ ბევრი ცნობილი ლამაზმანი "აბარია". მათ შორის, დოუთზენ კრუზი, რომელიც თამუნა ინგოროყვას სამოსში საკმაოდ ხშირად ჩნდება. ქეთი ასევე აცმევს ადვოა აბოას, დილონს და სხვებს.