5 ტრენდული ბრენდი პარიზიდან

Published: 03/03/2018 Views: 668
5 ტრენდული ბრენდი პარიზიდან


როგორც იქნა, მოდის კვირეულის ახალმა სეზონმა საფრანგეთის დედაქალაქიც მოიცვა. ნიუ-იორკის, ლონდონის და მილანის შემდეგ პარიზში თამამად გადავინაცვლეთ. როგორც ყველა მოდის დედაქალაქი, პარიზიც თავისი უნიკალური და გენიალური ხედვით ხასიათდება. დიზაინერებმა ამჯერად 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოგვიდგინეს.

5 ბრენდი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე უნიკალური ტრენდებით წარსდგა





:1:
რას ჩავიცმევთ 2050 წელს - ოლივიე რუსტენის ვერსია

Balmain FW18-19




ბრენდის დიზაინერმა ახალი კოლექციით თითქოს ექსპერიმენტი ჩაატარა, თუ როგორ ჩააცმევს მის კლიენტს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. 32 წლის შემდეგ, რუსტენს მხოლოდ 64 წელი შეუსრულდება, ამიტომაც მის ჩანაფიქრს სავარაუდოდ რეალობაშიც ვიხილავთ. პოდიუმი ფუტურისტული იმიჯის მოდელებმა მოიცვეს ვერცხლისფერი მეტალითა და პლასტმასით. დიზაინერის შემოქმედებას Balmain-სთვის სხვადასხვანაირად შეიძლება მივუდგეთ, მაგრამ ამბიციურ ფრანგს ერთ რამეში ვერ გაამტყუნებ: რუსტენმა წარმატებით შეძლო საკუთარი სტილი ზუსტად გამოეხატა.



Balmain-ის სხეულზე მოტკეცილ მინი ქვედაბოლოებს, ფართომხრებიან ჟაკეტებსა და გრძელ საწვიმრებს მილიონ მსგავს სამოსში გამოარჩევთ - ეს კი დიზაინერებს დიდხნიანი მოღვაწეობის შემდეგაც კი რთულად გამოსდით.

"ვერ ვიტყვი, რომ მხიარულად ვქმნიდი. მოდაში სიტყვა "მხიარულებას" არც ხმარობენ - მაგრამ ამ კოლექციის შექმნით დიდი სიამოვნება მივიღე"-განაცხადა ჩვენების ბოლოს.



:2:
ვირჯილ აბლო როგორც თანამედროვე მოდის გენია

Off-White FW18-19




ამერიკელმა დიზაინერმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ნიუ-იორკის რაიონს უესტ-ვილიჯს მიუძღვნა. ქუჩის სტილის მეფეს, ვირჯილ აბლოს გამოკვეთილი შთაგონების წყაროები აქვს. წინა სეზონზე მისი მუზა პრინცესა დაიანა და მისი რთული ცხოვრება გახდა, ამჯერად კი ნიუ-იორკის პრესტიჟული უბნის ამერიკელი ქალბატონი - მაგალითად კერი ბრედშაუ "Sex in the City"-დან. ფაქტობრივად პოდიუმზე ვიხილეთ როგორ გამოიყურება 90-იანების მოდური გოგონა, რომელიც რეინკარნაციით დღევანდელ სამყაროში ხვდება.



Off-White-ის კოლექცია იმითაცაა გამორჩეული, რომ დიზაინერს გამოსდის სხვადასხვა ეპოქის სტილის საკულტო ელემენტები აქტუალური მოდის კონტექსტში მოაქციოს. მისი სამოსი მომავალი შემოდგომის ჰიტი უდაოდ გახდება. ცხენოსნების გამსოახულებები ახალი კოლექციის მთავარი ლაითმოტივია. აბლო საკუთარ რეალობას ქმნის, რაც ნებისმიერ სფეროში პროგრესის მთავარი განმაპირობებელი მიზეზია.



:3:
ენტონი ვაკარელოს სითამამე და სექსუალურობა

Saint Laurent FW18-19




სენ ლორანის ახალი სეზონის ქალი სექსუალური ნიმფაა, რომელიც პროტესტს საკუთარი იმიჯით გამოხატავს. როცა დიზაინერმა ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტი დაიკავა, განაცხადა, რომ პოდიუმზე მგრძნობიარე ქალს დააბრუნებდა. სექსის თემა ამბიციური ბელგიელი ენტონი ვაკარელოს შემოქმედების მიზანი გახდა.



აღსანიშნავია, რომ დიზაინერს ხშირად აკრიტიკებენ, რაც ხანდახან სკანდალშიც კი გადაიზრდება ხოლმე. მიზეზი კი ხშირად ისაა, რომ დიზაინერი მოდის სახლის დამფუძნებლის ივ სენ ლორანის ხედვას არ ითვალისწინებს. მაგრამ დიზაინერებს სილამაზის მიმართ აშკარად საერთო დამოკიდებულება აქვთ. სენ ლორანი და ვაკარელო კლასიკურ ანდროგენულ ტიპაჟს ანვითარებენ.



ფაქტია, რომ Saint Laurent-ის კოლექციები სოციალურ ქსელის ჰიტი ხდება. ამჯერად დიზაინერმა ტყავის მოკლე შორტებით, დახვეწილი ჭრილებით და ბეწვიანი ფეხსაცმელებით მოგვხიბლა - ჰარმონიას მთლიანად შავი სამოსი ქმნიდა, ფერადი ყვავილების პრინტი მხოლოდ და მხოლოდ შოუს ბოლოს გამოჩნდა.



:4:
მარია გრაცია კიურის 60-იანები

Dior FW18-19




პარიზში სტუდენტების ცნობილი ამბოხების შემდეგ უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა. მარია გრაცია კიურიმ გადაწყვიტა, რომ 1968 წლის პროტესტი მის ახალ კოლექციაში გაეცოცხლებინა. სლოგანი "მე ქალი ვარ" კედლის მთავარ ნაწილს იკავებდა. შოუზე ფიგურირებდა ფემინსიტური წარწერები: "ყოველი მეორე ადამიანი ქალია" ან უბრალოდ "ქალთა უფლებები".



დიორის ახალი კოლექციის 5 მთავარი ტრენდი შემდეგნაირად შეგვიძლია დავახასიათოთ: კუბოკრული, ჰიპები, Patchwork, ფერადი სათვალეები და მეტალის ქსოვილი.



:5:
American West

Isabel Marant FW18-19




იზაბელ მარანტი, ცნობილია როგორც პარიზელი მოდური გოგონას იმიჯის შექმნით, ამჯერად ამერიკულ გავლენას ამჟღავნებს. ახალი კოლექცია კლასიკური დასავლეთის თანამედროვე ინტერპრეტაცია გახდა - უფრო ჯიმ ჯარმუში, ვიდრე კლინტ ისტვუდი. კოვბოის სტილის სამოსი საინტერესო დეტალებითაა გამოკვეთილი. დიზაინერმა რამდენიმე ლაითმოტივი გააერთიანა: ჯინსი, საბნის ფორმის მოსაცმელები და მსხვილად ნაქსოვი დეტალები. მოდელებს თითქოს დალასსა და პარიზს შორის მოექცნენ: გლამურული, მაგრამ თითქოს დაუხვეწავი.