„პროვოცირება ყოველთვის მომწონდა. ეს ჩემი ტალანტია!“ - დონატელა ვერსაჩე

Published: 11/04/2018 Views: 426
„პროვოცირება ყოველთვის მომწონდა. ეს ჩემი ტალანტია!“ - დონატელა ვერსაჩე

თეთრი თმა, შავი ტყავის მოტკეცილი შარვალი, შავ მაისურში გამოკვეთილი მკერდი... თითქოს მისი იმიჯის გამეორება ადვილია, მაგრამ არავინ დაობს, რომ თავად ის განუმეორებელია. Versace-ს უკანასკნელი კოლექციები სექსუალური და ძლიერი ქალების მიმართ მიძღვნილი მანიფესტია. ნაცნობია, რომ დონატელა ვერსაჩეს ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ ორი პერიოდი გააერთიანოს.

Versace-ს დამაარსებელი დიზაინერის - ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ, დონატელა ტალანტისა და მოხერხების მიუხედავად, მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. რამდენიმე წელი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსეულად აგრძელებდა ძმის საქმეს. თავად ამბობს, რომ ამას არა ნიჭის, არამედ შრომისმოყვარეობის ხარჯზე მიაღწია. უსაზღვრო პატივისცემის და გავლენის მიუხედავად, დონატელა არასდროს მოქცეულა ჯანის სახელის ჩრდილქვეშ. ყველას გვსმენია დონატელას მტკიცე ხასიათის შესახებ. წარმოგიდგენთ ლეგენდარული ქერა ქალბატონის გულახდილ ინტერვიუს რუსული Elle-სთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მრავალი თემა მოიცვა:


„პროვოცირება ყოველთვის მომწონდა. ეს ჩემი ტალანტია!“
დონატელა ვერსაჩე





დონატელა: გამიმართლა, რომ შემოქმედებით ოჯახში დავიბადე. დედამ ყველაფერი მასწავლა - კერძოდ კი კერვის იტალიური ტრადიციები. თუმცა ის მხოლოდ პრაქტიკული ცოდნით არ შემოიფარგლებოდა. მისი მეშვეობით გავიგე რა არის დისციპლინა და ის, რომ შრომისთვის თავი ბოლომდე უნდა მიმეძღვნა. მოდა ეს ჩემი ცხოვრებაა. ის ჩემთვის დაიწყო მაშინ, როცა ჯანიმ სამოსი შემიკერა, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მახსოვს, რომ კოლეჯში გაკვეთილებს ვაცდენდი, რათა მასთან მილანში ჩავსულიყავი და მეყურებინა, როგორ ქმნიდა და ავითარებდა თავის ბრენდს.


კიდევ რა გახსოვთ ბავშვობიდან ჯანისთან დაკავშირებით?

პატარა ასაკიდან მოყოლებული მისი მუზა ვიყავი. ჯანი მაცმევდა და ამის ყველას შურდა.
ის შორსმჭვრეტელი იყო, ისევე როგორც გამოჩენილი მხატვრები. ყველაფერი ისე მარტივად გამოსდიოდა! ყოველთვის რაღაცას ხატავდა, თარგებს ჭრიდა - იქნებოდა ეს მორიგი კოლექციისთვის თუ საოპერო კოსტიუმებისთვის. მუდამ უწყვეტ პროცესში მუშაობდა.




„ვერსაჩე“ მოდაში - ქალის სხეულის გაღმერთების სინონიმია.
თქვენ როგორ აღწერთ თქვენს ბრენდს?


„ვერსაჩე“ როკენროლია! ასევე, სითამამე და არაორდინალურობა.



როგორ შეიცვალა „ვერსაჩეს“ ქალი უკანასკნელ წლებში?

დღეს მას არაფრის ეშინია. მართალია ყოველთვის გაბედული იყო, მაგრამ ახლა ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მე მხოლოდ „ვერსაჩეს“ ქალზე არ ვსაუბრობ. ყველა ჩვენგანს ვგულისხმობ - ჩვენი დრო დადგა. შეგვიძლია სერიოზულად მივიჩნიოთ, რომ კაცებთან მიმართებაში თანაბრად მოგვიხსენიებენ. მეტი უფლებები გვაქვს და საკუთარი ფიქრების გადმოცემის თავისუფლებას ვფლობთ. „ვერსაჩეს“ სამოსი გვეხმარება თავი უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ - დანარჩენი კი თქვენზეა. ჩვენი კოლექციები ჯავშანიცაა და იარაღიც.




2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები ძმას მიუძღვენით და ის ძალიან ფემინსიტური და ძლიერი გამოვიდა. ფინალური გამოსვლა ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. რა ხდებოდა ამ დროს ბექსთეიჯში?

ვფიქრობდი, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ახლა იმ ადამიანებით ვარ გარშემორტყმული, რომლებსაც ვუყვარვარ. მე და გოგონები: კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი, ჰელენა კრისტენსენი, კარლა ბრუნი და ნაომი კემპბელი, დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. თითქოს თავი კვლავ 90-იან წლებში ამოვყავით. ბექსთეიჯში კვლავ კონკურენტუნარიანი ატმოსფერო სუფევდა - ყველას ერთნაირ კაბებში სურდა გამოსვლა და რა თქმა უნდა ნაომის საგრიმიოროში იყვნენ შეკრებილნი.


სუპერმოდელები მოდას 90-იანებში მართავდნენ, დღეს რა მატებს დრაივს ამ ინდუსტრიას?

შემიძლია ზუსტად გითხრათ თუ რა შიეცვალა მოდაში ამ წლების მანძილზე - ინტერნეტი და სოციალური ქსელები. ადრე ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდებოდა
: მაღაზიები, სტუდიები, რედაქციები - ყველაფერი ჩაკეტილ სივრცეს წარმოადგენდა. ახლა ყველაფერი ღიაა, თითქმის არ არსებობს საიდუმლოებები. ყოველთვის ხაზზე ვართ - კლიენტები ჩვენთან, ჩვენ გულშემატკივრებთან. ამასაც თავისი ფუტურისტული მაგია ეტყობა.




მსოფლიოს ახალი ტალანტები გააცანით - კარიერის დასაწყისში მხარს უჭერდით კრისტოფერ კეინს, ჯონათან ანდერსონს..

წარსული უფრო და უფრო ნაკლებად მაინტერესებს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები შევნიშნო და დავეხმარო. განსაკუთრებული სიამოვნებაა იმის ყურება თუ როგორ აღწევენ წარმატებას შენი ყოფილი მოსწავლეები. დღეს ენტონი ვაკარელოთი ვამაყობ.

მაინც უნდა შევეხოთ წარსულს. როგორი იყო Versace-ს შენარჩუნება ძმის სიკვდილის შემდეგ?

არ მიყვარს სიტყვა "რთული". მირჩევნია გითხრათ, რომ ეს მარტივი არ ყოფილა. ჯანის სიკვდილით თავზარი დამეცა, მაგრამ იძულებული ვიყავი მემოქმედა, აზრზე მოსვლის დრო არ მქონდა. მთელი მსოფლიო მიყურებდა, მე კი მასზე ვფიქრობდი. მემკვიდრეობა წარსული არაა, ეს ისაა რაც მომავალში მიგაქვს. მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.




თავს ფემინისტად თვლით?

ფემინისტი მოძველებული სიტყვაა, თითქოს 1970-იანებიდან მოდის. მე ვამჯობინებ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობამ იარსებოს.
უკვე დიდი საქმე გავაკეთეთ. ქალებს დღეს გაცილებით მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ადრე, მაგრამ თანასწორობას მაინც ვერ ვხედავ. მსოფლიოში არაა სათანადო რაოდენობის ქალი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ კრეატიული დირექტორი. ხელფასებზე აღარც ვსაუბრობ - ქალების შემთხვევაში ისინი ყოველთვის დაბალია, ვიდრე იგივე პოზიციაზე მყოფი მამაკაცებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პოზიცია "ვერსაჩეში" მაძლევს უფლებას მსგავს თემებზე ვისაუბრო და საზოგადოებაში სიტუაცია შევცვალო.




ათასობით ქალს აცმევთ - თავად როგორ იპოვნეთ თქვენი საფირმო სტილი?

ყოველთვის მომწონდა პროვოცირება, ეს ბუნებრივად გამომდის, ისევე როგორც სუნთქვა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ტალანტია. არ მიყვარს, როცა პიროვნება ტანისამოსში იმალება, როცა თავი სხვა ვინმედ მოაქვს - სურთ ინტელიგენტივით გამოიყურებოდნენ, მაგრამ წიგნებს არ კითხულობენ. სურთ მაგარი ტიპების შეხედულება ჰქონდეთ, რეალობაში კი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ. მოსაწყენია! ოდესღაც ჯანი დამეხმარა საკუთარი იმიჯი მეპოვნა - 11 წლის ასაკში თმა გავიღიავე, მოტკეცილი შარვლის და მაღალქუსლანი ფეხსაცმლის ტარება დავიწყე - ხალხი მაკრიტიკებდა, მაგრამ მე მეყო სითამამე საკუთარი თავი მეჩვენებინა.



საკუთარ თავს როგორ აღწერთ? რას საქმიანობთ როცა არ მუშაობთ?

ჩემი გვარი ვერსაჩეა, ჩემში ვერსაჩეს სისხლი ჩქეფს, მისი დნმ მაქვს. არანაირი ალტერნატივა ან სხვა გეგმები: ჩემი ცხოვრება მუშაობაა, ჩემი მუშაობა - ეს სიცოცხლეა. საკმარისია დილით თვალი გავახილო, უკვე სამსახურში ვარ. რა თქმა უნდა ცოტაოდენი თავისუფალი დრო მაქვს, როცა პილატესით ვკავდები. ეს საშუალებას მაძლევს მოვდუნდე და კონცენტრაცია მოვახდინო. ან უბრალოდ სახლში ოჯახთან და ჩემს საყვარელ ოდრისთან(ძაღლთან) ერთად ვრჩები.





ქერა ეს მხოლოდ თმის ფერია თუ რამე უფრო მეტი: ცხოვრების სტილი, ფიქრები?
რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილია! ყველა ქერა გაბედული და თამამია.

თავად როგორ გახდით ქერა?
ეს ჯანის იდეა იყო, 11 წლის ვიყავი, მან გადაწყვიტა, რომ ქერა უფრო მომიხდებოდა. უფროსი ძმა ყოველთვის შეუცვლელი ავტორიტეტი იყო ჩემთვის და დავუჯერე. მას შემდეგ, თმის ფერი არასდროს შემიცვლია.

რომელ ფოტოებს მიუთითებდით #Blonde-ს?
საკუთარს და იმ ქერა ქალბატონებისას, რომლებითაც აღტაცებული ვარ.



რა როლს თამაშობს თქვენ ცხოვრებაში მუსიკა?
Versace პოპ-კულტურის ნაწილია, მუსიკა კი აუცილებელია იმისთვის, რომ სწორი ენერგით ვისაზრდოოთ, შთაგონება ვეძებოთ და ვიცოდეთ რა ხდება ქუჩებში. საუნდტრეკს ყოველთვის თავად ვარჩევ ჩვენებებისთვის და წვეულებებზე ცოცხალ შესრულებებს ვაწყობ.


ვინ არის თქვენთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი ქერა ქალბატონი?
რა თქმა უნდა, თავად მე.
დონატელა ვერსაჩე!