თბილისის მოდის კვირეული: კოლექციების მიმოხილვა

Published: 23/04/2018 Views: 392
თბილისის მოდის კვირეული: კოლექციების მიმოხილვა
Photo credit by George Newmanson

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონმა წარმატებით ჩაიარა. 19-დან 22 აპრილის ჩათვლით, დიზაინერებმა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ძირითადად ბალნეოლოგიური კურორტი მასპინძლობდა. თბილისის მოდის კვირეულს ბევრი მოწვეული ბლოგერი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაესწრო.

ქართული მოდის კვირეული მომავალი სეზონის ტენდეციებს იმეორებდა: წარმოდგენილი იყო დიდი ზომის სამოსი, ყვავილოვანი პრინტი, ბეწვი და თეთრი კლასიკური პერანგი. ქალთა კოლექციებთან ერთად, მამაკაცის ერთი ხაზიც ვიხილეთ.

ლაშა ჯოხაძე

ლაშა ჯოხაძის კოლექციაში დიდი ზომის სამოსი წელში გამოყვანილ სილუეტებთან სრულად იყო დაბალანსებული. აღსანიშნავი იყო ბეწვის ჩასაცმელი, რომელიც მოდელის თავს ფარავდა და მას მუხლებამდე წვდებოდა. ქსოვილებზე პრინტის სახით დიზაინერმა სახის სილუეტები და ყვავილოვანი დეტალები გამოიყენა.



MIA

ბრენდმა ფერთა პალიტრის საოცრად ნაზი და ესთეტიკური გადასვლა გვაჩვენა: პოდიუმი ხორცისფერმა, თეთრმა და ნაცრისფერმა სამოსმა მოიცვა, საბოლოოდ კი ალისფერი კაბით დაგვირგვინდა. გრძელი სილუეტები მიმდინარე სეზონის ტრენდების მიხედვით ძირითადად oversize იყო.



ანი დათუკიშვილი

ანი დათუკიშვილის კოლექცია კი მთლიანად შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. სამოსის გასაფორმებლად დიზაინერმა რუშები და ბეწვი გამოიყენა. რუშების მეშვეობითაა გაფორმებული როგორც მაისურები და კაბები, ასევე შარვლები და ქვედაბოლოებიც.



MIRO

ბრენდის ახალი საშემოდგომო კოლექცია ძირითადად ოფისისთვის დამახასიათებელი სამოსით იყო დაკომპლექტებული. მაღალწელიანი შარვლები, ჟაკეტები, თეთრი პერანგები და მთავარი დამახასიათებელი ატრიბუტი: საყელოები. დიზაინერი ბეწვის შემოსაცლემების და გრძელი კაბების ტარებას გვთავაზობს.



1377

ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377 წარსდგა. მოდელები პოდიუმზე ფეხშიშველები, ხელში თეთრი ვარდებით გამოჩნდნენ. ამ კოლექციაშიც ძირითადად შავ-თეთრ ფერებზე იყო აქცენტი გაკეთებული და ბრენდის ლოგო მაისურებსა და კაშნეებზე ფიგურირებდა, რაც მიმდინარე ლოგომანიის ტრენდს უსვამდა ხაზს. მომავალ სეზონზე მამაკაცებმა ტავისუფალი სტილის შავ შარვლებთან ერთად, გრძელი პალტოები უნდა მოირგონ.



TSITE

თამარა წითელაძის ახალი კოლექცია საოცრად ინდივიდუალური შტრიხებით გამოირჩეოდა. მრავალშრიანი სამოსი შავ, თეთრ, ყვითელ და ლურჯ ფერებში იყო წარმოდგენილი. გრძელი კაბებით დაკომპლექტებული საშემოდგომო კოლექცია ბრენდმა მრავალფეროვანი ვარიაციებით წარმოაჩინა.





ELENNY

ბრენდის კოლექცია საკმაოდ სტატიკური ხასიათის იყო და ხაზების საოცარი კომპოზიცია შეიმჩნეოდა. დიზაინერმა ერთიანობა მსგავსი დეტალებით წარმოაჩინა - სამოსი ორგანულად ეხამებოდა ერთმანეთს და მომავალი სეზონის გარდერობის მთლიან კომპლექტს ქმნიდა.





ქეთი ჩხიკვაძე

თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის გრანდიოზულმა ჩვენებამ დახურა. დიზაინერმა მაყურებლის წინაშე გრძელი კაბები და პალტოები წარმოადგინა. განსაკუთრებულ ლოკაციაზე მოდელების სამოსი საოცრად ორგანულად გამოიყურებოდა. დიზაინერმა ზამთრის ეფექტის შესამქნელად პოდიუმზე "თოვლი" მიმოაბნია. დეტალებისთვის კოლექციას თამამი და კაშკაშა ფერები სდევდა თან.