ნეჯინ მირსალეჰი: ბლოგერი ამსტერდამიდან, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

Published: 01/05/2018 Views: 1 112
ნეჯინ მირსალეჰი: ბლოგერი ამსტერდამიდან, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

ჰოლანდიელი მოდის ბლოგერი ნეჯინ მირსალეჰი დღეისათვის ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდის და სილამაზის ექსპერტია. 29 წლის გოგონას გამომწერთა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება. მასშტაბური ბრენდები მასთან თანამშრომლობის დამყარებას ცდილობენ. გოგონამ სპარსული ფესვებით ინსტაგრამის მომხმარებლები ქალური სტილით, საოცარი თმით და განუმეორებელი სტრატეგიებით მოხიბლა. ახლა ნეჯინი საკუთარ ბრენდზე მუშაობს, როელიც თმის მოვლას ეხება და მოდის ინდუსტრიის დაპყრობას აგრძელებს.



ცოტა ხნის წინ, ბლოგერმა სხვადასხვა საკითხზე რუსულ Elle-სთან ისაუბრა:

ბლოგისა და ინსტაგრამის შესახებ
@negin_mirsalehi

ბლოგის შექმნის იდეა სადიპლომო ნამუშევრის დაწერის დროს მომივიდა. სოციალურ ქსელებზე კვლევას ვაწარმოებდი, ჩემმა მეგობარმა კი მირჩია ინსტაგრამით დამეწყო. მაშინ გვერდი შევქმენი და ყველაზე მოდური ჩაცმულობების სურათების განთავსება დავიწყე, რასაც სილამაზის რჩევებსაც ვაყოლებდი. აქ საკუთარი თავის პოზიციონირება შემიძლია, როგორც პიროვნების, ხასიათის ჩვენება. ინსტაგრამის მომხმარებლებს უნიკალური კონტენტი უყვართ.



დღეს ჩემს პირად გვერდზე 6 ადამიანი მუშაობს. ჩემი ბრენდის Gisou-ს გუნდს კი 20 ადამიანი შეადგენს.

ახლა 4.7 მილიონი გამომწერი მყავს და ისეთ ბრენდებთან ვმუშაობ, როგორებიც არიან: Louis Vuitton, Dolce & Gabbana, Dior, Gucci, Chloe, Cartier და Valentino… ხანდახან ვერც ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ხალხი ქუჩაში მიახლოვდება და მეუბნება, რომ მე მათ შთავაგონებ, ეს კი ყველაზე მეტად მაძლევს ძალას.




ინსტაგრამის ბლოგერებს შორის ყველაზე მეტად ჯული სარინანა(@sincerelyjules) და რონი სტრეიჯი მიყვარს. ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან და ვფიქრობ, რომ ყველაზე გულწრფელი გვერდები აქვთ.

ვგიჟდები სერიალზე "სექსი დიდ ქალაქში". მილიონჯერ მაქვს ნაყურები და ვფიქრობ, არასდროს მომბეზრდება!



მოდის შესახებ

ჩემთვის საკულტო სტილის მფლობელ პერსონად ჯეინ ბირკინი რჩება. მისი ბუნებრივი და თავისუფალი სტილი და ბუნების სიყვარული ჩემთან ძალიან ახლოსაა. უკანასკნელ პერიოდში უფრო და უფრო ხშირად ვიყენებ მის ცნობილ აქსესუარებს მოდურ იმიჯში.

ძალიან მიყვარს "დოლჩე&გაბანა" და ბრენდის მოდურ ჩვენებაში მონაწილეობა ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო.



მოდის ინდუსტრიაში ყველაზე დიდ ავტორიტეტად "დიორის" არტ-დირექტორს მარია გრაცია კიურის მივიჩნევ. ის ბევრ ქალბატონს შთააგონებს და მეც მათ შორის. მის კოლექციებში ფემინიზმის შესახებ საინტერესო იდეებია აღბეჭდილი. რაც შეეხება სამოსს, ჩემი საყვარელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონია. მისი სილუეტები ძალიან მომწონს.

ახლა 90-იანების სტილით ვარ გატაცებული. ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა მოიცავს ჯინსებს, ერთი ფერის ტოპს, კაშკაშა ჩანთას... ვგიჟდები თავის მორთულობაზე.




კვებაზე და სპორტზე

კარგ ფორმაში დარჩენა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც ძირითადად ბოსტნეულის სალათის დიდი პორციებით ვიკვებები. დილით კენკრას ვჭამ, შემდეგ კი მწვანე სმუზის ვსვამ. თუ რაიმე "მავნებელი" მინდა, კარტოფილ ფრის მივირთმევ, მაგრამ ხილის წვენს ვაყოლებ. ვცდილობ ყველაფერი ვაბალანსო!

რაც შეეხება სპორტს, ვვარჯიშობ მაშინ, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ის მუშაობისგან განტვირთვაში მეხმარება. უკანასკნელი 1.5 წლის მანძილზე კიგბოქსინგით ვიყავი დაკავებული, ეს ვარჯიშის საუკეთესო სახეობაა.




საკუთარ ბრენდზე, სიყვარულსა და ინსპირაციაზე

როცა ბლოგის წარმოება და ფოტოების განთავსება დავიწყე, მომხმარებლები თმის მოვლის საშუალებებზე მეკითხებოდნენ. მამაჩემს საფუტკრე აქვს და ყოველთვის ნატურალური თაფლით ვუვლიდი თმას. Gisou-ს შექმნის იდეა თავისთავად დაიბადა. ამ მიმართულებით საკუთარი ხაზის გამოშვება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.



საყვარელი ფერი - ვარდისფერია.

ბრენდზე მუშაობისას დედა, და და რა თქმა უნდა შეყვარებული, მაურიცი შთამაგონებდნენ, მინდა ვაღიარო, რომ მაურიცის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ის ჩემი სიყვარულია, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი... ვფიქრობ, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ერთმანეთის მხარდაჭერაა. უნდა იყოთ არამხოლოდ კარგი საყვარლები, არამედ ერთმანეთის გაცინება ცრემლებამდე შეგეძლოთ. მისი წყალობით საკუთარ თავში საუკეთესო თვისებებს ვივითარებ.



ვგიჟდები იმ დღეებზე, როცა მე მაურიცი და მოუსი(ჩემი ძაღლი) მოგზაურობის შემდეგ ამსტერდამში ვბრუნდებით. ვრთავთ სერიალს და სახლში ყოფნით ვტკბებით. ასეთ მომენტებში ახალი მწვერვალების დასაპყრობად საოცარი ენერგიით ვივსები.




ამ წლის გეგმებში Louis Vuitton-თან კოლაბორაციის გაგრძელება და საკუთარი პოტენციალის გაღრმავებაა. წინ ბევრი რამაა მოსალოდნელი!