Mercedes Benz FW: პირველი დღე

Published: 07/05/2018 Views: 409

MB FW Tbilisi, Mach&Mach backstage by @vincent_lappartient


Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულმა წარმატებით აიღო სტარტი. 3-დან 7 მაისის ჩათვლით ქართველმა დიზაინერებმა მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოგვიდგენეს.

MB-სთვის თბილისის ცირკში მოწყობილი შოურუმი ქართველი და უცხოელი დიზაინერების კუთხეს და ინსტალაციებს მასპინძლობდა. ჩვენებების ნაწილი კი დახურულ ფორმატში, მხოლოდ უცხოური პრესის და ბაიერებისთვის გაიმართა. მოდის კვირეულს მრავალი უცხოელი სტუმარი დაესწრო საქმიანი ვიზიტით, 5 დღიანი პროგრამა დატვირთული გრაფიკით გამოირჩოდა.

პირველი დღის ჩვენებებიდან გამოვყოფდით AVTANDIL, LIYA, MACH&MACH და რაღა თქმა უნდა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას.
წარმოგიდგენთ თითოეული დღის და განსაკუთრებული ჩვენებების მიმოხილვას.

ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE




ნინა ზარქუას საგამოფენო ინსტალაცია


MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
პირველი დღის 4 დაუვიწყარი შოუ და გოშა რუბჩინსკის TALK


კვირეულის პირველ დღეს, "ბასიანმა" გოშა რუბჩინსკის უმასპინძლა, რუსმა დიზაინერმა შეხვედრაზე კულტურისა და პოლიტიკის დაპირისპირების, საკუთარი გეგმებისა და ახალგაზრდების შესახებ ისაუბრა. ბრენდის დახურვის შემდეგ, გოშა მოდაში აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს და სამომავლოდ საინტერესო პროექტებით გაგვაოცებს. მისი აზრით, მთავარია სამოსმა გარკვეული სათქმელი გადმოსცეს და დიზაინერებმაც უნდა იცოდნენ რისთვის ქმნიან კოლექციებს.

აღსანიშნავია, რომ comme de garcon-თან გოშას მეგობრული დამოკიდებულება აქვს და საერთაშორისო დიზაინერებთან თანამშრომლობას აწარმოებს, მისი მეგობარია დემნა გვასალიაც, რომლის იდეეებსაც იზიარებს. "ისევე როგორც ჩვენი მშობლები საყვარელი ჯგუფის ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლისას ფირის საყიდლად საათობით იდგნენ რიგში, დღეს ადამიანები მსგავსად სამოსის რიგში დგანან" - განაცხადა გოშამ და აღიარა, რომ საკუთარი ბრენდის ფასის პოლიტიკაც სწორედ ამგვარ მოთხოვნაზე დგას - ახალგაზრდებს მის შესაძენად მოთმინება და ფულის შეგროვება უნდა შეეძლოთ.


Mercedes Benz FW: პირველი დღე


Avtandil Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week


MB მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული Talk და ტატუნა ნიკოლაიშვილის პრეზენტაციის შემდგომ, MBFW-ის მთავარ ლოკაციაზე პირველი ჩვენება ავთანდილმა მოაწყო, პიონერმა ქართველმა დიზაინერმა პოდიუმზე ქართველი ტოპ-მოდელები გამოიყვანა, რომელთაც სათავეში უკვე საერთაშორისო დონის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მოუძღვებოდა. ჩვენების მიწურულს მოდელების რიგს თაკო, მარიტა ჯანაშია და თამთა შედანია მოუძღვებოდნენ.





დიზაინერმა ახალ კოლექციაში მისთვის დამახასიათებელი ფერადი ზოლები და ორიგინალური ჩანთები გამოიყენა. მდიდარი ფერთა პალიტრა ჰარმონიულად ეხამებოდა ერთმანეთს და პრინტებთან ერთად ერთმანეთში ეფექტურად გადადიოდა.




Liya Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week


მოსაწვევზე დატანილი კასეტა თითქოს სკამზე მოთავსებისთანავე იწყებს ტრიალს, ირთვება Depeche Mode-ს Just Can't Get Enough და თავდავიწყებაც იწყება. მოდელები წრიულ მოძრაობას იწყებენ და ამ საოცარ ქაოსში საოცარ კოლექციას ვარჩევთ.

ლია გოგლიძის ახალი შემოდგომა-ზამთრის სამოსი ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ხასიათს იმეორებს: მუქი ფერები და სითბო. მწვანის, იასამნისფრის და შინდისფრის საინტერესო ტონალობები შავი ფერის სამოსით დაგვირგვინდა. კოლექციის მთავარ იმიჯად შესაძლოა მკაცრი სტილის პალტოები, ფართო ფარფლებიანი პერანგები და კოსტუმები მივიჩნიოთ ნაქსოვი ხელებით.





Mach&Mach Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week


ბრენდის ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გასული წლების Party სტილის ხასიათს ატარებდა. Mach&Mach-ის ცნობილი თვალისმომჭრელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები საუცხოოდ შეეხამა ახალი სეზონის ტანისამოსს, ისეთივე ბრჭყვიალასა და ეფექტურს.




Mach&Mach-ის შოუზე მიმდინარე წლის გლობალური ტენდეციები გამოიკვეთა: ბადის ფორმის ჩანთა მბზინავი ელფერით, ეს მასალა დეტალების სახით სამოსზეც აღიბეჭდებოდა. ასევე კოლექციას კრავდა დიდი მარგალიტის ბურთი, რომელიც სამკაულის სახით, ფეხსაცმელზე თუ სამოსში ცენტრალურ დეტალს წარმოადგენდა. აღსანიშნავია "მხოლოდ კოსტუმი" - უკანასკნელი პერიოდისთვის ვარსკვლავების და მოდის ბლოგერების საყვარელი ტრენდი, რომელიც ოდნავ გრძელი, კაბის ფორმის სახით ვიხილეთ და ის საუკეთესოდ წარმოგვიდგენს ქალის სხეულს.




გვანცა და ნინა მაჭარაშვილებს ინდივიდუალური სტილი აქვთ და ყოველ ჩვენებაზე მის საოცარ განვითარებას წარმოაჩენენ. წინა კოლექციის მსგავსად აქაც ვხედავთ მბზინვარე სამოსს, რომელიც ყურადღებას იქცევს და აღტაცებაში მოვყავართ. შესაბამისად, კოლექცია პრიალა ვარდისფრის, თეთრის, ვერცხლისფრისა და ოქროსფრის გარშემო ტრიალებდა.

აუცილებლად უნდა გამოიყოს ნაზი და ჰაეროვანი პერანგის სტილის კაბები, რომლებიც საოცარი სიმსუბუქით ხასიათდება.
რა თქმა უნდა, კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი წულის ფუშფუშა კაბებიც გახდა, რომელიც ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნივთია.





როგორც ვახსენეთ, რომ ჩვენება წვეულების ხასიათს ატარებდა, ამას Mach&Mach-ის ფინალი ყველაზე მეტად მოწმობს. უიტნი ჰიუსტონის I wanna dance with somebody და ერთად მომავალი გოგონები შიშველი ზურგითა და ღამის წვეულებისთვის დამახასიათებელი, მარტივი თუმცა სექსუალური კაბებით პოდიუმს იპყრობენ. თვალწინ 80-90იანების უიტნი გვიდგება, გაფუებული თმით, კაბით და უშრეტი ენერგიით, ვხედავთ გოგონებს, რომლებიც მსგავსი ხასიათის რეალიზებას თანამედროვე ეპოქაში ახდენენ. ამის მერე რთულია არ მოგინდეს თავადაც მსგავსი კაბის მორგება და ღამის მხიარულად გატარება.




დათუნა სულიკაშვილი Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week


ლოკაცია უცვლელი, თუმცა სხვა ყველაფერი სეზონის ცვლასთან ერთად რადიკალურად ამოტრიალდა. King David-ში შეკრებილ საზოგადოებას ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრი მიეგება. კლასიკური მუსიკის ფონზე დიზაინერის საყვარელმა ფერმა, შავმა დაიწყო მეფური გაელვება. თუმცა, ყველაზე მეტად კოლექციიდან ყველას ალბათ ფუქსია ვარდისფერი დაამახსოვრდება. სიცოცხლით სავსე ეს შთამბეჭდავი ფერი დათუნამ მრავალფეროვნად წარმოგვიდგინა - საინტერესო "აფუებული" სტილის კაბით და პალტოებით.





აღსანიშნავია, რომ წინა სეზონზე მოდელებს მაღალყელიანი ფეხსაცმელები ეცვათ, ამჯერად კი დათუნამ ფსონი "ჩაჩაჩულ" ჩექმებზე გააკეთა. დახვეწილი შავის წარმოდგენასთან ერთად, კოლექცია კუბოკრული პრინტით გვხიბლავს.




ჩვენება ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ შავი კლასიკური კაბით დახურა, icon style--მა ერთმნიშვნელოვნად დააგვირგვინდა დღე.