Mercedes Benz FW: მეოთხე დღე

Published: 11/05/2018 Views: 243

George Shaghashvili backstage by Vincent Lappartient


თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულის მეოთხე დღე ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა, დღის განმავლობაში ათამდე ჩვენებას სხვადასხვა ლოკაციამ უმასპინძლა. ამასთან, სტილისტიკაც საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოვიდა, Irma De Flore-მა ცეკვის თემატიკას მიმართა, Aka Nanita-მ ორიგინალური მონახაზი დადგა, გიორგი ქებურიამ სტუმრები "თბილისი გარდენსის" მშვენიერ ეზოში მიიპატიჟა, Dalood-მა სცენის გასაფორმებლად ფერადი საღებავებით მოხატული უზარმაზარი ზეწარი გამოიყენა, ხოლო გიორგი შაღაშვილმა დღე შთამბეჭდავად დააგვირგვინა.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეოთხე დღის კოლექციები


ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE




George Keburia Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ქართველმა დიზაინერმა ვიწრო სათვალებიით საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში თავი უკვე წარმატებულად დაიმკვიდრა. ცნობილი მოდელების და მსახიობების მიერ გიორგი ქებურიას სათვალეების მორგების შემდეგ, 2018 წლის ეს ყველაზე აქტუალური ტრენდი უკვე სწორედ ახალგაზრდა ქართველ დიზაინერთან ასოცირდება. მის ახალ საშემოდგომო კოლექციას ყველა მოუთმენლად ელოდა. გიორგიმ სამოსში ფერების დრამატული შეხამება და გეომეტრიული ფორმები შემოგვთავზა.



გეომეტრიული ფორმები არამხოლოდ პრინტის სახითაა წარმოდგენილი, არამედ სამოსის ორიგინალურ ჭრილებს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ელეგანტური და საოცრად დახვეწილი სამოსი კონსტრუქციული თვალსაზრისით იდეალურადაა აგებული.



ამასთან, კოლექცია საკმაოდ ნათელ ფერებშია წარმოდგენილი.



Aka Nanita Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

აკა ნანიტაშვილის ახალი კოლექცია გეომეტრიული პრინტებით მოგჭრით თვალს. კუბოკრული და ზოლებიანი სამოსი საკმაოდ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და საშემოდგომო იმიჯის ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს. მოდელებს პოდიუმზე ვარცხნილობა ჯერ კიდევ "პროცესში" აქვთ და თითქოს ტანისამოსსაც თმის გაშრომის პროცესში არჩევენ.



დიზაინერი ცივ სეზონზე მრავალფეროვანი სტილის მოსაცმელებს გვთავაზობს და მათ აუცილებლად ჯიბეებით წარმოგვიდგენს.



ჩვენებაში მონაწილეობა ნანკა კალატოზიშვილმა მიიღო.



Dalood Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

Dalood-ის ფერადად მოხატული პოდიუმი გავლენას ტანისამოსზეც ახდენდა. მაკა კვიციანის კოლექცია ფერთა პალიტრის ყველაზე ფართო ასორტიმენტს წარმოგვიდგენს: კაშკაშა ფერები, ჯინსი, შავი ტონალობა, ნაცრისფერისა და ხორცისფერის დუეტი - ყველაფერი თითქოს ეფექტურ აღზევებას წარმოადგენს. თვალებს ვხუჭავთ, მომავალ სეზონზე გვეღვიძება და dalood-ის შთამბეჭდავი სამოსით თითქოს ქუჩის ყველა ფერს ვიკრიბავთ.



ვარდისფრისა და წითლის შეხამება ქართველი დიზაინერის კოლექციაშიც მიმზიდველად აისახება.



კიდევ ერთი პოპულარული ტრენდი მთლიანად ჯინსის სამოსის ტარებაა, რომელსაც მაკას კოლექციაში ყვავილების პრინტი აფორმებს.



რაც შეეხება მუქ ტონალობებს, აქ საქმიანი ქალბატონის იმიჯს ვხვდებით, რომელსაც სითამამის არ ეშინია.



სამოსის გასაფორმებლად Dalood-ის კოლექციაში საინტერესო დეტალები იკვეთება. თითქოს ზაფხულის ყველა ყვავილი ჩვენ სამოსზე წელიწადის ცივ დროსაც განაგრძობს არსებობას, რაც განწყობას პოზიტივისკენ მნიშვნელოვნად მიმართავს.



კლასიკური წითელი და შავი კი ელეგანტურობას არ კარგავს და ორიგინალურ ფორმებში უფრო დახვეწილადაც გვევლინება.



Irma De Flore Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ირმა შარიქაძის კოლექცია ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩევა და ხშირად პერფორმანსითად ფორმდება. ამჯერად, პოდიუმი ხალიჩებით მოირთო, მოდელები კი თითქოს სწორედ მათგან განსხეულებულ ქალღმერთებს წარმოადგენდნენ. უამრავი ხალიჩის გამოფენის ჩავლისას როდესმე მოგჩვენებიათ, თითქოს მათ შორის მიმალული ქალი ცეკვავს? Irma de Flore-ის ჩვენებაზე ეს ფიქრები გონებას აუცილებლად შეგიპყრობდათ.



აღმოსავლურ სტილში წარმოდგენილი კოლექცია რაღა თქმა უნდა, მრავალფეროვანი პრინტებით და ყვავილების მოსართავებით გამოირჩეოდა, რომელსაც თავად დიზაინერი არასდროს ღალატობს.



George Shaghashvili Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

გიორგი შაღაშვილის ახალი კოლექციის ქალი შენიღბული ქალბატონია, რომელიც აუცილებლად ქუდით დადის. შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის დიზაინერმა თავის საყვარელ თემატიკას - შავს არ უღალატა და ამ ტონალობით საინტერესო კოლექცია შემოგვთავაზა. თუმცა, ჩვენების დასაწყისი საქმიანი დღის ჩაცმულობამ - კერძოდ კი შავ შარვალსა და ქვედაბოლოსთან თეთრი პერანგის შეხამებამ მოიცვა, დასასრულს კი რამდენიმე წვეთი სისხლისფერი ტონალობაც ვიხილეთ, რამაც კოლექციას მეტი სიმძაფრე შესძინა.



ბრენდმა ახალი სეზონისთვის მსოფლიო მოდის ტრენდების მიხედვით საკუთარი დიზაინის ქურთუკები დაამკვიდრა, რომელიც მოდის მიმდევარი ქალბატონებისთვის ერთ-ერთი must have გახდება.



მიუხედავად იმისა, რომ კოლექციას წითელი ხაზი ასრულებს, შოუს წერტილს მაინც შავ პომპეზურ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი უსვამს.