Sex and the City 20 წლისაა - რა გავლენა იქონია სერიალმა პოპ-კულტურასა და მოდაზე

Published: 07/06/2018 Views: 493
Sex and the City 20 წლისაა - რა გავლენა იქონია სერიალმა პოპ-კულტურასა და მოდაზე


1998 წელს ამერიკულ ტელეარხზე HBO საკულტო სერიალის Sex and the City-ს პირველი სერია გავიდა, რომელმაც სოციალური სტერეოტიპები სამუდამოდ შეცვალა და ნამდვილი მოდის ბიბლია გახდა. უკვე 20 წელია რაც "სექსი დიდ ქალაქში" ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სატელევიზიო სერიალად ითვლება. მსოფლიო აღიარების და გულშემატკივართა არმიის მოპოვების გარდა, პროექტმა შთამბეჭდავი რეკორდული ჯილდოები დაიმსახურა: 7 "ემი"; 8 "ოქროს გლობუსი" და 11 გილდიის პრიზი. მაინც რაშია ამ ლეგენდარული ისტორიის ფენომენი, რომელმაც ნიუ-იორკი და კაცების სამყარო დაიპყრო.



მოდაზე გავლენა

94 სერიის განმავლობაში სერიალის გმირები დიზაინერების სამოსში ჩნდებოდნენ, ამასთან თითოეული მეგობარი ქალბატონი ინდივიდუალური სტილის მიმდევარი იყო, რამაც სხვადასხვა გემოვნების და სტილის ადამიანების ყურადღება მიიპყრო. მოდის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პროექტის შემქმნელებს გამოუვიდათ ის, რაც ცნობილ ჟურნალებს და მოდის კვირეულებს არ გამოსვლიათ: Sex and the City-მა შეძლო რიგითი ქალი დაერწმუნებინა, რომ ყოველდღიურ მოსაწყენ სამოსს უნდა დამშვიდობებოდა.



კერი ბრედშაუს მეშვეობით მოდის სამყაროში ბალერინების სტილის ქვედაბოლოები გაჩნდა. მთავარი გმირი ბოლო სერიაშიც ტიულის კაბით ჩნდება.



ნათელი ფერის ფეხსაცმელები მოდური სწორედ კერიმ გახადა. ასევე, საკუთარი სახელის გამომხატველი გულსაბნევები და ბეწვიანი პალტო, რომელსაც ის ღამის პერანგებზეც ირგებდა.



არისტოკრატიული შარლოტა იორკიც სტილის icon გახდა. მან ეკრანზე პოპულარობა 50-იანების კლასიკურ იმიჯს შესძინა. ვარდისფერი ფერის ყველა ტონალობაში გრაციოზულად მოგვევლინა. მისი სტილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მოდური პრინტით მორთული ქვედაბოლოები გახდა. ყველა სეზონში ქალბატონი პოპულარული ზოლების, კოპლების, ყვავილოვანი აპლიკაციების თამამ დემონსტრაციას ახდენდა.



თამამი სამანტა ჯონსი საკუთარ იმიჯში სექსუალური ელეგანტურობის მთავარ ატრიბუტებს წარმოაჩენდა: ორმაგი კოსტიუმები და შიშველ სხეულზე მორგებული კოსტიუმები კიმ კეტრელის სავიზიტო ბარათი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამანტამ გულშემატკივრებს შთააგონა Color-blocking-ის არ შეშინებოდათ და ერთ იმიჯში რამდენიმე კონტრასტული ფერი შეეხამებინათ.



პრაგმატული მირანდა ჰობსი კი სერიალის განმავლობაში საქმიანი სტილის ყველაზე საინტერესო ვარიანტებს წარმოაჩენდა. მსგავსი სტილი აქტუალობას არასდროს კარგავს: მისი კოსტიუმები მამაკაცური იყო, ჩანთები გეომეტრიული ფორმის, მოკლე ვარცხნილობა კი ოფისში მომუშავე ქალბატონებს დღემდე შთააგონებთ.



გავლენა პოპ-კულტურაზე

სოციოლოგები ფიქრობენ, რომ Sex and the City-მ ფურორი მოახდინა იმიტომ, რომ მთავარი გმირები არა ახალგაზრდა, 18 წლის გოგონები, არამედ დამოუკიდებელი და პროგრესული, უკვე შემდგარი ქალბატონები იყვნენ. სცენარისტმა დარენ სტარმა, რომელიც იმ დროისთვის თინეიჯერების ცნობილ პროექტზეც მუშაობდა, დაგვარწმუნა რომ საშუალო ასაკის ქალბატონების ცხოვრება ძალიან აზრიანი და საინტერესოა.



კერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა ტელევიზორის ეკრანიდან გენდერულ თანასწორობაზე ალაპრაკდნენ. გამოფენები და რესტორნები, პაემნები და სექსუალური თავისუფლება, შოპინგი და წვეულებები - ყველაფერმა ამან ქალთა და მამაკაცთა სოციალური როლები შეცვალა. პროექტს არამხოლოდ მოდის და სასმლის ბრენდების რეკლამისთვის, არამედ ქალური დამოუკიდებლობის იდეის გამოსახატადაც იყენებდნენ.



სწორედ რევოლუციური Sex and the City-ის შემდეგ გადაიღეს "სასოწარკვეთილი დიასახლისები" ოჯახური ცხოვრების შესახებ, "ჭორიკანა" კოლეჯის დამოუკიდებელი მოსწავლეების სამყაროს შესახებ და აშ.