შანელის ჩვენება "ზღვის პირას" SS19

Published: 02/10/2018 Views: 2 112
შანელის ჩვენება "ზღვის პირას" SS19


Chanel-ის გრანდიოზული ჩვენება პარიზში ქვიშიან "ზღვისპირა" პოდიუმზე,
Spring-Summer 2019


შემოდგომისფერი პარიზის შუაგულში კარლ ლაგერფილდმა ნამდვილი ქვიშიანი სანაპირო შექმნა თავისი ტალღებით, მზით და ბუნგალოებით. "შანელის" ახალი კოლექციის მოდელები მსუბუქ კაბებსა და კოსტიუმებში ლაღად სეირნობდნენ ლაჟვარდოვან სანაპიროზე. კარლ ლაგერფილდი კი ამაყად გადმოყურებდა თავის მორიგ დიდებულ შემოქმედებას.



ახალი შოუ ტრადიციულად გრანდ პალეს სასახლეში ჩატარდა, სადაც ბრენდის გრანდიოზული ჩვენებები 2005 წლიდან ტარდება. ლაგერფილდი სავსეა ენთუზიაზმითა და კრეატივით და ყოველთვის ცდილობს საკუთარ შესაძლებლობებს გასცდეს. ამიტომაც, Chanel-ის ჩვენებებს მოდის კვირეულების სეზონზე ყველაზე დიდი მოლოდინით ელიან.







ახალ კოლექციაში ტვიდი კვლავ ყველა ფერში აქტუალურია. ამ მკვრივი მასალითაა დამზადებული კლასიკური კოსტიუმები, ქვედაბოლოები და სტრუქტურიზებული კაბები დიდი ჯიბეებით. ელფერი ზაფხულის ხასიათს იმეორებს - ნაზი ვარდისფერი, ხორცისფერი და ყვითელი. ქვიშაზე მოდელები ფეხშიშველა დადიოდნენ, ხელში სანდლებითა და სხვადასხვა ზომის ჩანთებით.



კარლისთვის დამახასიათებელი სილუეტი ყველასთვის ნაცნობია - თუ შემოდგომასა და ზამთარში ფორმები უფრო მეტად ქალური და გამოკვეთილია, ამჯერად მხრების ხაზმა დაბლა დაიწია, კლასიკური ჟაკეტების ფორმები გაიზარდა, სახელოები გაფართოვდა. შანელის ახალი კოლექცია წარმოადგენს ყველაფერს, რაც კურორტზე მოდუნებული დასვენებისთვის გვჭირდება. ვერც მთავარ ტრენდს გავექეცით: სპორტულ შორტებს ლაგერფილდმა ჟაკეტები შეუხამა.



Chanel Spring Summer 2019