ამადინა - თექის ყვავილები და სუკულენტები

Published: 29/11/2018 Views: 693


ამადინა თათა ღვედაშვილის პროექტია, რომელიც თექის აქსესუარებს, დეკორს და მინანქრის სამკაულებს აწარმოებს. თათას გატაცებამ ჰერბარიუმებისადმი და თექის ტექნიკის ფლობამ საოცარი მიქსი წარმოადგინა, ჩვენი ყურადღება ამადინას თექის ხელნაკეთმა სუკულენტების საახალწლო ნაძვის ხეებმა, საშემოდგომო გვირგვინებმა და ბროშებმა მიიპყრო.



ამადინა - თექის ყვავილები და სუკულენტები
ამადინა, თათა ღვედაშვილი:
facebook @ამადინა

ჩემი ცხოვრება ყოველთვის დაკავშირებული იყო რაიმე ჰობთან, ჰერბარიუმები, ტიხრული მინანქარი, თექა... ბოლო დროს დავინტერესდი დეკორატიული გრაფიკითაც. თექით პირველი ნამუშევარი რამოდენიმე თვის წინ გავაკეთე, ინტერნეტში ნაპოვნმა ფოტომ გადამაწვეტინა მეც მეცადა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, მეგობრები, ნაცნობები ყველა მწერდა რომ ძალიან ლამაზია... ამას, რა თქმა უნდა, ახალი ნამუშევრები მოყვა,შემდეგ კი გადავწყვიტე საკუთარ გვერდზე დამედო, ლოგო მოვიფიქრე, ფოტოშოპში ავაწყე, შეფუთვაც ხელით დავამზადე და უფრო სერიოზულად მივუდექი, ვიდრე საკუთარი თავისთვის კეთებაა, თუმცა ვაკეთებ მხოლოდ იმას, რასაც თავად ვატარებდი სიამოვნებით... მაგალითად, ხელის მოწერის დღეს საკუთარი გვირგვინი მეკეთა 😊 ვფიქრობ ბევრს შეუძლია იმის კეთება, რასაც მე ვაკეთებ, ტექნიკურად საკმაოდ მარტივია, ერთადერთი ამოცანა სწორი ფორმის მიღებაა თექის ნაჭრებისაგან, მაგრამ იმისთვის რომ ეს აკეთო შესაბამისი განწყობაა საჭირო, თითოეული ფოთოლი ხელითაა გამოსაჭრელი, არც ყალიბი არსებობს და არც რაიმე სხვა, რაც გაამარტივებს მუშაობას. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თითოეული ყვავილის ჩაფიქრება, მათი შექმნა, შეხამება ერთმანეთთან ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებნას უკავშირდება. სახლში უამრავი მცენარე მაქვს, სწორედ მათ გარემოცვაში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად, განსაკუთრებით მიყვარს სუკულენტები, რაც ალბათ კარგად ჩანს ჩემს ნამუშევრებში 🙂 შეკვეთების მიღება ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქის გვერდის პირადი შეტყობინებებიდან ხდება, თუმცა უკვე დაწყებულია საიტზე მუშაობა - amadina.ge. ასევე ვფიქრობ საინტერესო იქნება ბლოგის დაწერა იმის შესახებ თუ როგორ იქმნება უამრავი პატარა დეტალისაგან სასურველი ფორმის ყვავილები.




NOTE: პუბლიკაცია არ წარმოადგენს სარეკლამო სტატიას

facebook @ამადინა
თექის თმის ბროშების ფასი 15-18 ლარით განისაზღვრება,
ჩარჩოში მოქცეული თექის სუკულენტების ვერტიკალური ბაღის ფასი 30 ლარის ფარგლებშია, 35 სმ. სიმაღლის ნაძვის ხის დეკორი კი 50 ლარადაა შეფასებული. ამადინას პროდუქციის სასაჩუქრე შეფუთვით მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით, ასევე იგზავნება საქართველოს ფოსტით რეგიონებში.