მოდა კინოში: დიზაინერებისა და რეჟისორების საუკეთესო კოლაბორაციები

Published: 11/03/2019 Views: 258
მოდა კინოში: დიზაინერებისა და რეჟისორების საუკეთესო კოლაბორაციები


მოდა და კინო ერთმანეთთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. დიზაინერები ხშირად არიან შთაგონებულნი ვინტაჟური კინო-იმიჯებით, რეჟისორები კი ეძებენ ავტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად შექმნან გმირების ხასიათი ტანისამოსის მეშვეობით. კოსტიუმების მხატვრობა ისევე როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზეც უმნიშვნელოვანესი შთაბეჭდილების მომხდენია. გავიხსენოთ ყველაზე ნათელი მაგალითები:


ტექსტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE




მოდა კინოში:
დიზაინერებისა და რეჟისორების საუკეთესო კოლაბორაციები



კრისტიან დიორი და ალფრედ ჰიჩკოკი

1950 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა გადაიღო ფილმი "სცენის შიში", სადაც მთავარი როლი მარლენ დიტრიხს ერგო. რეჟისორი ძირითადად ცნობილ კოსტიუმების მხატვართან, ედიტ ჰედთან თანამშრომლობდა, მაგრამ ამჯერად, გერმანელი კინოვარსკვლავი კრისტიან დიორის კანდიდატურას ითხოვდა. თანაც, თამამად აცხადებდა: "არ იქნება "დიორი" არ იქნება დიტრიხი". მსახიობისთვის ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ერთდროულად მდიდრული და ელეგანტური იმიჯები შექმნა: წელზე მორგებული კოსტიუმები, საღამოს კაბები და ბევრი, ბევრი ბუმბული.



პიერ ბალმენი და როჟე ვადიმი

დღეს ბრენდი Balmain – სექსუალურობის სინომიმია, უბრალოდ ცოტა უფრო მგრძნობიარე იმიჯით. ამ სახელის ქვეშ შექმნილ სამოსს გულშემატკივრები ჯერ კიდევ ХХ საუკუნის შუა რიცხვებში ჰყავდა. ბრენდის დამაარსებელმა კოსტიუმები მოიფიქრა ბრიჯიტ ბარდოსთვის, რომელიც როჟე ვადიმის "და ღმერთმა შექმნა ქალში" თამაშობს. ამ როლმა ფრანგ მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა. მომხიბვლელი, ახალგაზრდა ჟულიეტის გარდერობი კაბა-პერანგებისგან, ტოპებისგან და ტრაპეცია ქვედაბოლოებისგან შედგებოდა. ისინი დღემდე შთააგონებს როგორც დიზაინერებს, ისე ქალბატონებს.



კოკო შანელი და ალენ რენე

ფრანგი რეჟისორის, ალენ რენეს დრამა "შარშან მარიენბადში" საინტერესოა არამხოლოდ თხრობის სტრუქტურის ექსპერიმენტულობით, არამედ იმიჯებით. მათზე თავად კოკო შანელი მუშაობდა, რომელმაც მთავარ გმირს, დელფინ სეირიგს ელეგანტური შავი კაბები და ბუმბულებით მორთული მდიდრული საღამოს სამოსი ჩააცვა. ლეგენდარული დიზაინერის ფილმზე მუშაობა მოდის სამყაროში დიდებულ დაბრუნებად აღინიშნა. კარლ ლაგერფელდმა ამ ფაქტს 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე სცა პატივი.




იუბერ დე ჟივანში და ბლეიკ ედვარდსი

"საუზმე ტიფანისთან" – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდური ფილმია. საკულტო შავი კაბები გრძელ ხელთათმანებთან ერთად, ხორცისფერი პალტო და აბრეშუმის თავსაფრები, რომლებითაც ეკრანზე ოდრი ჰეპბერნი ჩნდება, დღემდე მიბაძვის საგანია. სამოსი იუბერ დე ჟივანშიმ მოიფიქრა, რომლის ოდრისთან მეგობრობამაც კინოს კიდევ რამდენიმე ნათელი პერსონაჟი აჩუქა. მათ თანამშრომლობას ვაკვირდებით ფილმებში: "საბრინა", "მხიარული სახე" და "როგორ მოვიპაროთ მილიონი". 2006 წელს, ჰოლი გოლაითის კაბა აუქციონზე 467000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.



ივ სენ ლორანი და ლუის ბუნუელი

კატრინ დენევის სტილი დრამაში "დღის ლამაზმანი" დღემდე ამაღელვებლად და პროვოკაციულად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 50 წელზე მეტი გავიდა. ისინი ივ სენ ლორანმა შექმნა, დიზაინერმა, რომელსაც წესების დარღვევა უყვარდა. დენევთან და ბუნუელთან მუშაობისას მან კვლავ დაამტკიცა თავისი ნიჭი შექმნას სამოსი, რომელიც გარკვეულ ემოციებს ბადებს. მის ხელებში მოქცეული სევერინ სერიზი მოწესრიგებული ფრანგი ბურჟუაა, რომელიც ელეგანტურად და გამომწვევად ერთდროულად გამოიყურება.




პაკო რობანი და როჟე ვადიმი
ამ ფრანგმა რეჟისორმა იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია კინემატოგრაფში ვიზუალური მხარე, ამიტომაც ყოველთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესოებთან მუშაობდა. ფილმ "ბარბარელას" კოსტიუმებზე მუშაობისას, მან ესპანელი პაკო რობანი მოიწვია, დიზაინერი, რომლის გარეშეც 1960-იანი წლების მოდას ვერ წარმოვიდგენთ. ამ კოსმიური სათავგადასავლო ისტორიისთვის დიზაინერმა შესაფერისი კოსტიუმები შექმნა: მეტალის ჯავშანი, ექსტრავაგანტური ბოდეები და მაღალი ბოტფორდები. მთავარი როლის შემსრულებელი ჯეინ ფონდა, ფილმის შემდეგ ეპოქის ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა.



ჯორჯო არმანი და პოლ შრედერი

მელოდრამა "ამერიკელი ჟიგოლო", სადაც მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებს, ჯორჯო არმანისთვის იღბლიან ბილეთად იქცა. ჯულიან კეის იდეალური გარდერობი იმდენად მოეწონა მაყურებელს, რომ იტალიელ დიზაინერს ცნობილი ადამიანები, ბიზნესის წარმომადგენლები და უბრალოდ კრეატიული ახალგაზრდებიც კი აკითხავდნენ. 1980 წელს არმანი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი გახდა.