დათუნა სულიკაშვილი: საბალეტო დასისთვის შექმნილი სამოსი და არამარტო

Published: 07/05/2019 Views: 488

@gyox37
ტექსტი: ანი მესხიშვილი


თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის მეოთხე დღე დათუნა სულიკაშვილმა ეფექტურად დახურა. ქართველმა დიზაინერმა მაყურებელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიპატიჟა, რაც ჯადოსნური საღამოს წინაპირობა თავისთავად გახდა. მთლიანად გავსებული დარბაზი საოცრების მოლოდინში გაფაციცებით შეჰყურებდა წითელ ხალიჩასა და სცენას.


MBFW Tbilisi
Datuna Sulikashvili





ჩვენება მოდელმა მამაკაცმა გრანდიოზული და ექსტრავაგანტური, ბუმბულებით შემკული ქუდით გახსნა. განსაკუთრებული მოლოდინის მიუხედავად, თავდაპირველად ყველაფერი სამგლოვიარო პროცესიას ჰგავდა, დრამატული მუსიკით, მონოტონური სიარულით, დეკორატიული თაიგულებითა და გლოვისთვის დამახასიათებელი შავი ფატებით. ფერადი სამოსიც კი დათუნამ შავ ბადეში გაახვია. შავისა და თეთრის ოსტატური მონაცვლეობის შემდეგ, როგორც ყოველთვის, დიზაინერმა მკვეთრი ფერიც შემოიტანა, თუ აქამდე ეს ვარდისფერი იყო, 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გადამწყვეტი როლი ნათელმა ყვითელმა შეასრულა. ბოლოს მოდელები გრძელი თავსაბურავებისგან განთავისუფლდნენ და დარბაზში ფერმაც მრავალმნიშვნელოვნად იფეთქა.





დათუნა სულიკაშვილი ერთ-ერთი ქართველი დიზაინერია იმ ერთეულთა შორის, რომელიც საღამოს კაბებს წარმოგივიდგენს და თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ისინი Haute Cuture მიმართულებად. ჯაბა დიასამიძის მსგავსად, ამისთვის ისიც ძირითადად შავ ფერს იყენებს. ახალ კოლექციაში საღამოს კაბები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გენდერული ზღვარიც იშლება და მას მამაკაცი მოდელიც მოხდენილად წარმოგვიდგენს.





დათუნას მთავარი შთაგონება ქართული ტექსტი და სიტყვები გახდა, რომელმაც შოუ გახსნა. მოგვიანებით, თითოეულმა ფრაზამ და სიტყვამ ყველა სამოსში იჩინა თავი. ბოლოს კი ტექსტი თითქოს კოლექციის მეშვეობით ერთად შეიკრა.





და ბოლოს, რასაც ყველა სულმოუთმენლად ელოდა: მოდელების შემდეგ, სცენა ბალეტის მოცეკვავეებს დაეთმოთ, რომლებმაც დათუნას მიერ შექმნილი სამოსით საბალეტო მოძრაობები თავისუფლად შეასრულეს. ნინო ანანიაშვილის მარტივმა თუმცა ეფექტურმა დადგმამ მართლაც შთამბეჭდავად წარმოადგინა კაბებისა და შარვლების მოხერხებული და კომფორტული თარგები. კომპოზიცია თავად ანანიაშვილმა მასიური შავი ფერის კაბით დახურა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულ ბალეტს ახალი კოსტიუმების მხატვარი ჰყავს? მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგმულია - სულიკაშვილმა დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა: მან საბალეტო დასი საკუთარი სამოსით ისე შემოსა, რომ ამ ხელოვნებით ადამიანების აღტაცება უფრო მეტად მოახერხა.



@Giorgi Tsaava


@Vincent Lappartient