SITUATIONIST: ირაკლი რუსაძის მორიგი ეკლექტიკა

Published: 05/11/2019 Views: 68


SITUATIONIST

spring-summer 2020

ირაკლი რუსაძემ თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ახალი კოლექცია წარმოადგინა. ქართველმა წარმატებულმა დიზაინერმა ლოკაციად თბილისის ცენტრალურ ნაწილში ერთი ძველი შენობა არჩია, სადაც სარემონტო სამუშაოების პროცესი მიმდინარეობდა. ორ სართულზე განაწილებულ მისტიკურ გარემოში შეკრებილმა საზოგადოებამ 56 მოდელი იხილა. Situationist-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ყველას სითამამით დაამახსოვრდება, ეხება ეს ჭრილებს თუ ფერებს. დიზაინერი არ ღალატობს თავის საყვარელ მასალას - ტყავს და ამჯერადაც წარმოგვიდგენს მას სხვადასხვა ფორმით.

რუსაძემ კოსტუმები მოარგო როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ირაკლი გარდერობის ამ დეტალს დუალისტური გაგებით წარმოადგენს და ერთდროულად ორ დანიშნულებას სძენს: როგორც სერიოზულს და სამუშაო სივრცისთვის განკუთვნილს, ასევე სამსახურის დასასრულს მიღებული ექსპრომტი გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესაფერისს დეტალს.




Situationist-ს არც გაზაფხულის და ზაფხულის წვიმა ავიწყდება და ამინდის შესაფერისად ბრენდისთვის დამახასიათებელი მანტოების ახალ მოდელებს ქმნის. ასევე, უფრო დახვეწილ, თხელ, გრძელ ქურთუკებსაც, ორივე სქესისთვის.

რაც შეეხება კაბებს, ირაკლი რუსაძემ ამჯერადაც არაორდინალურ ფორმებს და ჭრილებს მიმართა და კაბები თხელი ქსოვილისგან ყველანაირი სიმკაცრისგან დაცლილი წარმოადგინა. მისთვის კაბა წამიერი არჩევანია, თითქოს აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ხალათივით გადაცმული - კომფორტის ერთგვარი გარანტი მთელი დღის მანძილზე.




Situationist მომხმარებლებს ამ ორი უკანასკნელი იმიჯის გაერთიანებასაც სთავაზობს: კოსტიუმისა და კაბის, რომელიც აქტიურად მკვიდრდება მსოფლიო მოდის ინდუსტრიის მიმდინარე ტრენდებში. აქვე შემოაქვს ფერთა თამაშიც.

ირაკლის ახალი დიზაინი გულისხმობს მომავალ თბილ სეზონებზე ყურადღება მაღალწელიან კაბებს, შარვლებსა და შორტებს მივაქციოთ თავისუფალი ფორმით - არანაირი სიმჭიდროვე!


ავტორი: ანი მესხიშვილი
www.editorial.ge