ANOUKI: კოლექციის ჩვენება ვაკის პარკში

Published: 05/11/2019 Views: 94


ANOUKI, RTW spring-summer 2020
Mercedes-Benz Tbilisi FW


ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: "თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!" შადრევანის და ბზის ხეივნის ფონზე მოწყობილ ყვითელ პოდიუმზე ორმოცზე მეტი მოდელი ვიხილეთ. შოუს ბოლოს გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" თანხლებით ანუკი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა.




როგორც წინა სეზონებზე, ანუკიმ აქცენტი ისევ ნათელ ფერებზე და ყვავილოვან პრინტებზე გააკეთა, რამდენიმე შავის დანართით. გაზაფხულის კოლექცია თეთრი ფერით გაიხსნა, ვარდისფრისა და ცისფრის ნაზ ტონალობებში გადაიზარდა და შემდეგ ფერთა პალიტრაც გაზაფხულის დადგომის მსგავსად აფეთქდა.

მიდი კაბები "ანუკის" ახალ კოლექციაში კვლავ ცენტრალურ ადგილს იკავებს.




ახალ კოლექციაში ვხვდებით შარვალ-კოსტიუმის ანუკისეულ ვარიანტებს - თავისუფალს და დიდი ზომისას, ზედმეტი დეტალების გარეშე.
დიზაინერი არც მრგვალ მხრებს ღალატობს, რომელიც მის კაბებს დამატებით ელეგანტურობის ელემენტს სძენს. აღსანიშნავია თავისუფლად კონსტრუირებული კომბინიზონებიც.

რაც შეეხება შავ ფერს, ის თითქოს მთელი კოლექციის ესთეტიკიდან ოდნავ ამოვარდნილი აღმოჩნდა.



შეამჩნევდით მნიშვნელოვან დეტალს - ფეხსაცმელს, რომელიც ანუკის მოდის სახლის მნიშნველოვან ნიშას წარმოადგენს. ამჯერად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შესაფერისი ტონალობის ბაფთებით იყო მორთული, რომლებმაც თმისამაგრებიდან ფეხსაცმელებზე ოსტატურად გადმოინაცვლეს. ხოლო კრისტალებით მოჭედილი სამკაულები შადრევანის ელვარებას იმეორებდა და მოდელებს ყელზე ეფინებოდა.

და ბოლოს, ანუკის კოლექცია წარმოუდგენელია ცოტაოდენი "ბზინვარების" გარეშე. ვერცხლისფერი თეთრის საუკეთესო დაგვირგვინება აღმოჩნდა, ფერადი განვითარების შემდეგ.


ავტორი: ანი მესხიშვილი
www.editorial.ge