ალექსანდრა პაიჭაძის lifestyle

Published: 21/12/2018 Views: 2 288


ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, ერთი სიტყვით "ცნობილი პერსონა" ალექსანდრა პაიჭაძე უკვე რამდენიმე თვეა სამუშაო ვიზიტით დუბაიში იმყოფება, მაინც ახერხებს და ინსტაგრამზე 69,300 follower-ს მისი სტილის ამსახველ ფოტოებსა და ჩანაწერებს აქტიურად გვიზიარებს. ალექსანდრაზე ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ და მრავალი ჭორიც იწერებოდა, ჩვენი საუბარიც ყვითელ პრესაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმას მოყვა: სასიყვარულო ცხოვრებასა და ძვირადღირებულ საჩუქრებზე. გადავწყვიტეთ ყველაფერი ექსკლუზიურ ინტერვიუში პირადად გაგვერკვია, თუმცა როდესაც რესპოდენტი ამდენად მრავალფეროვანი პიროვნებაა, წარმოუდგენელია მხოლოდ ამ ორი შეკითხვით შემოიფარგლო ⭐

ალექსანდრა პაიჭაძის lifestyle
ინტერვიუ EDITORIAl-სთვის




  • EDITORIAL: თქვენს ინსტაგრამს გამოარჩევს ფიტნეს და lifestyle ინსპირაცია, რომელსაც თან ერთვის სამოტივაციო ტექსტები. მიუხედავად იმისა რომ დუბაიში გიწევთ დატვირთულ რეჟიმში მუშაობა, კვლავ ერთგული რჩებით თქვენი ინტერესების.

    @AleksandraPaichadze: ჩემთვის ინსტაგრამმა მასშტაბური, არაკომერციული დატვირთვა მიიღო, ზოგჯერ თავი ფსიქოთერაპევტი მგონია
    , რომელიც თავის თავის და ასევე მისი მიმდევრების პაციენტია, წარმოუდგენლად დიდი ნდობით ვსარგებლობ ახალგაზრდა გოგონებში, რომლებიც აბსოლუტურად გულწრფელად მიზიარებენ თავიანთ გასაჭირს - ძირითადად ურთიერთობებზე, ფიზიკურ დატვირთვასა თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ვცდილობ ვიყო ოდნავ მაინც გამოსადეგი თუნდაც 1 ქალბატონისთვის, რომელსაც ჩემი იმედი აქვს. თუმცა რჩევას არასდროს ვაძლევ, ეს დიდი პასუხისმგებლობა და რაღაც მხრივ სხვისი ქმედების საკუთარ თავზე აღებაა. თუმცა ვსაუბრობთ (როდესაც მცალია) და სხვადასხვა ჭრილში განვიხილავთ ბევრ საკითხს. ხშირად მოუწერიათ რაღაც დროის შემდეგ, რომ სწორად მოიქცნენ აზრის საკითხავად მე რომ მომმართეს. ჩემთვის ურთიერთობები ყველაფერზე ძვირფასია, ამიტომ მიყვარს უანგაროდ დახმარება, მიყვარს ის ენერგია რაც მაგ დროს ჩვენ შორის ტრიალებს - დადებითი და თანაგრძნობით სავსე. ბევრს არ შეუძლია იყოს ემპათიური, ჩემ თავს ბავშვობიდან შევნიშნე ეს თვისება და რამდენადაც დამღლელია, იმდენად სასიამოვნოა. დუბაიმ ის შეცვალა ჩემში, რომ დავრწმუნდი ჩემი ცხოვრების სტილის სისწორეში, ულიმიტო აზროვნებასა და შესაძლებლობებში.



    note: ალექსანდრა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ჰოსტესის პოზიციას იკავებს დუბაიში, შეფ გურამის ქართულ რესტორანში MODI. ცოტა ხნის წინ ემირატებში მას მეგობრები და მცირეწლოვანი შვილიც სტუმრობდნენ.



  • თვლით თუ არა რომ ცხოვრებისეული დაბრკოლებები და დეპრესია აძლიერებს ადამიანს, საიდან იღებს სათავეს თქვენი ამხელა შრომისუნარიანობა და პოზიტიური ენერგია?

    ცხოვრებისეული დაბრკოლებების შემდეგ ადამიანი იწყებ ფიქრის და აზროვნების პროცესს. მანამდე, კომფორტში გონებაც და სულიც თითქოს დეგრადირდება, უამრავი კვლევა მაქვს წაკითხული და გააზრებული, რომ ჩემი დეპრესია დამეძლია.. გავაანალიზე, საფრთხის სიგნალები იმაზე ადრე შემოდის ჩემს ქვეცნობიერში, სანამ თვითონ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდები. მიხარია, რომ დავიწყე ინტუიციის და ჩემი შინაგანი ხმის მოსმენა. ხშირად მიწევს განმარტოვება და მგონი ეს საუკეთესო რამ არის 21-ე საუკუნეში, თუმცა, ბოლო დროს უამრავი მარტოსული ადამიანი მხვდება და საუბრისას ვგრძნობ ჩემს მიმართ ნორმალურზე მეტ კეთილგანწყობას. ვერიდები ახლოს მოვუშვა ადამიანები, ნდობა დაკარგული მაქვს და მირჩევნია დისტანცია დავიცვა. შინაგან კონფლიქტში ვარ, წესით ძალიან გახსნილი ადამიანი, ვბლოკავ ყველას. თუმცა ეს ეტაპია ამჯერად ჩემ ცხოვრებაში და ალბათ ესეც გასავლელია, თბილისიდან შორს წასვლაც და ჩემი "იზოლაციაც" რაღაც კარგის დამსახურებაა, თბილისში იმ ნეგატივს რაც ჰაერში ტრიალებს ჩემმა ცნობიერმა ვერ გაუძლო. რომ დავბრუნდე ალბათ ბევრ რამეს შევცვლი, თუმცა არ ვფიქრობ ჯერჯერობით.

  • რა სირთულეები შეგხვდათ ადრეულ კარიერულ გზაზე და თავადაც თუ მიიჩნევთ, რომ მეტად შეგეძლოთ სამოდელო კარიერის განვითარება.

    სირთულეები და ბლოკები პატარაობიდან მხვდებოდა, არ ვიცი ვიღაცას ჩემი ენერგია არ მოსწონდა, ვიღაცას ჩემი გულღიაობა და გახსნილობა. სულ ვერიდებოდი ასეთ "გავლენიანებთან" კომუნიკაციას. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ რა დონეზეც მინდოდა მოდელობა (ცოტათი გართობის დონეზე) ის მივიღე. ყველა მოდის კვირეულზე ვმონაწილეობდი და ეს ნორმალური იყო ჩემთვის - გართობის და ლამაზ ხალხში ყოფნის საშუალება წელიწადში რამდენიმეჯერ. მოკლედ რომ ვთქვა, რამდენადაც თავი გადავდე ამ პროფესიისთვის, ის მივიღე. ანუ თითქმის არ მიშრომია ამ სფეროში მწვერვალების მისაღწევად:) და არც ვნანობ, ბევრად საინტერესო ცხოვრება მაქვს ვიდრე ბევრ ტოპს თუნდაც.




  • როგორი წარმოგიდგენია თქვენი ცხოვრება 5 წლის შემდეგ.

    არაჩვეულებრივად, უფრო ლამაზი და თავდაჯერებული, ალბათ კიდევ 1 შვილით და საყვარელი მამაკაცით, ზუსტად ამისთვის ზედგამოჭრილი პერიოდია:) ოჯახის შექმნას აუცილებლად ვცდი რამდენიმე წელში, თუმცა მიჭირს ამ ეტაპზე ვინმეზე არჩევანის შეჩერება.


  • ხშირად განიხილავენ თქვენს პირად ცხოვრებას, როგორია შეყვარებული სანდრა და რას ფიქრობთ, რა არის საჭირო გრძნობების შესანარჩუნებლად.

    ჩემი დადებითი თვისებებიდან ერთერთი ის არის, რომ უზომოდ კომფორტული, მშვიდი და საინტერესო ვარ საურთიერთოდ, ამავდროულად, ექსცენტრიული, ენერგიული, და რომანტიკოსი, ეს არაერთი მამაკაცისგან მომისმენია. ვინც ჩემი ეს თვისებები ვერ დაინახა ახლოს ყოფნისას, შორიდან მადევნებენ ახლა თვალს, მიხარია რომ განშორების შემდეგ მეგობრობას მთხოვენ. ანუ ადამიანი ბოლომდე არ გკარგავს, ენანები, თუმცა დააკლო ბევრი ფაქტორი ურთიერთობას და ამიტომ აღარ არის შენთან. ამის მესმის და ვიგებ, თუმცა მეგობრობა არ შემიძლია მამაკაცთან რომელსაც ჩემს მიმართ გრძნობა აქვს, არ მიყვარს გრძნობებზე თამაში, ან ანგარებით ვინმესთან ყოფნა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი თუ ვერ ხვდება, რომ რაღაც მჭირდება, ყოველთვის ვტოვებ, თხოვნა ჩემთვის მიუღებელია. რაღაც მხრივ სწორია, მე ასე გამზარდა მამამ, სულ მეუბნებოდა შენ დამოუკიდებელი და ძლიერი ხარო, ეს გამიჯდა ტვინში და სიცოცხლეშივე დავუმტკიცე მამას ეს თვისებები, საკმაოდ პატარა ასაკში. ჩემთვის კარგი კაცი მამასთან ასოცირდება, და მიჭირს ვინმეს ვუთხრა კი..




  • ამ ბოლო დროს ვაფიქსირებთ, რომ თქვენს გარდერობში ძვირადღირებული, ცნობილი ბრენდების სამოსი და ფეხსაცმელი ჭარბობს, საჩუქარია... თუ თავად ანებივრებთ თავს?:)

    ცნობილი და ძვირად ღირებული ბრენდები სულ მქონდა, სნობი არ ვარ, ვფიქრობ ყველაფრის მოხდენა შემიძლია, ფასს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ჩანთა, ფეხსაცმელი და სათვალე უნდა მეკეთოს ყოველთვის ძვირფასი, ეს ქმნის ხარისხიან სურათს საბოლოოდ. დანარჩენი მალე ცვეთადი მატერიალური ნივთები არ მაღელვებს. ამ ბოლო დროს ჩემს თავს ბევრი უცნაური რამ ხდება, არა მხოლოდ საჩუქრები!:)


  • რა ადგილი უჭირავს თავის მოვლის პროცედურებს და თუ შეიცვალა ის დუბაიში ცხოვრების პერიოდში.

    დუბაიმ ზღვის წყალი და ქვიშა დამიმატა დღის წესრიგში, 1 დღეში გაკრიალებს და გავსებს ენერგიით, ვცდილობ კვირაში 2-3ჯერ მაინც გავიდე სანაპიროზე. სხეულის მოვლას ისევ აქტიურობით ვახერხებ, ან ბევრი ვარჯიში მსუბუქად, ან ბევრი ცეკვა და გართობა. ალკოჰოლს შეზღუდულად ვიღებ, მხოლოდ ხარისხიან ქართულ ღვინოს ისიც 2-3ჯერ კვირაში, კვებით ამ ეტაპზე დიეტურად, რადგან ვარჯიშმა ფორმები მოცულობაში გაზარდა და არ მინდა გასუქების ეფექტი მქონდეს, ამიტომ ვამცირებ ულუფას და ცომეულს. სახის კანს რაც შეეხება, მოვლის პროდუქტები თბილისიდან წამოვიღე და ყოველდღიურ რუტინას ვასრულებ. აქ უძვირესია ინექციები, მეზოთერაპია, გელი და ეპილაცია, შესაბამისად ერთერთი მიზეზი მაქვს რომ თბილისს ვეწვიო!:)




  • თამამი ფოტოსესიები გამოგარჩევთ. ეს პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა როგორ უმკლავდებით კრიტიკას სოციალურ ქსელში.

    თამამი ფოტოსესიები და მინი კლიპები ჩემი არტ თერაპიაა
    , ვის რატომ არ მოსწონს ეგ თავად კითხეთ. ქართველ მაყურებელს ძნელია რამე მოაწონო, სანამ უცხოელი არ გაღიარებს:) მიხარია, აქ დიდი მოთხოვნა და შემოთავაზებები მაქვს, ინფლუენს მარკეტინგის მხრივ აქტიურობას ვაპირებ ამ რეგიონში. თამამ ფოტოსესიას მარკეტინგულად თუ განვიხილავთ, მიმზიდველია, ქალის სხეული უხსოვარი დროიდან გაღმერთებული იყო და მოსწონდათ ყველა ეპოქაში, ახლა თუ ვინმეს რამე არ მოსწონს მგონია რომ თავად აქვს რაღაც შინაგანი დაუკმაყოფილებელი შეგრძნებები და კომპლექსები. თუმცა უამრავი ადამიანი მწერს, რომ მოსწონს და პირიქით უდიდესი სტიმულია მათთვისაც. მე არ მაღელვებს მასიურად აზრი, 1 და კონსტრუქციული კრიტიკა და მოწონება მირჩევნია, 1000 უაზრო ლანძღვას და მოწონებას...



    photo by Shotie Blackmore



  • საიდან ეცნობით მოდის სიახლებს და იღებთ lifestyle შთაგონებას.

    ინტერნეტიდან, ინსტაგრამიდან, ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც ხშირად პოსტავენ ტრენდებს: დათა ალექსეევი, ანუკი არეშიძე, ბალენსიაგა, და საშუალო კლასის ბრენდების კამპანიები, მანგო, ზარა, H&M, Nike და ა.შ.


  • როგორ მიხვედით საკუთარი სტილის ჩამოყალიბებამდე.

    საუკეთესო სტილის რჩევა რაც მიმიღია არის ის, რომ არ მიბაძო არავის! უნიკალური სტილი ჯერ არ მაქვს, ვფიქრობ ცოტა დრო კიდევ მჭირდება.
    classic chic სტილი ავარჩიე სამსახურიდან გამომდინარე. თავისუფალ დღეებს სპორტულად და თავისუფლად ვატარებ, თუმცა თრეშ სტილი ვერ მოვირგე, ელეგანტურ კლასიკურ სტილს არაფერი მირჩევნია.



    ალექსანდრა პაიჭაძე EDITORIAl-სთვის;
    ჟურნალისტი: ანა მესხიშვილი