ნუკი ჭაბუკიანი მოდურ ბიზნესში

Published: 18/04/2018 Views: 3 902


EDITORIAL.ge ამჯერად არ წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერის ლუქბუქს, არც რომელიმე ფოტოგრაფისა თუ მოდელის პორტფოლიოს შემოგთავაზებთ...

ჩვენი ახალი რუბრიკისთვის ნუკი ჭაბუკიანი ჩავწერეთ, გოგონა რომელიც მოდის ბიზნესში მოღვაწეობს, თუმცა არ ჩანს, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით მის შესანიშნავ personal style-ს, რომელიც მოდის კვირეულის განმავლობაში მუდამ ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივში.:) ნუკიმ ბევრის აზრით საქართველოსთვის ნაკლებად პერსპექტიული პროფესია აირჩია, მილანში international luxury management-ის ფაკულტეტზე, მოდისა და მარკეტინგის მენეჯმენტი შეისწავლა და სამშობლოში დაბრუნებულმა წარმატებით დაიწყო მუშაობა მოდის სახლ MATERIEL და DOTS-ში.


ნუკი ჭაბუკიანი
ბავშვობის ოცნებიდან რეალობამდე:
სამსახური მოდურ ბიზნესში, საქართველო



მოდის ინდუსტრიაში ბავშვობიდან ტრიალებდა, თავადაც დიზაინერობაზე ოცნებობდა, მაგრამ როცა კარიერული გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბაკალავრის ხარისხის დაცვის შემდეგ, ქართულ „ფორბსში“ მუშაობდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ სულის ძახილს უნდა მიჰყოლოდა და განათლების მისაღებად ევროპას მიაშურა. აქედან იწყება ნუკი ჭაბუკიანის სათავგადასავლო და ემოციებით დატვირთული ისტორია. მილანში და პარიზში სწავლის და მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მოდის სფეროში აქტიურ მოღვაწეობას შეუდგა.




დახვეწილი, დადებითი ენერგიით აღსავსე და მუდამ მომღიმარი - ასეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ ნუკისთან პირველად შეხვედრისას. აუცილებლად ისეთივე პოზიტიურობით აღგავსებთ ცხოვრების მიმართ, როგორიც თავად აქვს. Dots-ის მაღაზიაში მისულებს სიხარულით შემოგვეგება, ყავაზე დაგვპატიჟა და საუბარიც დავიწყეთ.

Editorial: რომ გკითხოთ როდიდან დაინტერესდით მოდით, უცნაური იქნება, რადგანაც ისეთ წრეში გაიზარდეთ, რომ პატარა ასაკიდან ამ სფეროს წარმომადგენლებთან ტრიალებდით. ცოტახნით "გზიდან გადახვევის" შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ საბოლოოდ კვლავ მოდას დაბრუნებოდით?

ნუკი: დიახ, დედაჩემი მოდელი იყო და პატარაობიდან ბექსთეიჯში გავიზარდე. მართალია, 90-იანების პერიოდის საქართველოში ინდუსტრია ასეთი განვითარებული არ ყოფილა, მაგრამ მოდის ჩვენებები და შოუები მაინც ეწყობოდა. 3-4 წლის ასაკიდან იმდროინდელ დიზაინერებთან და მოდელებთან მიწევდა ურთიერობა, ალბათ მოდით სწორედ ამ პერიოდიდან მოვიწამლე. დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დიდი ფიქრის და ოჯახის რჩევის შედეგად, ჟურნალისტი გავხდი. არ მტოვებდა იმის განცდა, რომ არჩეული პროფესია ბოლომდე „ჩემი“ არ იყო და ბავშვობის დროინდელი ოცნებების ასრულების გზას დავადექი. 23 წლის ასაკში გადავწყვიტე მაგისტრატურაზე ევროპაში ჩამებარებინა და მოდის მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით ჩავირიცხე.



მასალა მომზადებულია EDITORIAL.ge-სთვის
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი




INSPIRATION
რას უკავშირდება ოჯახის გადაწყვეტილება, როდესაც მათი რჩევით მოდას ჟურნალისტიკა ამჯობინეთ?

ჩემი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა აკადემიაში მოდელირების შესწავლას. დედაჩემი ამ სფეროს საუკეთესოდ იცნობს და საქართველოში ახალგაზრდა გოგონასთვის ამ ნაბიჯს პერსპექტიულად არ მიიჩნევდა. ამიტომაც, ჟურნალისტიკა ყველაზე ოპტიმალურ არჩევანს წარმოადგენდა, რადგანაც ვფიქრობდი პროფესიით ისევ მოდის და ხელოვნების თემებზე ვიმუშავებდი.

ვინ იყო ადრეულ ასაკში თქვენი სტილის icon?

Style Icon ჩემთვის ყოველთვის დედაჩემი ნათია შელეგია იყო.
ბავშობაში გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ აცვია დედას და როგორ გამოიყურება. პატარაობიდან ის იყო ჩემი მაგალითი და მეც მის დამოკიდებულებას ვითავისებდი. ამიტომაც, ჩემს მთავარ ინსპირაციად ყოველთვის ნათია შელეგია რჩება.




EDUCATION
თუ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მოდის მიმართ სწავლის პერიოდში და როგორ?

ევროპაში სასწავლებლად წასვლა ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო.
უცხო ქვეყანაში მარტოს უნდა მეცხოვრა და მართლაც, ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სასწავლო პროგრამა ერთი შეხედვით მსუბუქი და სახალისო ჩანდა, თუმცა ამ მასალას აბსოლიტურად სხვა კუთხით შევეჯახე. ეს არამხოლოდ კაბები და ტრენდები იყო, არამედ ბიზნესი და მენეჯმენტი, რაც ძალიან სერიოზულ და სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა. ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყველაზე მეტად რა გამოცდილებას აფასებთ იქ სწავლის პერიოდიდან?

როცა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად შევედი, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვყევი. ჩემი ლექტორი ვალენტინოს სტილისტი პაოლა ბერტოლა აღმოჩნდა. ის პრაქტიკიდან გამომდინარე გვიყვებოდა რამდენ საფეხურს გადის თითოეული ერთეული, რომელიც მოგვიანებით runway-ზე და მაღაზიაში ხვდება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მომენტი სწავლის პერიოდიდან.



ნუკის უკეთია ქართველი დიზაინერის LIYA-ს საყურეები,
გადაღების ლოკაცია: DOTS TBILISI, 22 Kote Afkhazi street


როგორ მოხვდით კომას ბრენდში? რაიმე სახის გასაუბრება თუ გქონდათ?

სწავლის დასრულების შემდეგ, ინტერნშიფი უნდა გამევლო, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ბევრ ინტერვიუზე დავდიოდი, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რადგანაც „გუჩიში“ და „სელინშიც“ კი მომიწია მისვლა, მაგრამ დროსთან ერთად შევეჩვიე. საბოლოოდ ასეთი არჩევანი მქონდა, ან სელინში უნდა წავსულიყავი, რომლის საწარმოც ფლორენციასთან მდებარე პატარა სოფელში და ქსოვილების კვლევაზე და პრინტების დეველოპმენტზე მემუშავა, ან პარიზში პრესტიჟული ალკოჰოლის, "რემი მარტინის" ბრენდში მემუშავა. ჩემი კურსი სხვადასხვა luxury მიმართულებას მოიცავდა და შემეძლო საკუთარი პროფესია სხვადასხვა სექტორში გამომეცადა. არჩევანი პარიზზე, რემი კუანტროზე გავაკეთე, როცა მოულოდნელად ბაზაში დევიდ კომას შემოთავაზება მოვიდა, ის პარიზში შოურუმის მოწყობას აპირებდა და მუშაობის პერიოდი ჩემი ინტერნშიფისთვის გამოყოფილ პერიოდს ემთხვეოდა. შევავსე და გავგზავნე. პასუხმაც არ დააყოვნა. 5 წუთში გაყიდვების მენეჯერმა მომწერა, რომ ქართველის დანახვა გაუხარდა და skype call-ზე შევთანხმდით. საუბრის შემდეგ მითხრა, რომ დევიდი გუნდში ქართველის აყვანით ძალიან მოხარული იქნებოდა. გადავწყვიტე პარარელურად ორივეგან მემუშავა. შოურუმისთვის დიდი გალერეა ჰქონდათ ნაქირავები. მე გაყიდვების გუნდზე ვიყავი მიმაგრებული. დევიდთან მუშაობა საოცრად შთამბეჭდავი და ემოციური გამოცდილება იყო. ვაკვირდებოდი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მუშაობის დინამიკას.




IN ACTION
საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, რომ ჩემი განათლების შესაბამის სამსახურს საქართველოში ვერ ვიპოვნიდი და სჯობდა საზღვარგარეთ დავრჩენილიყავი. მეკითხებოდნენ ჩამოსვლის შემთხვევაში როგორ უნდა მომეხდინა საკუთარი თავის რეალიზება. საქართველოში ამ სპეციალობის მიმართულებით ძალიან პატარა მოთხოვნაა და კადრების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი რომ აქ დაბრუნებას გადავწყვეტდი.
ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ რაც უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება ევროპაში განათლების მიღების შემდეგ, აქ სხვადასხვა სფერო უფრო მეტად განვითარდება. ჩემი აზრით, იქ მიღებული ცოდნა სამშობლოს განვითარებას უნდა მოვახმაროთ. როცა კომასთან და რემისთან სტაჟირებას მოვრჩი, ჩემივე გადაწყვეტილებით ჩამოვედი. ხანმოკლე პერიოდში გავიგე, რომ მოდის სახლი „მატერია“ გაყიდვების მენეჯერს ეძებდა. ისევ სასმელში მუშაობას ქართულ მოდაში გათვიცნობიერება ვარჩიე. გასაუბრებამ წარმატებულად ჩაიარა და ჩემი არჩევანი ძალიან მახარებს.



ნუკი პოზირებს DOTS-ის მწვანე კოსტუმში EDITORIAL.ge-სთვის გადაღებაზე



MATERIEL & DOTS
ბრენდის შიდა სამზარეულო რამდენად თანხვედრაში იყო თქვენ იდეეებთან და უცხოეთში მიღებულ გამოცდილებასთან?

ჩემი მოსვლის პერიოდში DOTS ჯერ არ არსებობდა, მხოლოდ „მატერიელი“ იყო. ბრენდის მუშაობის კონცეფცია ძალიან მომეწონა, რადგანაც ჩემი აზრით ის ბიზნესზეა ორიენტირებული. მოდის სახლი „მატერია“ დიდი ჰოლდინგია, რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი წარმოება აქვს. მოდის მიმართულების გარდა გვაქვს მატერია-უნიფორმა, მატერია-სპორტი.

"მატერიელი" საქართველოში პირველი პრეცენდეტია, რომელიც სხვადასხვა დიზაინერებთან თანამშრომლობს...

მატერიას ძელიან დიდი ისტორია აქვს: ჯერ იყო მოდელების სახლი - 1949 წლიდან, შპს მოდელების სახლი მატერია - 2003 წლიდან, ქართველი დიზაინერების ბრენდი “მატერიელი” – 2012 წლიდან და ქართველი დიზაინერების ბრენდი “დოთსი” – 2016 წლიდან.

"მატერიელში" ახლა ალექსანდრე ახალკაციშვილთან და ლადო ბოკუჩავასთან ვთანამშრომლობთ.

თუმცა აღსანიშნავია რომ მატერიის ისტორიაში ბევრმა ქართველმა დიზაინერმა გამოიარა.

ერთი ბრენდის ქვეშ რამდენიმე მიმართულება ერთიანდება, რაც ვფიქრობ წარმატებას განსაზღვრავს. ჩვენ მათ ყველაფრით ვუზრუნველყოფთ.





Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე "მატერიელი" ორჯერ წარსდგა სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი კოლექციით, ამით ერთდროულად მოდის მიმდევარი ორი სახის სეგმენტი დააინტერესეთ?

დიახ, ორი აბსოლიტურად განსხვავებული ხედვის და სტილის მატარებელი დიზაინერია. შესაბამისად ორივეს თავისი მომხმარებელი ჰყავს, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე საქართველოში.

ასევე DOTS-სთვის არჩევთ დიზაინერებს და აწარმოებთ მეორე ხაზის კოლაბორაციულ კოლექციებს, ქმნით ბავშვის სამოსს...

ჩემი მოსვლის პერიოდში, „მატერიელში“ არსებობდა იდეა, რაიმე კონცეპტუალური და ხელმისაწვდომი შეექმნათ. როცა კვლევა ჩავატარე, უცნაურ სტერეოტიპს შევეჯახე: „ქართველი დიზაინერების სამოსი ძვირადღირებული და უხარისხოა“. ამიტომაც არავინ ეტანებოდა ქართული წარმოების პროდუქციას. გადავწყვიტეთ ეს სტერეოტიპი დაგვენგრია და DOTS-ის ხაზით ჩამოვაყალიბეთ სლოგანი „ჩაიცვით ქართული“. სეგმენტის კვლევის შემდეგ, საბაზრო პოლიტიკა არსებულ რეალობას მოვარგეთ და მივიღეთ ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან და ტრენდულ სამოსს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. DOTS-ში ახალგაზრდა დიზაინერებთან ვმუშაობთ. ვთვლი, რომ ქართულ ბაზარზე DOTS-ი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდია. თავდაპირველად, ბავშვების კოლექცია სარისკოდ გვეჩვენებოდა, მაგრამ გაამართლა.

როგორ ემზადებით ახალი მოდის კვირეულისთვის?

Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე ისევ ორი კოლექციით წარვსდგებით,
ახლა ყველაზე ემოციური და დატვირთული პერიოდი გვაქვს. ორივე კოლექცია ულამაზესია და სტუმრების შეფასებებს მოუთმენლად ველით.



Nuki wearing Materiel by Lado Bokuchava
⋆ Dana Hourani & @weworewhat on Instagram wearing Materiel "space pants"



FAVOURITES & INFLUENCERS
ყველაზე გამორჩეულ რომელ Item-ს დაასახელებთ?

ლადო ბოკუჩავას ყვავილებით დაპრინტული პალტო საოცრად თვალისმომჭრელია. ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ pre-order -ზე რამდენჯერმე დავაბრუნეთ.

ახლა გვაქვს შარვალი "space pants", რომელიც მატერიელის მორიგი ჰიტია - თეთრ ფონზე ვერცხლისფერი ზოლები flex პრინტის მეთოდიკითაა დაპრინტული. მას შემდეგ, რაც დანიელ ბერშტეინმა ამ შარვლით ინსტაგრამზე ფოტო განათავსა, საიტზე მოკლე დროში უამრავი მოთხოვნა დაფიქსირდა.

ყვავილებიანი პალტო მრავალმა უცხოელმა ბლოგერმა მოირგო, რომლებიც შეიძლება ბრენდის მუზებადაც მოვიაზროთ. ვინ წარმოაჩენს "მატერიელს" საუკეთესოდ?

ეს პალტო პირველად დარია შაპოვალოვამ მოირგო, მას შემდეგ კი ბევრმა ჩაიცვა. გვყავს მეგობარი დანა ჰურანი დუბაიში, რომელსაც ჩვენი კოლექციები ძალიან უყვარს და ევროპის მოდის კვირეულებზე ხშირად ირგებს.



PERSONAL STYLE
ვინ არის თქვენი საყვარელი დიზაინერი?

დახვეწილი სამოსი მიყვარს და „დიორს“ დავასახელებ, განსაკუთრებით რაფ საიმონსის დიორი მხიბლავს. მაღალ მოდაში კი ალაიას გამოვყოფ. მისი სტილი უკვდავი და ელეგანტურია.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდით? თავად თუ ატარებთ მათ სამოსს?

ვთვლი, რომ ქართველი დიზაინერები უდიდესი ნიჭის პატრონები არიან და უფრო მეტი რესურსი რომ ჰქონდეთ, უფრო და უფრო წინ წავიდოდნენ.
საქართველო დაახლოებით 2 წელია რაც საერთაშორისო მოდის ფოკუსში მოექცა. ეს რა თქმა უნდა, დევიდ კომას და დემნა გვასალიას დამსახურებაა. აღსანიშნავია მერსედესის მოდის კვირეულიც, რომელიც ამ მხრივ უდიდეს საქმეს აკეთებს და ქართველ დიზაინერებს საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციას უწევს.

ყველაზე ახლოს ჩემს სტილთან თამუნა ინგოროყვას მივიჩნევ. მისი ყველა ნივთით ვარ აღტაცებული. ასევე, ლიკა გოგლიძის ახალი ბრენდი „ლია“ მომწონს, რომელსაც ესთეტიკურად დახვეწილი კოლექციები აქვს.



მასალა მომზადებულია EDITORIAL.ge-სთვის
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი