არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი
23
ივლ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,
როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი.
და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი,
როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი.
როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი
იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი
და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი -
ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი.
გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.