ბეთანიის გზაზე
24
ოქტ
2025
ანა კალანდაძე
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...