ჩატეხილი ხიდი
შიო დავითაშვილი — „მკითხველი“
„ჩატეხილი ხიდი“ — „ოთარაანთ ქვრივის“-ს, ბ. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის შესახებ მკითხველის შენიშვნები.
დიდი ხანია გვესმოდა:
—ილიკო თურმე მოთხრობასა სწერს.
—მართლა? კარგი ამბავია; ნეტავ რა აქვს საგნად?
—შეუძლია ჩვენი ცხოვრება!
—როდის გაათავებს? მალე მაინც იყოს!..
რავდენიმე ხნის შემდეგ:
—გაუთავებია, ამაღამ კითხულობს რედაქციაში.
—უცხოს არ მიესვლება?
—არა, მარტო თანამშრომლები ეყოლება. ამბობენ ლიტერატურულ საღამოზედაც წაიკითხავსო.
—სად, როდის?..
კიდევ: —წაიკითხა?
—წაიკითხა!
—სულ?
—სულ!
—როგორ მოგეწონათ?
—აბა-რა, ილიკო განა ურიგო რასმე დასწერდა! საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზედ. აკაკიც კი გაფითრებული და სულ-განაბული ისმენდა. ნიკოლაძე აღტაცებაში მოიყვანა. სხვებს ხომ სულის ძარღვები შეგვიხუთა; როცა გაათავა, კარგა ხანი გავიდა, რომ ძლივს მოვედით გონსა.
—მაშ კარგი რამ ყოფილა?
—არა წამიკითხნია-რა მაგის ბადალი, ყოველ ევროპიულ ხალხის ლიტერატურაში დიდ განძად და ძვირფას სამკაულად ჩაითვლებოდა.
—როდის დაიბეჭდება?
—პირველ იანვრიდგან დაიწყება, ჯერ გაზეთში დაიბეჭდება და მერე ცალკე წიგნად.
—ხელადამ ბ. სარაჯოვისას კითხულობს, ვახშამიც ექნებაო.
აგერ რაღაც მანქანებით ათი კაცი შეყრილა და შემდეგი ბაასი აქვსთ:
—საგანგებო არ არის, თვითქო რაღაც აკლია, თვითქო დასრულებული არ არისო.
—დასრულება მეტიღა უნდა, ჩვენი ცხოვრება კი დასრულებულია? მაგან აღძრა კითხვა და ცხოვრებამ დაასრულოს.
—რას ბრძანებთ, რის კითხვა რის დასრულება! თავიდამ ბოლომდე გენიოსობა ეტყობა, ეგ უბრალო კალმით არ არის დაწერილი. მაგაზედ მეტი რაღა უნდა დაწერილიყო?
—გენიოსურია თუ არა, ეგ არ ვიცი და ეს კი ვიცი, რომ შეუსწორებელი ეგ არ დაიბეჭდება, ავტორი ვერ გაჰბედავს.
—იქნება შეასწოროს შენიშვნებისამებრ.
—ილია-კი იქნება სხვისა თქმით შეასწოროს, სულაც არ ახლებს.
—არ ახლებს და, გამოჩნდება...
—ამბობენ, არჩილში თავის-თავი ჰყავს გამოხატულიო.
—ამბობენ ნიკოლაძეს ძალიან მოსწონებია და ათარგმნინებსო. ერთსა და იმავე დროს გამოვა „ივერიაშიც“ და რუსულადაც „ახალ მიმოხილვაში“.
—რო თავის ქერქში დადგებოდეს ის ურჩევნია. ჯერ ქართულად ივარგოს და მერე რუსულად სთარგმნონ.
მერე, რომ ივარგოს, ვინ უნდა დააფასოს. მე კი არც ჩემს თავს, არც თქვენ არა გხედავ ღირსეულად, ქართულ ენის და ცხოვრების მცოდნედ, რომ ილიას ნაწერები დავაფასოთ. ეს ღვთაებრივი ქმნილებაა. სხვა კი არ შეგვიძლიან, უნდა ვისწავლოთ.
—ეგ თქვენ...
—არა, თქვენც და სუყველანიც...
ეს აზრების არევ-დარევა ჩვენში პირველი გაგონება არ არის. საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ, აქამდეც ჩვენ განათლებულ საზოგადოებასა და მწერალთ მეტადრე არ შეუძლიანთ ერთი აზრი შეადგინონ რომელსამე საგანზე, თუ ამისათვის ცოტად თუ ბევრად ჭკუის ანუ გულის შემწეობაა საჭირო.
ჯერ არ ვიცით ავისა და კარგის განრჩევა, როდის და რა გვეშველება! სხვაგან ამ შემთხვევაში მწერლობას მიჰმართავენ ხოლმე და მისგან შეიტყობენ ნამდვილს. როგორ გგონიათ: შეიძლება შევიტყოთ მართალი ჩვენ მწერლობისაგან და მის აზრს დავემყაროთ? ვაი შენს მტერს, რაც ნამდვილი ვერა გავიგოთ-რა! ის კი შეიძლება, რომ თქვენი ცოტად თუ ბევრად მართალთან დაახლოვებული აზრიც იქ დასტოვოთ და ისე წამობრძანდეთ. მაგალითად, გამოვიდა რამე ახალი თხზულება; თქვენ, რასაკვირველია, წაიკითხეთ და შეადგინეთ თქვენი აზრი, მაგრამ არ გინდათ თქვენს მსაჯულებას დაემყაროთ და გსურთ მწერლობისგანაც განმტკიცდეთ, თუ თქვენი აზრი შეუცდომელია; წინააღმდეგ შემთხვევაში აზრსაც შეიცვლით და სხვასაც მიეჩვევით. ჩვენი მწერლობის იმედი ნუ გაქვთ! ჩვენი მწერლები თხზულებათა დაფასებაში ჭკუა-გონებით, სწავლით, გამოცდილებით კი არა ხელმძღვანელობენ, არამედ პირად დამოკიდულობით ავტორთან და, იქნება, მის ჯიბესთანაც. წინადვე თვალში ამოღებული ჰყავთ მწერლები, რომელნიც თავის დღეში კარგს ვერას დასწერენ. არიან ისეთი ბედნიერებიცა, რომელთ საწერაზედ, რაც უნდა იყვეს, უკეთესი წარმოსადგენი არა იქმნება-რა. ეს კიდევ არაფერი! ჩვენმა მწერლობამ, წინასწარმეტყველებისამებრ, წინადვე იციან, ივარგებ მწერლობაში თუ არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, ეკუთვნი ეხლანდელ მწერალთა დასს, თუ არა, ავად თუ კარგად იხსენიებ ეხლანდელ მწერალთა მეთაურებს. ესეც არაფერი! თუ ხმა ამაღლე რომელსამე მწერალზედ, მაშინადვე სახლში მოგივარდებიან, როგორ გაჰბედეო; დაჰკრამენ ტელეგრაფს და ქვეყანას შეატყობინებენ: ამან ეს მწერალი ცუდად მოიხსენიაო, რა საბუთით?—სულ ერთია.
წარმოიდგინეთ სადამდის მიდის ჩვენ მწერალთა სიწვრილმანე და მათ დათვ-მოყვრულთა ერთგულება: მის მაგიერად, რომ პასუხი მოსცენ შენიშვნაზედ და დაარღვიონ შემცდარი აზრი, მტრად გიხდებიან არამც თუ მწერლები, არამედ მათი ნაცნობნი და ნათესავნიც. რო ჰკადრო რომელსამე მწერალს ზრდილობიანი და ცოტა საბუთიანი სიტყვა, ნუ გგონია, რომ მეორე დღეს მის მეგობარმა გამარჯობა გითხრას. ბატონო! რა უბედურებაა, კაცს სიტყვას არ ათქმევინებთ? არა მგონია ასეთი უკუღმართი მწერლობა სხვაგან სადმე იყვეს. სხვაგან მხოლოდ სიტყვიერი ბრძოლა იციან. ჩვენში კი მუშტსაც გიჩვენებენ: აბა ბანისკენ ჩამოიარე! საკვირველია და საზიზღარი ასეთი აზრის დევნა! ჩვენ მოთავეთა შესახებ ცუდს ნუ ამბობთო, მაგათზე უკეთესი დღეს არა გვყავს და, ეგენიც რო ჩვენვე დავამხოთ, სხვა რაღაც გვეზახოსო. კარგი და პატიოსანი! გაჰჩუმდით, მაგრამ მართლა ცხვრები ხომ არა ვართ, საითაც თხები წავლენ, თან მივყვეთ. ვგონებ, ცუდი არ იქნება, ვიცადოთ, გვიპირებენ საითმე წაყვანას თუ არა; თუ არა—მოთავენი, წინამძღოლნი, რა საჭიროა, თუ ჰო—გვითხარით! სად, საით, როდის, რისთვის? ეს ერთი. მეორე ნუ თუ უცოდველი გგონიათ თქვენი თავი, რომ თქვენ განკარგულებას მონებრ დავემორჩილოთ? მესამე, გუშინაც თქვენ ბრძანდებოდით მოთავედ, დღესაც, ხვალაც თქვენის იმედით ვეყრნოთ; იქნება თქვენ დღესვე მიგიწვეს საქმის დასამშვენებლად, მერე არ გვინდა ერთი შემზადებული კაცი გვყავდეს, რომ დაფანტულ ცხვრებივით ბღავილი არ დავიწყოთ?
ერთის სიტყვით, ჩვენი მწერლობის წარმომადგენელთ უნდა იდონ კისრად ის ცოდო, რომ დღემდის ჩვენში ავ-კარგის განრჩევა, კრიტიკა, არ არის. რასაკვირველია არის სხვა მიზეზიც, მაგრამ უმთავრესად, რაცა ვსთქვით, ის უნდა ჩაითვალოს. ასე, თუ ისე, ყველა დამეთანხმება, რომ დღეს კრიტიკა არ არის, არა! ამ არას ათასი სხვა ნაკლულევანება და ბოროტ-მოქმედება მოსდევს. ბოროტ-მოქმედებას იმისთვის ვამბობ, რომ ზოგ მწერალს კეთილი განზრახვაცა აქვს, მაგრამ დათვურად გვმოყვრობს. მაგის გარდა ჩვენში ბევრი ნასწავლი, ჭკუა-მახვილი კაცია, ნიჭიერი, თავის ერისთვის გულის-შემატკივარი, მაგრამ არ ემონება ეხლანდელ ერთ დასის ბატონობას, თავმოყვარეობა არ აძლევს ნებას უზნეო ლაყლაყ-მუდაბნაყებში ჩაერიოს და სხვაფრივ თავი ვერ უჩენია. სამაგიეროდ თავ-მსუბუქი ვაჟ-ბატონები ფართაშობენ სამწერლო ასპარეზზედ და მედიდურად გაიძახიან: ინტელლიგენციას ჩვენ შევადგენთ, „დედა-მიწის მარილი“ და სამშობლოს „ქვა-კუთხედი“ ჩვენა ვართ, აბა ჩვენ სამწერლო კალამს შემოაკვნიდეთო! გაიხსენონ მაინც დალოცვილებმა სიტყვები იმ „ვეფხის-ტყაოსნისა“ რომელიც მათ უღირსეულად ყოველ დღე პირზე აკერიათ:
„ყვავი რა ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია.“
რა საჭიროა ასეთი შესავალიო? იკითხავთ. რა ვქნა, ბატონო, გაჭირდა საქმე: დაგვებადა მრავალი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და სიმსუბუქეს მეტი თან არა დაჰყვათ რა. მივარდებიან მთელ დედა-მიწას და ერთ თაბახ ქაღალდზედ მოათავსებს უყოყმანოდ. რას მიჰქვიან ქვეყანას და მისი ძირი, ბუნება, კაცი, სული, ღმერთი, ნაცარი! ყველა ეს ავტორის კალამს უნდა ემონებოდეს. იმის კეთილ სურვილზედ არის დამოკიდებული, ქვა ქვაზედ დააყენოს, თუ თვით მზედა მთვარესაც კი ბინა უცვალოს. სიყვარული?.. ვაი სიყვარულს ბრალიც ჩვენ ავტორების ხელში. უბრძანებენ: შენ ეს და ეს უნდა შეაკავშირო!
—არ შემიძლიან, თქვენი ჭირიმე, თხა და მგელი ერთად როგორ ვაძოვო.
—რას მიჰქარავ, ის კაცია ის ქალი.
—მართალია, მაგრამ ის თხა და მგელი უფრო მორიგდებიან...
—სუ!...
კიდევ კარგი, რომ ჯერ-ჯერობით სქესთა განსხვავებას მაინც ემორჩილებიან.
ამ არეულ მონასტერში და ჭკუა-გონების სიბნელეში რო ხანდისხან მზე ჩამოაშუქებს—ყველასათვის სასურველია და სანატრელი. ბ. ჭავჭავაძე ჩვენს მწერალთა შორის მზედ ითვლება. ეს არის მიზეზი, რომ ყველანი მოუთმენლად ველოდით ბ. ჭავჭავაძის თხზულების გამოსვლას და მიღებისთანავე დავეწაფებოდით, სადაც უნდა ვყოფილიყო, შინ თუ გარედ. ავტორის სახელმა აღძრა ცნობის მოყვარეობა და, როგორც იყო, ძლივს წყურვილი მოვიკალით. ეხლა „ივერიის“ ნუმრები წინ მიგვიძევს და მინდა გადმოვარკვიო ჩემი შთაბეჭდილება.
არ ვიცი ჯერ, რა დავარქვა ამ თხზულებას? მოთხრობა? იქნება ავტორმა გვიწუნოს, მოთხრობის დაწერა არც კი მომიფიქრებიაო.
ყველა თხზულება ემორჩილება საერთოდ ლიტერატურის ისტორიის გამორკვეულს, ცნობილ კანონებს. თხზულებანი ირჩევიან როგორც გარეგანის ფორმით, აგრეთვე შინაარსით და კილოთიც.
ბ. ჭავჭავაძის თხზულებაში მარტივი სურათებია; ცალკე ფელეტონები ერთად არის შეკრებილი მხოლოდ ავტორის სასურვოდ. თუ მოთხრობად გადაკეთება გვინდა, რავდენიმე ფელეტონი უნდა ამოვშალოთ, გავასხლათ, მივაჯეროთ, ჩავუმატოთ, რომ მომქმედ პირთ რამე კავშირი ვუპოვოთ და ცხოვრების გზაზედ ერთად შევყაროთ. თუ არა და, ყველას მაგიერად ავტორი ლაპარაკობს, გამოჰყავს გმირი და თვითონ გვიამბობს: ეს ასეთია ეს ისეთიო; მართალია უსიამოვნოდ გვეჩვენებიან, მაგრამ მალე თვალს შეაჩვევთ.
სად არის მოთხრობის კვანძი? გიორგის, თუ ოთარაანთ ქვრივის დაბადება?
ყველას დასკვნა სიკვდილია, ეს ადვილი მისახვედრებელია.
ვინ არიან მომქმედნი პირნი—გმირნი მოთხრობისა წარმომადგენელნი იმ ცხოვრებისა, რომელსაც ავტორი გვიხატავს?
ოთარაანთ ქვრივი? სამაგალითო დასაწყევ-გინება რომ იცოდა, თუ შვილი რო ჰყვანდა და ზედ დაჰყვა ჭკუა-მიხდილი, სიცხიანი, ავად-მყოფი.
გიორგი? პირუტყვთა სიყვარულით რო კაცებს სცემდა, თუ კიდევ ქალი რო შეუყვარდა და თქმაც ვერ გაჰბედა?
არჩილი? ლაყლაყ-ლაპარაკად რომ არის გადაქცეული?
კესო? გიორგის სიყვარულს რომ ვერ მიუხვდა, თუ ძმის ლაყლაყს რომ უძლებდა?
მეწისქვილე?
თუ ძალუა, რომელიც არა სიცხით და ბოდვით, არამედ «სრულის ჭკუით და სურვილით» თავს იკლავდა თავის ბატონის გაყინულ ოთარაანთ ქვრივის ცქერითო?
იქნება ერთის თვალის გადავლებით ვერ მივიგენით ნამდვილ გმირებისათვის; ახლოც გავსინჯოთ თითოეული მოთხრობაში დასახელებული პირი. ამისათვის მოკლედ მოვიგონოთ შინაარსი მოთხრობისა:
გიორგი, ოთარაანთ ქვრივის შვილი, მოჯამაგირედ დაუდგა თავადი-შვილს არჩილს, რადგანაც არჩილის და, კესო, შეჰყვარებოდა და მასთან სიახლოვეს ყოფნა ჰსურდა. კეთილად და სინიდისიერად ემსახურებოდა გიორგი, მაგრამ ბედმა უმუხთლა: ერთ მშვენიერ შემოდგომის დღეს სათივედამ ჩამოვარდა, „ურმის ჭალს ზედ დაეგო ზურგითა“ და შემდეგ სული მიაბარა.
აქ, როგორც ჰხედავთ, უმთავრესი მომქმედი პირი გიორგია და მოთხრობა მის გარშემო არის აშენებული; მისგან უნდა დაგვეწყო განრჩევა, მაგრამ ავტორს უპირატესობა სხვისათვის უთავაზნია და ჩვენც ძალა-უნებურად უნდა დავემორჩილოთ.
ოთარაანთ ქვრივი.
მოთხრობას რად უწოდა ავტორმა ამ დედაკაცის სახელი? მისი დიდი სამსახური, ღვაწლი ქვეყნისა და შვილისადმი, მხოლოდ დედობა იყო. ისიც კი არა სჩანს მოთხრობიდამ, გარდასცა დედამ გიორგის თავისი ხასიათი, თვისება, ჭკუა, გონება, ან გარეგანი შეხედულობა მაინც, თუ არა?
თვითონ ოთარაანთ ქვრივი კი ხშირად გაიძახოდა: „სულ ცხონებული მამა, ცხონებული მამა!“
მოთხრობაში ერთი მაგალითიც არ არის, რომ დედას შვილზე ავი ან კარგი გავლენა ჰქონდეს და მის სურვილი შეცვალოს მაშინაც კი, როცა გიორგი თავის ხასიათით ბევრს ხიფათს ეთხევოდა და როცა ახალ-გაზრდობით, ცხოვრების უცოდინარობით, განსაცდელში შედიოდა. როდესაც გიორგის კესოსადმი სიყვარული და არჩილთან მოჯამაგირედ დადგომის სურვილი შეეტყო ოთარაანთ ქვრივსა, ერთის სიტყვითაც არ დაუშალა, „გარდაწყვეტილი არა უთხრა-რა“. იქნება ამ თქმაზედ კი იყო დამოკიდებული გიორგის მომავალი ბედ-იღბალი. მერე ოთარაანთ ქვრივი მიეგზავნა კიდეც შვილს არჩილთან თანხმობის გამოსაცხადებლად. შემდეგ სრულიად იკარგება მოთხრობიდამ შვილის სიკვდილამდე. თვითონაც ხომ მალე ლოგინად ჩავარდა და მოკვდა; მაშასადამე, ავტორის და მკითხველების ყურადღებას ვერასფერით ვერ დაიმსახურებდა.
მაშ რა შუაშია ოთარაანთ ქვრივი? ნუ თუ სულაც რომ ამოვშალოთ ეს დედაკაცი, მოთხრობას რამე დააკლდებოდა, გარდა მისივე სურათისა? რისთვის არის ჩართული ეს სურათი და რავდენიმე ფელეტონი რად მოანდომა ავტორმა საკუთრად ამ სურათს?
ხშირად მოვა თქვენთან ნაცნობი, ანუ უცნობი, რამე საქმისათვის და იმის მაგიერად, რომ პირ-და-პირ საქმეზედ დაგიწყოთ ლაპარაკი, შორითგან მოჰყვება: გიქებსთ მამას, დედას, შვილს, ძმას; მერე გადაჰკერით და შემდეგ ცხადად გამოთქვამს თავის სურვილს. სწორედ ასე, ვგონებ, მოსვლია ჩვენს ავტორსაც. მთელი მისი კალმის ძალა, თვალ-ყური, სიმპატია, მოქცეული არის ოთარაანთ ქვრივისკენ, მაგრამ „ერთი მერცხალს ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო,“ ერთი ოთარაანთ ქვრივი რა მოთხრობას ააშენებს, საჭიროა მიჰკერდეს ვინმე; მიჰკერდნენ კიდეც.
მოთხრობა ოთარაანთ ქვრივით იწყება, იმითვე თავდება, ის რომ არ ერიოს მოთხრობაში, წასაკითხავადაც აღარ ევარგებოდა. მხოლოდ ამ გმირ დედა-კაცისთვის მოუხმარებია ავტორს თავისი მხატვრობითი ნიჭი, ადამიანის სულის ცოდნა.
იქნება მართლა საყურადღებო არის რამე, აბა კარგად დავაცქერდეთ.
„ოთარაანთ ქვრივის კარმიდამოში მზის და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად... ასეთს ოლიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა... ეგრე უყად რომ გლეხ-კაცობა სადმე მდგარიყო, ნამეტნავად თუ შიგ ერია სოფლის მოხელე ვინმე,—ნაცვალი თუ მამასახლისი,—და ოთარაანთ ქვრივი მიმავალი დაენახათ, ისე გაიფანტებოდნენ ქუდი-ქუდზე, თითქოს ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო... ყველას ეშინოდა... ტირილით გაჭირვეულებულს და გაკაპასებულს ბალღებსაც-კი ოთარაანთ ქვრივის სახელით აშინებდნენ.“
მტრის კარს, მტრის კარს! წამოგცდებათ უნებურად.
„ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ მოუვიდოდა. ძნელად იქმნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე: „რას მიქვიან ტკბილი სიტყვა“... გლახა მთხოვარსაც-კი თავისებურად წამოულაგებდა: ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უშნო თავი, ნამუსი აღარა გაქვს... შე გულ-გლახო... შე ორყაო... აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი! რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ... შენი ბრიყვი თავი... ფუ, შენს ნამუსსა... შე არ დასარჩენო... შე დასალუპავო... დაგელოა ეგ შავი მიწით ამოსავსები პირი, შე პირშავო შენა და შენი დღენი ძაღლივით სხვას შეჰყურებ აცა გამოხრულ ძვალს გადმომიგდებენო... შე არ დასაცალმებულო... დახე, დახე ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭისავით გათხიერებულა, ლუკმა-პურის შოვნის უნარი-კი არა აქვს..
რისთვის და ვისთვის არის საჭირო ეს დასაწყევ-თრევის ლექსიკონი? საშვილო-შვილოდ ხომ არ გინდათ შეინახოთ. ბარემ სკოლებშიაც შეასწავლეთ!
ამ სიტყვების მიუხედავათ ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი გულის ადამიანი ყოფილა. „არც სხვას შეირჩენს, არც თავისას შეარჩენს სხვასა.“ აი ყველა ავტორისაგან მოყვანილი ფაქტები ოთარაანთ ქვრივის გულ-კეთილობისა:
ერთს ქვრივს წვრილ-შვილიან ღარიბ დედა-კაცს ოთარაანთ ქვრივი „ყოველ კვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთს ბადია კორკოტს თავის ფეხით გადუტანდა ხოლმე: აჰა ხეთქეო!..“
„გლახა მთხოვარა ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს რითიმე არ გაეკითხა.“
„თუ მეტად შესაბრალებელი და ღონე მიხდილი გლახა შეხედებოდა, ერთი ორიოდ ჩარექა კაი ღვინოს გადაასხ-ხებდა.“
ერთხელ ერთი მათხოვარს ერთს შოლტი საყელამნე უყიდა ექვს პურად და თავში მიახალა.
ასეთი კეთილი გულის ადამიანი სოფელმა ვერ დააფასა: „კაცი ვერ იტყვის, სძულდათ თუ უყვარდათ.“ ავტორს არა ერთხელ გაუგონია გლეხებისგან ოთარაანთ ქვრივის დანახვაზედ: „წამოვიდა მეხი და ვაი იმას, ვისაც დაეცემა.“
—„ოთარაანთ ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო, ამბობდნენ სოფელში.“
„მართა ასე იყო თუ არა, ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივ დედაკაცსა.“ ბრძანებს ავტორი, მაგრამ მე მეზარება იმ დედა-კაცისკენ გამგზავრება და დარწმუნებულიც ვარ, ნამდვილს ვერ შევიტყობ. ერთმა რაც უნდა სთქვას, როდესაც მთელი სოფელი სხვა-ფრივ მოწმობს. ამ მოწმობას ზედ ერთვის შემდეგი მოსაზრებაც: ადამიანი საზოგადოდ, დიდი თუ პატარა, მეფე თუ მათხოვრა, კაცი თუ ქალი, ყოველთვის ცდილობს უკეთესად ეჩვენოს სხვებს, ვიდრე ნამდვილად არის, უნდა ყველას მოეწონოს. ეს ბუნებითი კანონია და მარტო ადამიანებს კი არა, პირუტყვთაც უჭირავთ. ძალად ავად თავის გამოყვანა შეუძლებელია. მთელ ოც-ორმოც წლობით ცხოვრებაში აქტიორობა ოთარაანთ ქვრივისა წარმოსადგენი არ არის. ის კი შეიძლება: სამეტანისაგან გულისა ბაგენი მეტყველობდენ, შეიძლება ოთარაანთ ქვრივი ძალიან ავი იყო და ყოველთვის ავი სიტყვა ეკერა პირზედ.
„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა.“
აი მცირედი შემთხვევა, რომელიც ცხადად გვიხატავს ოთარაანთ ქვრივის ზნეს:
ცხვირ-პირ დასისხლიანებული გიორგი, გულის პირ ჩამოგლეჯილი შინ მოუვიდა დედას.
—ეგ რა არის, შვილო? მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი?
—კუჭარაანთ თედომა მცემა.
—რადა?
—თედოს მანასანთ გოლასთვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია მე პატარა.
—მერე წაართვით?
—წავართვით.
—რა უყავით?
—ისევ გოლას მივეცით.
დედას იამა და შუბლზედ წარბი გაეხსნა.
—ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიაჭრავ ცოტა, გაიზდები დაგავიწყდება, უთხრა შვილს.
—არ დამავიწყდება, დაიცა ერთი გავიზარდო! მე ვუჩვენებ ცემა როგორც უნდა.
დედამ შვილი გულს ჩაიკრა.
—სულ ცხონებული მამა, ცხონებული მამა, გაიხარა დედამ...
აბა მიბრძანეთ რა იყო აქ გასახარელი გულ-კეთილ ადამიანისათვის? არ დამავიწყდებაო, გარდავუხდიდიო?
ან როგორ შეიძლება დაუფიცოთ სიავე ოთარაანთ ქვრივს, როდესაც თვითონ ამბობს:
„ფული რა არის?!.. ხელის ჭუჭყია, ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე,—ეს რადა ღირს?“
ეტყობა ავტორს ან არ უნახავს თავის თვალით ოთარაანთ ქვრივი, ან ვერ უცნია. რომელს ირჩევს?—
აი კიდევ ახირებული თვისება ოთარაანთ ქვრივისა.
საზოგადოდ ქალებს, ქართველთ მეტადრე, ცრემლი გულით დააქვთ; ბრალიან უბრალოზედ, გულის საქმეა თუ მუცლისა, ლაპალუპით გადმოსდით მდუღარება. ოთარაანთ ქვრივი სულ სხვა ყოფილა; იმასთან ქალები კი არა კაცებიც ღმერთმა შეარცხვინოს. ოთარაანთ ქვრივი კი იქნება ცრემლი უჩვენოს ვისმე. გიორგი ოც-და-ერთის წლისა იყო და «დედის თვალზედ ცრემლი არ ენახა... არ ახსოვდა;» როცა ნახა, «ეუცა, გაუკვირდა». არა ჰგვანებია ტარიელ-ავთანდილს, თვალთაგან ზღვას სდიოდათ. ოთარაანთ ქვრივს კი შვილი უკვდება და მაინც თავის სიამაყე ახსოვს, ერთი ცრემლიც არ გადმოაგდო, ვიდრე ყველა კარში არ გამოყარა: „ეხლა კი წაიშინა თავში ხელი ოთარაანთ ქვრივმა, რაკი მარტო იგულა თავი.“
გაუგონიათ: „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა“ და ჰგონიათ, ყველა ჭირის ატანა შეიძლებაო. ან ოთარაანთ ქვრივისთვის შვილის სიკვდილი განა ჭირი იყო? ერთად-ერთი შვილი, რომლისთვისაც ოცი წელიწადი მარტოდ-მარტო ივაივაგლახა, ათასი წყენა და შეურაცყოფა გამოიარა, ეს ერთი შვილი მოულოდნელად უკვდება; ერთად-ერთი ცხოვრების საგო, თვალის ჩინი, იმედი და ნუგეში უცბად უქრება! ეს განა ჭირია?
ჩემის აზრით, ეს სიკვდილია, სიკვდილზედ უარესი და სიკვდილი, ხომ მოგეხსენებათ, ისეთი რამ არის, რომ, არამც თუ სიმხნევეს, სიმხდალესაც კი დაავიწყებს კაცსა, ათას ავტორთაგანაც რომ იყოს შეთხზული.
„მისგან ყოველი გაწბილდეს სუსტი და ძალ გულოვანი“... „ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცადა ვიყო ცნობასა.“
ამბობს პოეტი-ფილოსოფოსი.
„ჩამაქვავეთ, ჩამქოლეთ... მიწა მომაყარეთ!“ იციან ქართველებმა ამისთანა შემთხვევაში, თუ ხმის ამოღება შეუძლიანთ.—
არც ოთარაანთ ქვრივის სიკვდილი მიმაჩნია ნამდვილ მოვლენად. ავტორი ასე მოგვითხრობს:
«შობა ღამეს... ბნელ ოთახში... ტახტზედ იწვა სნეული, ქვეშაგებად ჩავარდნილი, დამჭნარი, მილეული და თითქმის სასიკვდილოდ მიხრწნილი ოთარაანთ ქვრივი. არ ეძინა.
—ვინ მეძახის, ვინ! იძახოდა ძალ დაკარგული სნეული თავის გულში: წადი, წადიო! რად იძახის გული, რად მიწევსა, რად?
—მივაღწევ-კი... ჰკითხა თავის თავს; ფეხის გადადგმის ილაჯი აღარა მაქვს... გზაზე დავეცე სადმე და სული დავლიო, ხომ საალალედ გახდე ჩემი ლეში... რად მეძახი, რად!.. შეწყვიტა ხმა მაღლა კვნესითა და ვაებითა და მაშინვე გადაჰხედა ცეცხლა-პირას მყოლარე ბებერ დედა-კაცსა; ხომ არ გამოვაღვიძა და არ შემიტყუაო.
—სძინავს!.. სთქვა ისევ ჩუმად სნეულმა: მეც მალე დავიძინებ... სულთა მხუთავი კარს მირაკუნებს, დავიძინებ და, მადლობა ღმერთსა, აღარ გავიღვიძებ... მეყოფა.
ამის თქმაზედ სნეული გაუჩერდა, თითქოს რაცა სტკიოდა დაუყუჩდაო.
კიდევ!.. კიდევ მეძახის!.. დღევანდელ დღეს დაიბადე, დღევანდელ დღეს!.. მოვდივარ, მოვდივარ!..»
მე ჩემის მოკლე ჭკუით ვერ მიმხვდარვარ და, თუ შეიძლება, კარგად შემატყობინეთ: ვინ, ვის და რისთვის ეძახის?
გულში იძახოდა, გული მეძახისო! ვინ, ვის ჰკითხავს: ვინ მეძახის, რად მეძახისო? ვის ეუბნება: მოვდივარ მოვდივარო! სულთამხუთავს ხომ არა, კარებს რომ ურაკუნებს?
აბა ერთი გრამატიკულად გამირჩიეთ ეს ფრაზები, რომ მაშინ მაინც შევიტყო აზრი. მაგრამ თქვენ მიპასუხებთ: რა დაგემართა, კაცო, ვერა ჰხედავ დედა-კაცი უკანასკნელად მიხრწნილა, ჭკუა დაჰკარგვია და შენ მომაკვდავის ბოდვაში გინდა გრამატიკა და ლოგიკა ამოიკითხოო? ან რათომ არ გაიგონე სიტყვები: „დღევანდელ დღეს დაიბადა, დღევანდელ დღეს!“ ეხლაც ვერ მიხვდი, ვინ ეძახისო?
ჰო!.. ეგრე ყოფილა? ახლა კი მივხვდი და, თუ შეიძლება, შეგირდსავით „ჩემი სიტყვით“ მოგახსენებთ ამ ძახილის ამბავს.
ოთარაანთ ქვრივი, შვილის სიკვდილის შემდეგ, დასნეულდა, დაჭნა, მიილია, ლოგინად ჩავარდა და თითქმის სასიკვდილოდ მიხრწნა; ადგომის იმედი არცა აქვს და არც უნდა. მას ენატრება მხოლოდ ის ჟამი, როდესაც საიქიოს თავის შვილს შეეყრება. შვილის უბედურობამ საყვარელი ქმარიც-კი დაავიწყა. თუ მოაგონდება, როგორც დიდი ხნის სიზმარი, ერთს წუთს გამოჩნდება და მაშინათვე მიიმალება. სხვა დროს, დღისით თუ ღამე, სიზმარში თუ ცხადივ, სულ გიორგის ჰხედავს, გიორგი ელანდება. აი ეხლაც ოთარაანთ ქვრივს არა სძინავს. დიდის ხნის უძრაობისგან, ავად-მყოფობისაგან, უძლურებისაგან და უმეტად სევდა-დარდისაგან ჭკუა დაჰკარგვია, გონება დაჰხშობია და ბურანში ჩავარდნილა. არც ძალაა, არც უძლობა...
უცბად შემოესმა ნაცნობი ხმა, ის ხმა, რომელსაც ოთარაანთ ქვრივი ათი-ათასშიაც გამოარჩევს, ის ხმა რომლისთვისაც თავის სხეულს თავისავე ხელით ნაჭერ-ნაჭრად აქცევს და სულს სამუდამოდ ჯოჯოხეთისათვის არ დაინანებს. ეძახის:
—დედი!
—შვილო, გიორგი!!..
—ჰო, დედი მე ვარ!
—სადა ხარ, შვილო, დამენახე!...
—აქა ვარ, დედი, მოდი!
—ეხლავე, შენი ჭირიმე!...
წამოხტა საბრალო დედა. სად კაბას წამოავლო ხელი, სად ცალ წინდას და ცალ ქოშს, ან იმასაც არა, გამოვარდა კარში და მიირბის... სად? იქ, სადაც არა ერთხელ ყოფილა, ვიდრე ლოგინად ჩავარდებოდა, და საითკენაც დღე და ღამ დარბიან, დასეირნობენ მისი ფიქრები, გრძნობა, ჭკუა, გული. გზა არ შეეშლება, თვალ-დახუჭულიც კარგად მიაგნებს, ოღონდ კი ფეხებმა არ უმტყუნონ და, თუ უმტყუნს—სულ ერთია; დედის და შვილის საფლავი და ორივეს გაუერთებაც იქ არის, სადაც დაეცემა...
„პოეტი“—ავტორი-კი, თავისდა უნებურად, გვარწმუნებს, ოთარაანთ ქვრივს სიკვდილამდე სრული ჭკუა შერჩაო.
ჭკუა რომ არ შერჩენოდა ამისთანა სამძიმრებს ვინ მისცემდა:
ქვეშაგებში უღონოდ (მთქნარებითაც ხომ არა?) წამოჯდა. ჩაიცვა თბილი წინდები (არ შესცივდესო), თბილი ახალუხი (დილებსაც ხომ შეიგრილა!), ზედ გადაიცვა კაბა (ურიგოდ არავინ დამინახოსო?): მოიხვია თავს შავი (სხვა არ შეჰფერის ქვრივსა) შალი, გადმოცოცდა ქვეშაგებიდამ, წაჰყო ქოშებში ფეხი და უღონობამ სძლია: ფეხი ვეღარ წასდგა. დაჰბარბაცდა და ცალის ხელით ქვეშაგებს უკანვე გადაებღონა,—არ წაიქცეო. ცოტა ხანს ხელ დაბჯენილი იდგა გარინდებული. როცა პატარა მოჰსულიერდა, მისწვდა ჯოხს, ქვეშაგებზედ მიყუდებულს, და ფეხ-კრეფით (იქ მწოლ დედაკაცმა არ შემიტყოსო) გავიდა სახლიდამ. უღონის სიარელით ეზო გაიარა, ორისავე ხელით წინ წაღლილ (?) ჯოხზედ დანდობილმა, ეზოს კარიდამ რომ ავად-მყოფმა ფეხი ორღობეში გადმოსდგა (მადლობა ღმერთს, კარში გამოსწია!) და დაინახა ახლად მოსული ფეხ-უხლებელი თოვლი (ესეც არ გამოპარვია) სთქვა: ჯერ უმინდური და შერთული ფეხი ადამიანისა (სიკვდილის ჟამსაც გულ-კეთილობა!) არ მოჰხვედრია და არ გაუცოდვიანებია ეს უცოდველი თოვლი... კიდევ! მოვდივარ, მო!“...
ჭკუაა თუ უჭკუობა?—
ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ საფლავზედ მოსიყვარულეთა სიკვდილი „პოეტ“-ავტორის ფანტაზიით არ არის გამოგონილი.
გიორგი.
ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოც-და-ერთის წლის ბიჭი იყო, ჯმუხი და ძარღვიანი, შავგრემანი, კუპრივით შავი, კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაშით და დიდრონ ქორულ თვალებით. „კაცი თვალს მოარიდებდა პირველ თვალის მოსწრებაზედ: ხოლო რავდენსაც უფრო დააკვირდებოდით... უფრო და უფრო მოგეჩვენებოდათ (კაცი ჭირსაც შეეჩვევაო“—ისე ხომ არა?).
თუმცა გიორგი „სულ პირ-დაღვრემილი და წარბ-შეკრულია, მაგრამ ბევრს სოფლის საპატარძლოს ქალებს თვალი დარჩენიათ გიორგიზედ, ბევრს შევარდნია გული, ბევრს ჩანახვია გულში იმისი სიყვარული.“
ერთი ფაქტი მაინც ვიცოდეთ!
„მუშაობაში ხომ მთელ სოფელში ამას სწორი არა ჰყვანდა თითქმის... ერთი გიორგის ხელეური მთელ ძნად შეიკვრისო, ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედა მიწა უნდა შუ-გულამდე ჩაანგრიოსო (შუაგულამდე ჩანგრევა არ გამიგონია). მარტო-ხელი ძნის ურემს დასდებს და შინ მიიტანსო.“
ბევრს ამისთანეებს ლაპარაკობდნენ გიორგიზედ სოფლელები და მუშა კაცობას სახელი გავარდნილი ჰქონდა.»
გამოიყენა რამიმე ეს მუშაობა, ერთი ჩხირიც არის შეჰმატა თავის ოჯახს, თუ ამაოდ, უბრაქოდ იკარგებოდა მისი შრომა «ეშმაკის მუშასავით»? ან იქნება ისეთი გარემოება ეხვია გიორგის და საზოგადოდ ყველა მის მოძმეს, რომ, რაც უნდა ბევრი ეშრომათ, არაფერი დარჩებოდათ? ამ საინტერესოდ კითხვაზედ ამაოდ ველით პასუხს.
რომ ღონე და გამრჯელობა ჰქონია გიორგის, მაგაზედ დავეთანხმებით ავტორს, მაგრამ ნაცვლად ვთხოვთ უარჰყოს თანხმობას გიორგის უხერხულობაზედ, რომელიც გიორგიმ თავის მოულოდნელის და უცნაურის სიკვდილით დაგვიმტკიცა. ეს არაფერი.
სხვა-ფრივ ახირებული კაცი ყოფილა ი დალოცვილი გიორგი. იმის შიშით ღორსაც კი ვერავინ შეაწუხებდა. მაშინადვე „ჰკრავდა მოგვერდს და გაჰკრავდა დედამიწას, როგორც შოთი თონესა.“ ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, გიორგი პირუტყვთა საზოგადოებას წევრი ყოფილა პირუტყვის გულისთვის კაცს წაუშენს სასრესაო, თორემ
—„ახლა ჩვენში რომ გვითხრა, რა დავა ჰქონდაო“?
ეკითხება ერთი სოფლელი მეორეს გიორგის მეტი-ჩარაობაზედ.
—ეგა სთქვი და გაათავე, მეც ეგ არ მიკვირს. აკი ვამბობ, ეგ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზედ-მეთქი.
—დედაც ხომ მაგისთანა გადარეული და დამთხვეული ჰყავს. მამაც-კი—ღვთის წინაშე—ცოტა არ იყოს მოუსვენარი კაცი იყო. ეგეები იმასაც იცოდა.
მოუსვენარნი იყვნენ და, მოგცათ ღმერთის წყალობა, მთელს სოფელს ჯავრი ამოჰყარა ავტორმა: ისეთი ჭირი შეახვედრა გიორგის, რომ სიზმარშიაც არ მოელანდებოდა. ათასი წელიწადი რო იცოცხლოთ და სულ გიორგიზედ იფიქროთ, მაინც ვერ მიჰხვდებითა რა უბედურება ეწვია ამ საწყალს. თვითონ ისიც კი ვერ მიხვდა, ვინც უბედურობის მიზეზად გაჰხდა.
ზღაპრებში რომ არის წყევლა: «აი შენც ჩაგვარდნია გულში ამა-და-ამ დევის ქალის სიყვარულიო,» სწორედ ასე მოავჯადოვა ავტორმა: თავადი შვილის ქალის, კესოს, სიყვარული ჩაუდო გულში და კლდე-ნაცემსავით დაარეტიანა.
საითგან, როგორ, რამ გააჩინა სიყვარული, რამ გაჰღვივა? სად შეჰხვდა გიორგი კესოს, ლაპარაკი ჰქონდათ, უნახავს სადმე, თვალი მოუკრავს როდისმე, თუ არა? მოთხრობაში ერთი სიტყვაც არ არის.
უცნაური სიყვარულია სწორედ!
ყველა კაცი კაცია, მაგრამ ყოველთა შორის ხომ არ აღიძვრის სიყვარული. ევროპიელთ და ბუშმანტა შორის განა შესაძლებელია ის წმინდა სიყვარული, რომელიც ღვთისგან ნაკურთხია და პოეტთაგან ქებული? გვარ-ტომობას და საზოგადოებრივ თანასწორებას დიდი გავლენა აქვს ადამიანზედ და მის გრძნობაზედ. გლეხი ვერ შეიყვარებს ხელმწიფეს, იცის რომ ეს მოუხდენელი, აღუსრულებელი ოცნება იქნებოდა. ერთს წამსაც არ გაუვლის თავში ეს ფიქრი და გული კი იშვიათად მოატყუებს ნამდვილ ბუნების შვილს. ხშირად ქონებით განსხვავებასაც კი აქვს მნიშვნელობა. გლახამ იცის, რომ მილიონერი ქალს არ მიათხოვებს და ფიქრადაც არ მოუვა ასეთი სიკეთე. რამე განსაკუთრებითი გარემოება უნდა ხელს უწყობდეს, რომ დიდთა და პატარათ შორის, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, სიყვარული აღიძრას, მაგალითებრ: როდესაც დიდი თავს უსწორებს, უყადრებს პატარასა; როდესაც დიდი და პატარა ხშირად ჰხედვენ ერთმანეთს, ლაპარაკობენ, სციან, ერთის საქმეს ემსახურებიან, რომელიც მათ აკავშირებს; ერთმანერთის კარგად გაცნობის შემდეგ, გულიც გაუსწორდებათ და გრძნობაც გაურთიერთდებათ.
ჩვენში გვარი-შვილობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ თავადთა და აზნაურთა მოყვრობა იშვიათი მოვლენა იყო და არის. თავადი თუ შეირთავს აზნაურის ქალს, თორემ თავადის ქალი ძნელად იკისრებს აზნაურის ცოლობას. აზნაურთა და გლეხთა შორის უფრო სიახლოვე ეტყობა, მაგრამ აქც გლეხმა უთუოდ კანი უნდა იცვალოს, თუ გლეხი ან ნასწავლი არ არის, ან სასულიერო წოდებისა, ან სამსახურში მყოფი, ან ქალაქში მცხოვრები, ნუ გგონიათ, რომ აზნაურმა ქალი მისცეს. კარგის ოჯახის გლეხის ქალი კი შეიძლება „შადი-აზნაურმა“ შეირთოს. თავადთა და გლეხთა შორის ხომ, ავტორისავე სიტყვით:
«ხიდია ჩატეხილი, შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანერთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია. იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსებით შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი.»
ეხლა მიპასუხეთ, გიორგიმ რომელი შეიყვარა: «მარგილი თუ ტყლაპი»? სხვას ხომ ვერას დაინახავდა?
ავტორისავით სასტიკად არ მოვექცევი გიორგის და, «გიჟი იყო თუ არა», მაინც ადამიანობას არ დავუკარგავ. დავეთანხმდებით, რომ გიორგის ძალიან შორს-მჭვრეტელი თვალი ჰქონდა და ზედ-მიწევნით განარჩია ნისლში ამოდებული საგანი. თვალების თუ დურბინდის წყალობით, მან დაინახა, რომ იქ იყო ლამაზი (იქნება მახინჯიც—მოთხრობაში სიჩუმეა) ქალი. შეუყვარდა ეს ქალი და როგორ? აქც «პოეტსა» გრძნობა შემოაკლდება, ან «დამჯდარი ჭკუა» ვეღარ წამოეყენება და გიორგის სიყვარული ვერ გაურკვევია. განა არა გიორგისაც დაუტყვია, რომ იმის სიყვარული სასაცილოდ გახდებოდა და საწყალმა ავტორს მიჰმართა თხოვნა, ვედრება:
არა შენი ჭირიმე, მაგას როგორ ვიფიქრებდი, «მე ვინ და ის ვინ... სად მივწვდები ცაში ვარსკვლავს, ხატსავით ვლოცულობდი... მზესავით მინათებდა... მე ისიც მყოფნის რომ ყოველ ცის ამარა დღეს მზეს ვუყურებ.»
ეს სიყვარული სულ სხვა ხილია. ბევრი ამხანაგთაგანი, ქალი თუ კაცი, ბევრი უსულო საგანიც გვიყვარს სხვა-და-სხვა სიყვარულით. ვის არ უყვარს კარგი ყვავილი, ვის არ უნდა ვარდი მუდამ თვალ-წინ ედგას, მაგრამ ეს სიყვარული ის სიყვარული არ არის, რომელიც გიორგის დასწამეს. თუ ამაზედ დამეთანხმებით, მაშინ გიორგის ყოველი ქცევა ადვილად ასახსნელია. ის, რომ ოც-და-ერთის წლის გიორგის რაღაც «დარეტიანება» დაემართა, კესოს ბრალი არ იყო, აქ სულ სხვა მეტად ცხადი მიზეზია; ამან დედას რომ თავი დაანება და ვარდის ახლო ყოფნა არჩია—რა გასაკვირველია. მაგრამ კანკალი, «ფეხის ძალღვის დაჭრა, ბარბაცი, თითქო მეხმა ახლო გაუარაო, თვალების აბმა, რეტის დასხმა, გულის ჭიდილი, და სხვა—სულ «პოეტის» ფანტაზიას ეკუთვნის. იქნება, ერმალვა კანკალად მიიღო, ვარდის ცქერით სიამოვნება—თვალების აბმად და ყნოსვის დატკბობა—რეტის დასხმად. გიორგის ამ შემთხვევაში ბრალი არა აქვს; „კარგს მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო.“
გიორგისაგან სიკვდილის დროს საიდუმლოს სიტყვით გამომჟღავნება მეტია, უშველებელი მონოლოგები ხომ სულ გადაჭარბებაა.
არჩილი და კესო.
«არჩილი ახლად გადმოსული იყო რუსეთიდამ. სწავლა იქ შეესრულებინა. ერთი გასათხოვარი და-ღა ჰყვანდა და და-ძმანი ერთად ცხოვრობდნენ... სოფელი ძალიან ემადლიერებოდა ამ და-ძმასა, კაი ხალხიაო, ყველა ამას იძახდა.“
რით იყვნენ კარგი და, მაშასადამე, რა მოსწონს სოფელს? სწავლა განათლებამ გააკარგა, თუ სიკარგე ნათლიამ დანათლა და ცხოვრებამ ვეღარ შესცვალა?—პასუხს ნუ ეძებთ.
მოთხრობიდამ კი არჩილის სიკარგეს მხოლოდ ლაპარაკში ვხედავთ, ლაპარაკი ძალიან უყვარს და ყოველთვის მოხარულად ისარგებლებს მსმენელთა ყურით:
«არჩილს ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც.»
როდესაც გვერდით სხვა რამ ვინა ჰყავს, დას ჩააცივდება და იმასაც ძალა-უნებურად ყურში უნდა უგდოს და პასუხი აძლიოს.
„მეყოფა!.. დავიტანჯე!“ ბღავის უბედური, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, არჩილმა ეგრე მალე ენა არ შეაჩეროს.
რაღაც აზრები უტრიალებს არჩილს თავში და თვითონაც ვერ გამორკვეულა. სწუხს:
„ჩვენ და გლეხთ შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქითა ნაპირას დარჩნენ, ჩვენ აქედ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანერთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია... ერთმანერთისა არა გვესმის-რა... მკვდარი ცოცხალს ვერ დაინახავს, ვერ გაიკითხავს ცოცხლურად...“
თავისი თავი არჩილს სძაგს, ეზიზღება (საწყალს საითგას სწვევია ეს უდიდესი ტანჯვა მხოლოდ კაცისათვის დაარსებული?), გაღმა მხრულები კი ენანება, ებრალება. რად? იმიტომ რომ
„გლეხ-კაცისთანა ხარბს, გლეხ-კაცისთანა გაუტანელს, გლეხ-კაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს ძნელად თუ ვნახავთ სადმე, მაშინაც-კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოიგდებს: დაარჩობს, მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღა სჩივის!..“
„მჯერაო,“ დაც კვერს უკრავს.
ხიდს აღდგენა უნდა, მაგრამ რითი, როგორ? არჩილს ამისი წამალიც ამოუჩენია. აბა რა არის, თუ მიჰხვდებით?.. ვერა? მაშ ისევ არჩილს და კესოს დავუგდოთ ყური:
„ზოგჯერ ცრემლი მდუღარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია, ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი. ცრემლი ზოგჯერ ფარია და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალია, გველსაც უეჭმავს.
მაგით რა გინდა სთქვა?
—შენი ტირილი მიხარიან... მეც ვიტირებდი, რომ მარტო უკან-ღა ვიხედებოდე, როგორც ეხლა შენ. იქ, უკან ბნელია... ღამეა...
—და ხიდია ჩატეხილი, ხიდი!.. წამოიძახა კესომ.
—ეგ მინდა, რომ ყველამ ვიცოდეთ. შენ ეხლა ჰხედავ, შენ ეხლა იცი.
—ვიცი და ვსტირი...
—ამიტომაც მიხარიან შენი ტირილი... (ჩვენც ვეტიროთ?)
—არჩილ, წინ რაღაა, წინ! შეჰბღავლა უცბად კესომ.
(კარნი, კარნი!..)
—ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მიიტანს რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი გაამთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა,—შუქია წინასი და შუქი ხომ...»
ახლა ხომ მიხვდით?!..
ოთარაანთ გიორგი, არჩილის შეხედულობით,
«მთელი წიგნი იყო... წიგნი ცხოვრებისა... თვით უკვდავება მშვენიერს სულში... ცხოვრების ცოცხალი ხატი... თაყვან საცემელი ღირსება... ის, ვისაც „ცის სხივით აცისკროვნებს მშვენიერება“ სულისა.“
შეირთავდი? ჰკითხავს არჩილი კესოს.
—არა!..
—მეც ეგრე მოვიქცეოდი. გამოდის, რომ თუ არ გვარი-შვილობა..“
„სიტყვით სწორნი, საქმით კუზა“ სწორედ ესენი არიან. არა, თქვე დალოცვილებო, თუ მაგისთანა ღვთაებრივ ღირსებას არ იკადრებთ და გვერდს უქცევთ, რადღა იწუხებთ თავს და ჩვენც გვაბეზრებთ ლაყლაყით და რაღაც ჩატეხილ ხიდებით?!
ახლა ერთს კითხვას ჩვენცა გკადრებთ:
მდიდარი ვაჭრის ქალი, ქალწული ანუ ქვრივია, რომ იყოს, კარგ მზითვიანი, იმას ხომ მიირთავდით?.. გიცნობთ!..
მეწისქვილე.
ამ უბედურს მეწისქვილეს რაღად დაურღვიეს მყუდროება. ვინ იცის, ოთარაანთ ქვრივს თან გაჰყვა და ეხლა ტყუილ-უბრალოდ საფლავი შეუნგრიეს. რადა, რისთვის? მოთხრობაში სულ ორ-სამ ადგილას ამოყოფინეს თავი და ისიც იმიტომ კი არა, რომ თვითონ ყურადღების ღირსი იყოს, არა, სულ სხვა მიზნით: ნეტარ-ხსენებულმა ოთარაანთ ქვრივმა, როგორც მოგეხსენებათ, დააფორიაქა მთელი სოფელი, აღარავინ მას არ ეკარებოდა. სიკვდილის ჟამმა მოაღწია და ნუ თუ ერთი ნამდვილი მოსიყვარულე მეგობარი, გულის შემატკივარი, დამტირებელი არ უნდა ჰყოლოდა? ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა მთელ კაცობრიობისაგან შესანიშნავ დიდ-სულოვან გმირ-ადამიანის წინაშე, და ავტორმა, არა ნაკლებ დიდ-სულოვნურად, აღგავა ყველას ბრალი, შეჰქმნა ახალი გმირი. ამ რიგად ორი კაცის სიმპატია მაინც წაჰღო ოთარაანთ ქვრივმაცა იქიოს: მეწისქვილესი და... ავტორისა. ორივე კი, ღვთის წინაშე, უცხოეთიდგან იყვნენ მისულნი.
რამ მიიყვანა სოსია მეწისქვილე წინდელ უბედურებამდე, რამ დასცა, რამ გაჰხადა ბავშვების სასაცილოდ, მასხარად? ნუ თუ სიყვარულმა?
მოვიფიქრებდით განა, რომ „ოთარაანთ ქვრივში“ ამდენ უცნაურ რამეს ვიპოვიდით? აბა დაკვირვებამ ეგ იცის! ჩვენ ქართველურად ყველას სიხარულით მივეგებებით და ის კი არ ვიცით, ვინ რა გულით გვესტუმრა. თუ მეტადრე ტკბილის სიტყვით მოგვხიბლოს გული და ჩვენ უზომო თავმოყვარებას ბანმა უთხრას, მაშინ ხომ შეუძლიანთ ისე მიგვაძინონ და სულ-ფეხი დაგვბრან, რომ ვერც კი გავიგოთ და, თუ გავიგებთ, ჩვენვე მადლობას გადავუხდით, ოღონდ ტკბილი სიტყვა გაგვიმეორონ. სიტყვა და სიტყვა, სხვა არაფერი! ჩვენი ეხლანდელი მწერლობაც სიტყვებს გამოსდგომია და თხზულებას სიტყვების სიმრავლით, უაზრო, მაგრამ მაღალ, რიტორიულ, ფრაზებით აფასებს. ოთარაანთ ქვრივი კარგი მაგალითია. ღირსეულ წარმომადგენელს ეხლანდელის მწერლობისას ღირსეულისავე ნიჭით შესრულებული თხზულება უბოძებია ღირსეულ ქვეშევრდომთათვის. როდესაც კითხულობთ, მარტივი სიტყვები და ფრაზები ეარშიყება თქვენს გულს და გონებას, გაკანინებს, გულის ძაფს შეიგნძრევს, თვალის ძარღვს შეათამაშებს, იქნება რავდენიმე ცრემლიც გადმოგიგდოს და სხვა არაფერი. ადვილად მოპოვებული ადვილადვე იფანტება. რა-წამს „ივერიის“ ნუმრებს იქით მისდებთ, შთაბეჭდილებაც თან მიჰყვება და თქვენ სრული თავისუფალი ხართ, როგორც ამის წინად, როცა კითხვა დაიწყეთ.
—რა სწერია, აბა ჰკითხეთ ვისმე, რას გეტყვის?
—უჰ, ძალიან კარგი რამ არის!
—მაინც რა არის?
—აი რა არის: ერთი დედა-კაცი ყოფილა, ოთარაანთ ქვრივი... ჰა, ჰა, ჰა! სულ ილანძღებოდა. გლახას პურს თავში მიახლის და „ოხერო, მაწანწალაო“ ზედ დაატანს.
—მერე?
—მერე... ყველას ეშინოდა თურმე, მაღლა ფრინველს და ძირს ჭიანჭველას ვერ გაუვლია იმის ახლო, ისეთი აშარი ყოფილა. რო დაინახავდნენ... ჰა, ჰა, ჰა! მეხი წამოვიდაო, იტყოდნენ ხოლმე.
—სხვა?
—სხვა და... ერთი შვილი ჰყოლია, გიორგი, ისიც სულელი, მეტიჩარა, წარმოიდგინეთ, ჰა, ჰა, ჰა! თავადის ქალი შეუყვარდა.
—რას ამბობ, მერე?
—მერე მოჯამაგირედ დაუდგა იმ ქალს, კესო ერქვა, და იმის ძმას არჩილს, ისე უჯამაგიროდ ემსახურებოდა და... საწყალი სათივედამ ჩამოვარდა, ურმის ჭალს დაეგო და მოკვდა. უბედური დედა მოკვდა, რომ შეატყობინეს, მაგრამ, წარმოიდგინე, რა მაგარი დედა-კაცი ყოფილა, ერთი ცრემლიც არ გადმოაგდო, მანამ სუყველა კარში არ გავიდა... მართლა, ის მასხარა მეწისქვილე, ჰა, ჰა, ჰა! იქვე კუთხეში მიბუზულიყო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივმა დაუბღვრიალა თვალები და მაშინ კი, მოგეცა ღვთის წყალობა, იმან იკადრა კარში გამობრძანება. თურმე ამ მეწისქვილეს ოთარაანთ ქვრივი უყვარდა და თქმაც ვერ გაუბედა. როცა მოკვდა, მაშინ სხვას ეუბნება, მიყვარდაო! ჰა, ჰა, ჰა! წაიღოს და დაიხშოს!
—სხვა?
—სხვა რაღა, ეგ არის. ჰო, მართლა!.. ოთარაანთ ქვრივი ზამთარში შობა ღამეს გამოვარდა კარში და მეორე დღეს შვილის საფლავზედ გაყინული იპოვეს საბრალო დედა!.. ძალუაც იქვე გვერდით უჯდა და წკავწკავებდა.
—გათავდა?
—გათავდა მარა! კიდევ რაღაც იყო ჩატეხილ ხიდზე, მაგრამ მე ყური ვერ დავუგდე.
—საყურადღებო ეგ იყო და მაგასაც ყური არ დაუგდე? ჩამოერევა სხვა ლაპარაკში.
—აბა რა იყო საყურადღებო? ძალიან საჭიროა ხიდებზე ლაპარაკი. გიჟად არჩილი წამოსულა, ბატონო, და ცრემლით ხიდს აშენებს, ჰა, ჰა, ჰა! ამ უბედურს მერე ტირილიც არა სცოდნია და სხვის ცრემლით უნდა ააშენოს, ისიც ჩვენ ლიახვ-არაგვზედ, ჰა, ჰა, ჰა! თუ ცრემლებით ხიდები შენდებოდეს, ჩვენი ქვეყანა სულ ხიდებად იქნებოდა გადაქცეული, იმდენი ცრემლი დაღვრილა; ან სულელებისათვის ვის აქვს ცრემლი?.. ხიდი მიირთვით, ყმაწვილებო!—
ეს არის შედეგი „ოთარაანთ ქვრივის წაკითხვისა. ჯერ დღეს, წაკითხვის უმალ, რომ არა დაგვრჩა რა, ხვალ-ზეგ სულაც გაქარწყლდება და იქნება ერთი ქვრივი-ღა შეგვრჩეს სამასხაროდ, ფეხ-წამოსაკვრელად.
ავტორისა რა ბრალია, ეგ მკითხველზე არის დამოკიდებულიო. არა, ჩემო ბატონო, რაც უნდა უჭკუო და მსუბუქი მკითხველი იყოს, ნიჭიერ ავტორის თხზულება არ დაავიწყდება. რაც უნდა ეცადოთ ვერ აღმოუფხვრით ოტელოს, დონ-იაგოს, ფალსტაფის, დონ-კიხოტის, დონ-ჟუანის, კარლ და ფრანც მოორების, ვალენშტეინის, ხლესტაკოვის, ჩიჩიკოვის, ტარიელ-ავთანდილის, მეჯღანუშვილის, კუდურ-ხანუმის, დიდ-მოურავის, ჯანყ-ყარახტას და სხვათა მრავალთა სახეს, თუკი როდისმე კაცს თვალი მოუკრავს. ამას ვამბობ თითქმის ყოველ მკითხველის შესახებ და, რაც რჩეულთ შეეხება, რაღა თქმა უნდა, რომ ისინი სურათის სიმკრთალესაც კი მალე იგრძნობენ. მკითხველზე კი არა, მწერალზე არის დამოკიდებული. მას შეუძლიან ისე ღრმად დასვას დაღი კაცის გულს, რომ მიწამაც ძლივს გადახეხოს. კარგ, დაურღვეველ, მაგალითს წარმოგვიდგენს «ვეფხის-ტყაოსანი». რავდენ საუკუნემ, რავდენ დრთა ვითარებამ, დევნამ, გარდაცემის სიძნელემ, უსტამბობისა გამო, ვერ დაუძლურა შთაბეჭდილება, ვერ შეასუსტა სიყვარული ავთანდილ-ტარიელისადმი.
რა ვუყოთ ის გენიოსის ნაწარმოები არისო! დიაღ, ნამდვილია და ბ. ჭავჭავაძე ნაკლები არ არის თურმე სხვებზედ, ასე ბრძანებენ ჩვენი მწერლები. მაგრამ აქ გენიოსობაც არ არის საჭირო. განა ყოველ ზემოდ ხსენებულ თხზულებათა ავტორნი გენიოსები არიან, რომ ჩვენს ხსოვნაში ჯეროვანი ადგილი დაიჭირეს? მაშ ოთარაანთ ქვრივის რაღა დაემართა, რომ ეგრე მალე დავიწყებას მიჰბარდა? ადვილი ასახსნელია. მთელ მოთხრობაში არ არის არც ერთი დასრულებული სახე: ერთისა ენა გვაჩვენეს, მეორისა მკლავი, მესამისა ფეხი და მეოთხისა ჩრდილი. ამასთან მთელი მოთხრობა ჩვენს ნიადაგზედ არ არის აშენებული. ერთი ჩვენი ნაცნობი სახეც ვერ დავინახეთ, ჩვენი აღმაშფოთებელი, ან დამატკბობელი სიტყვაც ვერ გაგვაგონეს, ის სიტყვა რომელიც მაღლა ცაში კი არ იკარგება, არამედ გულს ხვდება. აბა რა იყო ოთარაანთ ქვრივი? ვის გინახავთ ჩვენში მაგისთანა დედა-კაცი? სად გინახავთ გლეხის ოჯახი და ისიც ქვრივისაგან ხელ-უხლებლად შენახული, როგორიც ოთარაანთია. თქვენ ვერ დამისახელებთ ისეთს გლეხს, რომ ფული ხელის ჭუჭყად მიაჩნდეს და მე კი გიჩვენებთ, რავდენსაც მიბრძანებთ, რომ ერთი თუმანი თვალითაც არ ენახოს. ათი დღის მიწის მოხვნა ხუთ-კაციან ოჯახსაც კი გაუჭირდება, ოთარაანთ ქვრივისთვის კი ეს სულ ნაღდები იყო. თვითონ ავტორი ამბობს: „დარბაზის მოწყობილობისთვის რომ თვალი კარგად დაგეკვირვებინათ, იტყოდით—ამის პატრონი შეძლებული კაცი უნდა იყოსო.“ ჩვენში შეძლებული ოჯახი იშვიათია და, თუ საზოგადოდ ოჯახს გვიხატვიდა ბ. ჭავჭავაძე, ზოგადი მაგალითიც უნდა აეღო. მაინც და მაინც თუ მართლა არსებობს სადმე ისეთი ყოვლად სრული გლეხობაში ოჯახი, ვიცოდეთ მაინც წყარო ნივთიერ ბედნიერებისა, რომ სხვასაც ვასწავლოთ.
რა დამოკიდულება ჰქონდა ამ ოჯახს მთელ სოფელთან?
გიორგისთანა გლეხი სადა გინახავთ? კამეჩსავით მუშაობა და პირუტყვად გადაქცევა ხომ არ არის კაცობა! სულ თავ-დაღუნული, წარბ-შეკრული, პირ-დაღვრემილი მუშაობა ქართველ კაცისა ვის გაუგონია? სად წასულა ქართველთ ბუნება მხიარულებისა, რომელსაც პოეტნი ასე გვიხატვენ:
«ჟამთა დრთო ვერა შესცვალეს მას გული ანდამატისა... „მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვსტირი“.
ახლა გიორგის სიამაყე! «თავზედ ფრინველს არ გადაიფრენდა და ფეხ-ქვეშ ჭიანჭველას არ გაიტარებდა.» თავის არსებით, ჰფიქრობდა ჩვენ მწერალთაებრ, ქვეყანას ვაშვენებ, ვაბედნიერებო. ეს იყო მიზეზი, რომ გლეხის გოგოებზე ყურადღებას არ აქცევდა და თავადის ქალებზედ ეჭირა თვალი. არა, ასეთი გლეხი ჩვენში არ მოიპოება. ხშირად თავადის ქალები ემასხარებიან ხოლმე გიას, ეხვევიან შეირთეო; ისიც მედიდურის და კმაყოფილების ღიმილით დაიღრეჯს სახეს თანხმობის ნიშნად. ეს ხომ არ უნახავს ავტორს?
არჩილისთანა და კესოსთანა კი შეიძლება გენახოსთ. ეხლა ბევრი გვყავს ლაყლაყა ახალ-გაზრდები, თავადი, გლეხი, თუ აზნაური,—სულ ერთია. მაგრამ აქც ერთი მხარე არჩილისა არ ეთანხმება სინამდვილეს. ჩვენ ახალ-გაზრდებმა მხოლოდ მაშინ იციან თავის-გამოდება, როდესაც ენის მოსაფხან საგანზედ ჩამოვარდება ლაპარაკი და ლაპარაკითვე გათავდება მხოლოდ მაშინ გამოიჩენენ მსურვალებას. უიმისოდ კი ყველაფერზედ ჰკიდიათ, არაფრისთვის თავს არ შეიწუხებენ. არჩილი კი სულ სხვა ნაირია: ის ჰფიქრობს და იტანჯება. არც ახალ-გაზრდობის ოცნება, არც ბუნების სიმშვენიერე, არც კარგის დის ამხანაგობა და არც უცნაური მადლის მოვლენა გიორგის სახით—მას არ აკმაყოფილებს, არ ანუგეშებს, თავის-თავის ზიზღს არ ავიწყებს. ჩვენ ასეთი «მამული-შვილები» არა გვყავს.
ამ რიგად არც ერთს «ოთარაანთ ქვრივში» გამოხატულ სურათს, არამც თუ ნამდვილი—ორიგინალი, მსგავსიც ვერ ვუპოვეთ ჩვენს ცხოვრებაში და ეს გვაფიქრებინებს, რომ ავტორს აწინდელ ქართველთა სახე კი არ გადუღია, არამედ იდეალური სურათები თუ დაუხატავს და გადმოუცია ჩვენთვის სახელმძღვანელოდ: აი ასეთი უნდა იყოთ, რომ სასუფეველი დაიმკვიდროთო. აბა ვინ ვის სახლს დაინგრევს? არჩევანში კი ჩხუბი არ მოგვივიდეთ და ოთარაანთ ქვრივი არ დაგჭირდეთ გამშველებლად.
იდეალები კი, სწორედ მოგახსენოთ, კარგი იქმნებოდნენ! ჯერ ოთარაანთ ქვრივი რაღა ღირს! წარმოიდგინეთ სოფელი, სადაც ერთი ათიოდე ოთარაანთ ქვრივი სცხოვრობდეს. გგონებთ, ლეკიანობა გერჩივნოთ ამისთანა სოფელში გავლას. კარგი სანახავი კი იქნებოდა, როდესაც ეს ათი ოთარაანთ ქვრივები ერთმანეთს შეჰხვდებოდნენ სადმე, მეტადრე თოხებით ხელში წყალის გამოსაყვანად მიმავალნი. ავტორი არ ისურვებს, ნეტავ, რომ სამი-ოთხი ოთარაანთ ქვრივი დაუსახლდეს მეზობლად და მაისის დილას, ბალკონზე რო გამობრძანდება ჰაერის ჩასაყლაპად, ოთხი-კუთხივ ოთარაანთეული ბულბულებმა დაუტკბონ სმენა? გიორგი ხომ ატაცებული რაღაც არის. რავდენიმე გიორგიც კარგად მოთავსდებოდა ერთად. ოთარაანთ გიორგი დათს-თხეს გამოასარჩლება, მეორე ქათამს არ დააკვლევინებს, მესამეს ვირის საბალნე დიდად ეჩვენება, მეოთხე მუშაობას დაუწუნებს და... გაიმართოს მუდამ-ჟამს ცემა-ტყეპა. არჩილები ცრემლის გროვებას მოუნდებიან, კესოები ყვავილებს გახსნენ და შექმნა სამოთხე. მაგრამ არ ვიცი, «ჩატეხილი ხიდი» ამით გამთელდებოდა თუ არა.
ან რა არის ეს «ჩატეხილი ხიდი», რომელზედაც ავტორს ათი-ოცი წლობით უფიქრია, რომელზედაც არჩილს თავს ამტვრევინებდა, ლუკმას უმწარებდა და არ მოასვენა ვიდრე არ აპოვნინა აღდგენის წამალი. ათი წლობით უფიქრია-მეთქი იმისთვის მოგახსენებთ, რომ ბ. ჭავჭავაძეს «გლახის ნაამბობშიაც» აქვს მაგ ჩატეხილ ხიდზედ საუბარი, მაგრამ მაშინ სულ სხვა ნაირად ჰფიქრობდა თურმე:
«რა ვიცოდი სულელმა, რომ უფროს-უმცროსობაში სიყვარული სიზმარია? რა ვიცოდი რომ ბატონყმობის (?) შუა სიყვარულის ხიდი არ გაიდება? ეგრე ყოფილა ქვეყანაზედ, ცალს თურმე ცალმა უნდა უცალოს!.. ეს რომ მცოდნოდა, ღმერთს ვფიცავ და ჩემ მამა-პაპის სალოცავს, გულში ნალექს ჩავიწურებდი და იმის სიყვარულს-კი იქ არ გავატარებდი—მაშინ რა ვიცოდი?..»
თუმცა გლახა სიკვდილის ჟამს, ცხოვრებით გამოცდილი, გვარწმუნებდა, მაშინ არ ვიცოდი, ეხლა-კი ვიცი, რომ ბატონ-ყმებს შუა ხიდი არ გაიდებაო, მაგრამ, სჩანს, გამოცდილიაც სცდებოდა და ახლანდელმა გამოუცდელმა ახალგაზრდა ბიჭმა არჩილმა აჯობა ხიდის გადებაში. საკვირველიც არ არის. ბატონ-ყმობის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ცვლილება მოსდა ცხოვრებაში და სოფელმაც სახელი იცვალა. ეხლა სადღა გაიგონებთ ბატონობას ან ყმობას. მართალია ზოგნი არა დამჯდარის ჭკუისანი იტყვიან, რომ ბატონთა და ყმათა ურთიერთ დამოკიდებულება საუკუნეთა სამჭედლოში გამოიჭედა, გამოჭედილა და, მაშასადამე, ოცდა-ოცდა ხუთი წელიწადი ვერ შესცვლისო, მაგრამ «პოეტი» და ჩვენი მწერალნი რო გვარწმუნებენ, როგორ არ დაუჯეროთ, შეუძლებელი შესაძლოდ შეიქნა. აქამდის ხიდის გადებას ვერ ვინ მოიფიქრებდა, ეხლა კი პროექტიც და სმეტაც შეუდგენიათ. ამ ხიდის იმედით ეხლა ჩვენ ორად გავყოფილვართ, ერთმანეთს შევყურებთ სხვა და სხვა ნაპირიდამ და დავნიშნეთ კიდეც ერთმანერთი საცოლ-ქმროდ. გიორგი რომ ეგრე მალე არ მომკვდარიყო და ხიდის გადებას მოსწრებოდა, უეჭველია ბედნიერებით დასტკბებოდა: კესოს ახალ ხიდზე გაისტარებდა და თავის დედას მიჰგვრიდა ძველ სახლში. რა დიდ ბედნიერებას დავუწუნებდნენ სამნივე!!.
კარგი, აღვადგინეთ ხიდი, დავემოყვრათ სუყველანი და ერთმანერთში ავირიენით, თხა მგელსავით კი არა, როგორც მოყვასნი. მაგით გათავდა არჩილების ტანჯვა, ლაყლაყი და ლანძღვა-გინება? ეგ არის თქვენი მოთხრობების აზრი, იდეა, მწერლობის მიზანი? ქორწილების გასაჩაღებლად ჩატეხილი ხიდები კი არ უნდა აღგედგინათ, რაც ეხლა ხიდებია ისიც უნდა ჩაგეტეხნათ, რომ განსაცდელი არ დაგვაახლოვებინათ და უფრო შორს გაგვერტყოცნა:
შორითგან ერთმანერთს უფრო ტურფად ეჩვენებოდით, ჰოროლსა და ნაყვავილარს მაინც ვერ შეგვაჩნევდნენ;
„შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ჭლვა“—სჯობია ახლო ლანძღვა-თრევას.
ხიდს გადებით—ვარდს ეკალს გაუსლით, მიჯნურიც და ვარდიც ადვილი საშოვარი გაგვიხდება და ბედნიერებას სულაც დავკარგავთ; ხომ გახსოვთ: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარ ღირსეს არცა ჩირადო.“
ან ყველა გლეხის ბიჭმა თავადის ქალი რომ მოინდომოს, მაგდენი საიდამ გავაჩინოთ? ან რა სასურველია?!..
ახლა, ხუმრობა გავუშვებით, ჩვენ-თავად რომ ვიფიქროთ, რა გზა-კვალს, რა ხიდებს ეძებს ჩვენი მწერლობა, ბ. ჭავჭავაძის მოთავეობით? ნუ თუ მართლა ჩვენ ხალხში წოდებათა შორის ისეთი განხეთქილება სუფევს, რომ მათ შორის ხიდი ჩატეხილა და მის აღსადგენათ მრავალთაგან-მრავალი ცრემლი იყოს საჭირო? რა უნახავსთ, რა გაჰკვირვებიათ, რომელ ხიდის ჩატეხაზედ გვესაუბრებიან?
რა ვიცი, არა ერთი სოფელი მომივლია, არა ერთს თავადს, აზნაურს ვიცნობ, არა ერთ გლეხთან მილაპარაკნია და ჩატეხილ ხიდზედ ხსენებაც არსად არის. მართალია, ყველა თავისთვის სცხოვრობს და სხვის დარდი არა აქვს, მაგრამ არჩილსა და კესოსაც არა ჰქონდათ გიორგისა და მეწისქვილე სოსიას დარდი. ეს მაინც არ უშლის არც ერთ მხარეს მიჰმართოს მეორეს, დაუკითხავად ესტუმრონ სახლში ერთმანერთს (არჩილმა კი გიორგი „დოყლაპიით“ მიიღო), როცა რამე მოუნდებათ.
გლეხს რო მამასახლისი ან იასაული (ორივე გლეხნი) შეაწუხებს, ვისთან გაიქცევა, მიპატრონე, შენი შვილების სადღეგრძელოთაო?
—„ბატონთან“ უჩვეულა!
გლეხს რო თავის მოძმე წამოედავება რაზედმე, ვის მიჰმართავს?
—„ბატონს!“
ავაზაკი (ორფეხი თუ ოთხფეხი) რო დაესხმის ღამით სოფელს, გლეხი რას დაიძახებს?
—არიქა, „ბატონს“ შეატყობინეთო!
ცეცხლი რო გაჩნდება, წყალი რო მოვარდება სოფელში, ვინ დასტრიალებს გარშემო, ვინა ჰყვეფრის, განკარგულებას ვინ აძლევს?
„ბატონი!“
სწავლა-განათლების მოთავე ვინ არის სოფელში? დამზოგველ-შემნახველ ამხანაგობას რო შეგვყარიან ჩვენი მწერლები, ვინ არის ამათი და ბანკების დამაარსებელი?
მასწავლებელი გლეხთაგანი როგორღა ჰყავთ მიღებული ბატონებს, როგორც „ბოძი და ტყლაპი,“ თუ როგორც სწორი და ამხანაგი?
მაშ აკი ხიდია ჩატეხილიო? ეს კარგად მიდიან-მოდიან ერთმანერთთან, კარგად ეყურებათ ერთმანერთის ლაპარაკიც და მოთხოვნილებაც. რა ვუყოთ, რომ ერთი ყოყლოჩინაობს და მეორე თავს იხრის; ზოგი მანქანა ნახე, როცა საერთო გაჭირება მიადგებათ, თუ განარჩიოთ, რომელი ბატონია, რომელი ყმა. დღეს მხოლოდ პიროვნულ გაჭირებას გრძნობენ, ლუკმა პურისთვის იბრძვიან და შეიძლება ერთმანერთსაც წაართვან მაგრამ თუ საერთო მტერი დაინახეს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ორივეს დაავიწყდებათ სასმელიც და საჭმელიც, გუშინდელი მტრობაც, დღევანდელი წყენაც, და ერთმანერთისათვის თავს დასდებენ. კრუხი თავის წიწილებს ნისკარტს ჩაჰკრავს ხოლმე და, თუ მშიერია, წიწილებისათვის დაყრილ მარცვალსაც აჰკენკს, მაგრამ, თუ ქორა დაინახა, ფრთებს გაშლის და ყველას გადაეფარება. ასეთი არის კაცის ბუნებაც და ქართველს მეტის-მეტად აჩნევია ეს კანონი. თუ არავინ არ ურღვევს მყუდროებას, ქართველს არც კი მოუვა აზრად, რომ ჰყავს ვინმე მტერი; არაფრისთვის არასოდეს მომზადებული არ არის. როცა მოჰშივა, პურზედაც კი მაშინ დაიწყებს ზრუნვასა და აბა სად იფიქროს წინადვე, ათი-ოცი წლის შემდეგ რომელი მტერი დამესხმისო. ამისათვის თანამოაზრენიც იმისათვის საჭირო არ არის, აზრი რომ არა აქვს, თანამოაზრე საითგან ეყოლება. ამავე მიზეზით, ყოველ სასარგებლო, საზოგადო საქმეზედ გულ-ცივია, ყურ-მოყრუებული. აქ წარსულიც დამნაშავე. მშვიდობიანობის დროს ქართველი ბატონი ყოველთვის ლხინში იყო, ქეიფს არის მიჩვეული, და დღესაც სხვა არა აგონდება რა. აქ ჩატეხილ ხიდზედ ლაპარაკიც არ შეიძლება და არ ვიცი, საითგან რა გამოუტყვნია ბ. ჭავჭავაძეს.
დღემდე ასე არის და, თუ ხიდის ჩატეხაა, შეიძლება დღეს იქით ჩატყდეს და ისიც ჩვენ „არჩილების“, მედიდურთა მწერალთა და მათ მოლაყლაყე ერთგულთა წყალობით. ამ ვაჟ-ბატონებს თვითონვე ვერ გაურჩევიათ თავიანთი მიმართულება, იდეალი, ლტოლვილება, სურვილი. დღეს თავადი სძულთ და აძაგებენ, ხვალ გლეხი და თავადს აქებენ, ზეგ ორივე უყვართ და მაზეგ, არჩილსავით, ერთსა და იმავე დროს ორივე სძულთ და უყვართ. თავისი არა აქვსთ-რა, სხვისა არა ესმით-რა, ტყუილ-მართალს ვერ არჩევენ და ის უნდა წარმოსთქვან, რასაც „აღები“ ჩასჩიჩინებენ, ან ის წარმოისროლონ, რაც ენაზედ მოადგებათ. ჩნდება ჭორი, ჭორი ლიტერატურული. ვის აწუხებს, ვის არგებს—სულ ერთია. ამით მწერლობის და საზოგადოების, აგრეთვე კერძო პირთა შორის, უთანხმოება, უსიამოვნება იბადება და, ერთი კი არა, იქნება ყველა ხიდები ჩაგვეტეხოს და ჩვენ სახლს გარშე თხრილი ვეღარ ვავსოთ. წინად ჭორაობა პატარა ქალაქებში და მათთან ახლო-მახლო მდებარე სოფლებში იყო გავრცელებული. ეს „პოეტს“ არ გამოჰპარვია და ავტორმა ბარე ორ-ჯერ გაგვიზიარა სოფლის ჭორი. ერთი მაშინ, როცა გიორგი დამარხეს და „ატყდა დედა-კაცებში ლაპარაკი“ გიორგისა და კესოს სიყვარულზედ. მეორე, როცა ოთარაანთ ქვრივი სასაფლაოზედ მკვდარი იპოვეს.
„შეიქმნა ღავღავ-ყაყანი. ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას, მითამ არ იყო სალაპარაკო თუ (?) გაიბა ლაპარაკი... მითქმა-მოთქმაში დაავიწყდათ, რომ მკვდარს პატრონობა რამ უნდა, ყველას ეს ეხარებოდათ გავიგოთ ვინ რას ამბოსო და საცა ჯგუფს დაინახავდა, ლაპარაკის ხახათის (?) ყურს მოჰკრავდა, იქ გარბოდა და მიეშურებოდა.“ (ეს არის ქართველი ხალხი?!)
ახლა ეს ჭორაობა ქართველ მწერალთ სწვევია. „სამი მსხვერპლის“ ავტორი ბ. კარიჭაშვილი (პოეტია?) მოგვითხრობს უფრო საინტერესო ჭორაობის ამბავს: თბილისის მწერალ-პედაგოგობა შეყრილა და გაცხარებული ბაასი გაუმართავთ: ამა და ამ ქალმა თავის ქმარს რომ თავი დაანება—„საზოგადო საქმეა თუ შინაურიო?“
„მითამ არ იყო სალაპარაკო თუ?“...
დასასრულ არ შემიძლიან რავდენიმე მეტი სიტყვა არ წარმოვსთქვა, რომ ეს ჩემი წერილიც საჭორაოდ არ გახდეს.
საზოგადოდ რომ ჩვენს მწერლობაზედ ცუდი შეხედულება მაქვს—ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი მწერალთაგანი უარგისად მიმაჩნდეს. არა, ზოგს მათგანს დიდად პატივსა ვსცემ და მათზედ არავითარ საჯარო სიტყვას არ გავჰბედავ. მაგრამ მათი რიცხვი, საუბედუროდ, ძალიან მცირეა და მათი ხმა ძალიან იშვიათად ისმის. ფერი და მიმართულება მწერლობისა სულ სხვასაა; მე ეს სხვა მაქვს სახეში, ეს მიმაჩნია მავნებლად.
არც ერთ მწერალთან არავითარი პიროვნული საქმე და დამოკიდულება არა მაქვს, კეთილ-ნაცნობობის გარდა, და, მაშასადამე, არავის პირადი წყენა არა მსურდა და არც მოვინდომებ. თუ, ჩემდა უნებურად, ვაწყენინე ვისმე, ბოდიშს ვიხდი და შესანდობელი მიზეზიცა მაქვს. თუ მე ამდენი ხანი მოთმინებით ვკითხულობდი, რასაც ჩვენი მწერლობა მომიტანდა, ნიჭიერი იყო თუ უნიჭო, სასიამოვნო თუ გულის შემაშფოთებელი და სისხლის ამშავებელი, მეცა, ვგონებ, ნება მაქვს ერთი სიტყვა ვკადრო. მით უმეტეს, რომ მე შემაშფოთებდა საზოგადო საქმე და ჩემს წერილს კი მხოლოდ პირადი წყენა თუ შეუძლიან. რაც შეეხება ბ. ჭავჭავაძეს, ვგონებ, მას სამდურავის თქმა მხოლოდ მაშინ შეუძლიან, თუ მის თხზულებას მსუბუქად მოვეპყარ; დაგვიმტკიცოს და მეც სახალხოდ ბოდიშს მოვიხდი, რა სასჯელსაც დამადებ,—ვიკისრებ. თუ ჩემი შენიშვნები ყურადღების ღირსი აღმოჩნდეს, მაშინ ბ. ჭავჭავაძეს მადლობის მეტი არა ეთქმის-რა. შეიძლება დათვ-მოყვრის ქებამ და ყურ-მოჭრილ ყმათა დიდებამ ისე გაამაყოს კაცი, რომ თავისი თავი უცოდველი ეგონოს, თავისი სურვილი სხვებისთვის კანონად მიაჩნდეს და არ დაუფიქრდეს არც ერთს თავის სიტყვას და საქციელს. ამისთანა კაცს რო დააფიქრებ და გულში ჩაახედვინებ—კარგი საქმეა: სხვას აღარ დაუჯერებს და თვითონვე ეცდება გამოსცადოს, რის ნიჭიც აქვს და რის არა, რომ ნამდვილ დიდების გზას დაადგეს.
მწერალთა რიცხვში არცა ვყოფილვარ და არც სურვილი მაქვს როდისმე გავერიო. ეს ორიოდე სტრიქონიც ძლივს დავკლაბნე, ძალ-დატანებით, გულმა აღარ მოითმინა, თავ-ქარიანების ცრუ-გამარჯვების სიხარულმა მეტად გამაბრაზა. შეიძლება, ჩემი აზრი კარგად ვერ გამოვხატე და ზოგ ადგილას მკვახე სიტყვებიც ვიხმარე. არ მომეტევება?
მკითხველი.
8 თებერვალს 1888 წ.