ჩხუბი ერთი კვერცხისათვის

ლევ ტოლსტოი
თარგმანი: სტ. ხოჯივანაშვილი

ჩხუბი ერთი კვერცხისათვის.

ერთ სოფელში სცხოვრებდა ერთი გლეხი სახელად ივანე, ჯან-მრთელი იყო, მუშაობაში ტოლი არ ჰყავდა და ცხოვრებაც კარგი ჰქონდა: სამი შვილი წამოესწრო: ერთი ცოლიანი, მეორე საცოლო და მესამეც მუშაობაში ხელს უწყობდა. ივანეს ცოლი ჭკვიანი და გამრჯელი ქალი იყო; რძალიც წყნარი და შრომის მოყვარე შეხვდა. მთელს ოჯახში უსარჯლოდ მხოლოდ ივანეს მამა სჭმდა პურს (სიბერით სული უგუბდებოდა, მეშვიდე წლის ავათმყოფი იყო.). ივანეს ყველაფერი საყოფად ჰქონდა: სამი კვიციანი ცხენი ჰყავდა, ერთი ხბოიანი ძროხა და თუთხმეტი ცხვარი. ტანისამოსს და ფეხ-საცმელს კაცებს ქალები უკერავდნენ და მუშაობაშიაც ეხმარებოდნენ; გლეხები გლეხობდნენ. ძველი პური ახალ მოსავალს იქითაც რჩებოდათ. ფეტვით გარდასახადს ისტუმრებდნენ და მოთხოვნილებას აკმაყოფილებდნენ. ივანეს მეტი არა უნდოდა რა: ოღონდ ჯანი შერჩენოდა და შვილები კარგათ ჰყოლოდა. კარის მეზობლად ივანეს კოჭლი გაბრიელა ჰყავდა ზორდეას შვილი.

სანამ მოხუცი ზორდეა ცოცხალი იყო და ივანეს მამა ოჯახს განაგებდა, მათ ოჯახებს კარგი მეზობლობა ჰქონდათ. თუ დასჭირდებოდათ საცერი, ან სარწყული, ქვაბი, ურემი, ან სხვა რამე მეზობლობაში ერთმანერთს არ დაუკავებდნენ. ერთის კალოზე რომ მეორის ხბო შესულიყო, გარდადენიდნენ და მეზობელს ეტყოდნენ: ნუღარ გამოუშვებთ, ჯერ ჩვენ კალო არ აგვიღიაო. თორემ რომ დაემალათ, ან დაემწყვდიათ ან ერთმანერთისთვის რამე დაეწამებიათ, შეუძლებელი იყო.

ასე სცხოვრებდნენ, სანამ ოჯახის საქმეებს ბებრები განაგებდნენ.

როცა კი ახალ-გაზდებმა დაიწყეს უფროსობა, საქმე სულ უკუღმა წავიდა.

მიზეზი სულ უბრალო იყო.

ივანეს რძლის ქათამმა კვერცხი მოიწყო. რძალი ამ კვერცხებს სააღდგომოთ აგროვებდა. ყოველ-დღე საბუდრიდამ თითო ახალ კვერცხს იღებდა. შეუქმიეს, ალბათ, ბავშებმა ქათამს, და ისიც გადაფრინდა ღობეზე მეზობლისას და კვერცხი იქ დასდო. რძალს ქათმის კაკანი მოესმა, და იფიქრა: ახლა არ მცალიან, ქოხს სააღდგომოთ მილაგება უნდა, მერე წავალ და საბუდრიდგან კვერცხს ამოვიღებო. საღამოს მივიდა და კვერცხი ვერ ნახა. რძალმა მამამთილს და მაზლს ჰკითხა, კვერცხი თქვენ ხომ არ აგიღიათო. იმათ უპასუხეს: არა, არ აგვიღიაო; ტარასიმ, უმცროსმა მაზლმა, უთხრა: შენმა ქოჩორამ კვერცხი უთუოდ მეზობლისას დადვა, იქ კაკანებდა და იქიდამ გადმოფრინდაო. შეხედა რძალმა თავის ქოჩორას: ეს საქათმოში მამალს გვერდზე მოჯდომია, თვალებს ნაბავს, ეძინება, უნდოდა ეკითხა, კვერცხი, სად დადევიო, მაგრამ იცოდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა. წავიდა რძალი მეზობლისას კვერცხის საძებრად. შემოხვდა მოხუცებული ქალი.

— რა გინდა, ქალოგო?

— როგორ რა მინდა, დედილო, უპასუხა მან, ჩემი ქათამი დღეს თქვენის ეზოდამ გადმოფრინდა და კვერცხი ხომ იქ არ დაუდვია?

— შენი ქათმის კვერცხი ჩვენ არ გვეჭირვება, ჩვენ ჩვენი ქათმები გვიდებენ კვერცხს, სხვისი არა გვინდა რა, სხვის ეზოებში ჩვენ კვერცხის საძებრად არ დავიარებით.

ეს ყმაწვილ ქალს ძალიან ეწყინა; უთხრა მეტი სიტყვა, დედაბერმა ორი იმდენი ზედ დასძინა, და მოჰყვენ ერთმანერთის ლანძღვას. ამ დროს ივანეს ცოლს წყალი მოჰქონდა, და მოჩხუბრებში ესეც გაერია. გამოვარდა კოჭლი გაბრიელას ცოლი, მეზობელს ესაყვედურა, რაც მოხდა ისიც უთხრა და თავისიც ბევრი დაამატა. შეიქნა ერთი ალიაქოთი, ყველა ერთად აყვირდა, ყველა ერთად ლაპარაკობდნენ. შენ ამისთანა შენ იმისთანა, შე ქურდო, შე მაწანწალა, შენ მოხუცებულს სიმამრს შიმშილით ჰკლავ, შენ მარხვას არ ინახავო.

— ჰაი, შე მწეწველ მგლეჯელო, საცერი შენ დამიგლიჯე, ჩვენი კოკაც შენა გაქვს — მოიტა კოკა.

დაეტაკნენ ერთმანერთს, წყალი დაღვარეს, თავსაფრები დაუხიეს ერთმანერთს, შეიქნა ჩხუბი. გაბრიელი ამ დროს ყანიდამ მოდიოდა ჩხუბი რომ დაინახა, ცოლს მოეხმარა. გამოვარდა ივანე შვილით და ამ ხროვაში ჩავარდა. ივანე ღონიერი ყაზახი იყო, ყველა მირეკ-მორეკა. გაბრიელას ერთი ბღუჯი წვერი მოაგლიჯა. შეგროვდა ხალხი, ძლივს გააშველეს.

საქმე აქედგან დაიწყო.

გაბრიელამ ეს მოგლეჯილი წვერი ქაღალდში შეახვია და საჩივლელად სასოფლო სამმართველოში წავიდა.

— მე იმიტომ კი არ მომიშვია წვერი, რომ ივანიკამ მაგლიჯოსო, ამბობდა გაბრიელი.

ამისი ცოლი იქადნიდა, ამ საქმეს აგრე არ დატოვებენ, გაარჩევენ და ივანეს გააციმბირებენო; ჩამოვარდა მათში მტრობა.

იმ დღიდამ დაუძლურებული მოხუცი ემუდარებოდა მათ, რომ შერიგებულიყვნენ, მაგრამ ახალ-გაზდებს ვერაფერი ჩააგონა. ის იმათ ეუბნებოდა:

— სულ უბრალოდ ატეხეთ შფოთი; დაფიქრდით: ყველაფერი ხომ ერთი კვერცხის გამო წარმოდგა! რა გახდა ამისთანა ეს ერთი კვერცხი. შეიძლება ბავშებმა აიღეს. მეზობლებმა ცუდი სიტყვა გითხრეს, შენ კარგი უთხარი. წაიკიდეთ, ერთმანერთი გალანძღეთ — ესეც მოხდება ხოლმე. მიდით, ბოდიში მოითხოვეთ და საქმე გათავდება. თუ სამაგიეროს გარდახთა მოინდომეთ — თქვენ უარესი მოგივათ.

ახალ-გაზდებმა ბებერს არ გაუგონეს, იფიქრეს, უეჭველად ეს სიბერის გამო ჩერჩეტობსო.

არც ივანემ დაუთმო მეზობელს. — წვერები მისთვის მე კი არ მომიგლეჯია, იმან თითონ მოიგლიჯაო, გაიძახოდა ივანე, მისმა შვილმა კი მე პერანგი დამიხია და ღილები დამაგლიჯაო.

ივანეც საჩივლელად წავიდა. სანამ იმათ იქ ასამართლებდნენ, გაბრიელას ურმის ტაბიკი დაეკარგა. ამისი ქურდობა გაბრიელას ქალებმა ივანეს შვილს დასწამეს. ესენი ამბობდნენ, ჩვენ ის ურემთან გაჩერებული დავინახეთო. ხელ-ახლავ შეიქნა საჩივარი. დღე არ გავიდოდა ისე, რომ ერთმანერთში ჩხუბი და შფოთი არ მოსვლოდათ. დიდების წახედვით ბავშებიც მიეჩვიენ კინწლაობას; ქალები რომ ერთმანერთს წყლის პირზე შეხვდებოდნენ, სატყაპელზე უარესად ენებს აჭარტალებდნენ, და ერთი მეორეს თავიანთ სიგლახეს აქადნიდენ.

ჯერ გლეხები ქურდობას ერთმანერთს ტყუილად სწამებდენ, მერე კი ერთი მეორეს აღარ ზოგავდნენ, რასაც კი ერთი მეორისას თვალს მოჰკრავდნენ, იპარავდენ. ამ სიგლახეს ქალებიც და ბავშებიც მიაჩვიეს. მათი ცხოვრება უფრო და უფრო გაუკუღმართდა. ივანეს და კოჭლი გაბრიელას საქმეს ყრილობაზედაც არჩევდენ, სოფლის სამმართველოშიაც და მომრიგებელ მსაჯულთანაც. ორივემ ყველას თავი მოაბეზრა. ხან გაბრიელი ივანეს აჯობებდა და ჯარიმას გარდაახდევინებდა, ან დაატუსაღებინებდა. ხან ივანე გაბრიელს. ამის გამო შფოთი მათ შორის თან და თან ძლიერდებოდა. ძაღლები წაიჩხუბებიან: რაც უფრო დიდხანს ჩხუბობენ, იმდენათ უფრო განქვინდებიან. ძაღლს ჯოხს ურტყმენ, იმას ჰგონია მეორე მკბენსო და უფრო ჯავრდება. აგრეთვე ეს გლეხები წავლენ სამმართველოში (ან ერთს ან მეორეს დასჯიან) და ერთმანერთზე უფრო შფოთდებიან. „დაიცადე და სამგიეროს მალე გარდაგიხდი,“ იქადებიან ერთმანერთს. მთელი ექვსი წელიწადი ისინი ამ ყოფაში იყვნენ. მხოლოდ ბებერი ერთსა და იმავეს ეუბნებოდა:

— რას შვრებით, ყმაწვილებო? დაეთხოვეთ ერთმანერთს, თქვენ საქმეს ხელი მოჰკიდეთ, შერიგდით, თქვენთვის უკეთესი იქნება. რაც უფრო ერთმანერთს დაექიშპებით, თქვენთვის უარესია.

ბებერს არავინ გაუგონა.

ამ შფოთმა მეშვიდე წლამდი გასტანა: ერთხელ ქორწილში ივანეს რძალმა გაბრიელას „ქურდი“ დაუძახა. გაბრიელა მთვრალი იყო, ვეღარ მოითმინა, დაჰკრა და იქვე წააქცია; ქალი მძიმედ იყო და ერთი კვირა იავათმყოფა. წავიდა ივანე საჩივლელად გამომძიებელთან. ახლა უნდოდა სამაგიერო თავისი მეზობლისათვის გარდაეხადა. ეგონა ციმბირში დააკარგვინებდა. ივანე ამ საჩივრით ვერას გახდა. გამომძიებელმა ეს საჩივარი არ მიიღო. ქალი დაამოწმეს გალახვის ნიშანი არ აჩნდა. წავიდა ივანე მომრიგებელ მოსამართლესთან; იმან ეს საქმე სოფლის სამმართველოს გარდასცა.

ივანე ბევრი ეცადა, რომ გაბრიელი გაემტყუნებიათ; მამასახლისი მისი მწერლით დაიპატიჟა და ძალიან გაუმასპინძლდა: გაბრიელას ზურგის გაწკეპლა გარდაუწყვიტეს. წაუკითხეს გაბრიელას განჩინება.

კითხულობს მწერალი: სასამართლომ დაადგინა, გაბრიელ გორდეის ძეს მოხვდეს ოცი წკეპელი სოფლის სამმართველოში. ყურს უგდებს ივანე ამ განჩინებას და გაბრიელს მისჩერებია, რას იტყვისო? მოისმინა გაბრიელმა, ფერი ეცვალა, მობრუნდა და წინ კარში გამოვიდა. ივანე თან გამოჰყვა, ცხენთან უნდა მისულიყო, და გაბრიელას ხმა მოესმა:

— კარგი, გამწკეპლავენ და ამეწვის ზურგი, მაგრამ იმას უარესი რამ არ დაეწვას.

ეს რომ ივანემ გაიგონა, იმ წამსვე მსაჯულებთან შებრუნდა.

— მოსამართლენო! ის მე დაწვას მიპირობს. იცოდეთ, ეს მოწმეებთან თქვა.

მოიწვიეს გაბრიელი.

— მართლა თქვი რამე?

— მე არაფერი მითქვამს. გამწკეპლეთ, თუ გნებავთ. ალბათ მე ჩიმი სიმართლით უნდა ვიტანჯო, და მაგას ყოლიფერი შესძლებია.

კიდევ რაღასაც თქმა უნდოდა გაბრიელას, მაგრამ ტუჩებიც და ყბებიც აუკანკალდა. კუთხეში მიდგა. გაბრაზებული გაბრიელის დანახვამ მოსამართლეებიც შეაშინა. იმათ იფიქრეს: მართლა ცუდი რამ არ აუტეხოს, ან თავის თავის, ან მეზობელსაო.

დაუწყო მოხუცმა მსაჯულმა მათ ლაპარაკი:

— აი ძმებო, რა გითხრათ: უმჯობესია შერიგდეთ. შენ, ჩემო გაბრიელა, განა კარგათ მოქცეულხარ, მძიმე დედაკაცი რომ გაგილახავს? კიდევ კარგი, რომ ღმერთმა შეგიბრალა და რამე უბედურება არ მოხდება შენ ბოდიში მოითხოვე და თავი დაუკარი, ისიც გაპატიებს. ჩვენ განჩინებას გადავწერთ.

ეს რომ მწერალმა გაიგონა, წამოიძახა:

— ახლა გვიანღაა, იმიტომ რომ 117 მუხლის ძალით ნება ყოფლობითი მორიგება არ მოხდა, სასამართლოს განჩინება დადგინდა. ეს განჩინება უნდა ასრულდეს!

მოსამართლემ მწერალს არ გაუგონა.

— შენ ენა გექავა, უთხრა მსაჯულმა, კანონი ერთია: ღმერთი არ უნდა დავივიწყოთ და მშვიდობიანად უნდა ვიყოთ.

დაუწყო მსაჯულმა გლეხებს ხვეწნა. ვერაფერი ვერ შეასმინა. გაბრიელამ აღარა-ფერი გაუგონა.

— ორმოცდა ცხრა წლის კაცი ვარ, თქვა მან, დასახლებული შვილი მყავს, და ჯერ არავის გაულახავარ; ახლა ივანე აწკეპლინებს ჩემ თავს, და ამას მე თავი დაუკრა! ეჰ, დეე მოხდეს, რაც მოსახდენია... მხოლოდ ნუ დაივიწყებს ამას ივანე! გაბრიელას ხელ-ახლად აუკანკალდა ხმა, ლაპარაკი ვეღარ შესძლო. მობრუნდა და გამოვიდა.

სამმართველოდგან ივანეს სახლამდი ათი ვერსტი იყო, და ივანე შინ გვიან მობრუნდა. ქალები საქონლის შესადენად გამოვიდნენ. ივანემ ცხენი დააბა და ქოხში შევიდა. აქ არავინ არ იყო. ყმაწვილები სამუშაოდამ მოდიოდნენ, და ქალები საქონელს უვლიდნენ. შევიდა ივანე, სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. იმას გააფთრებული გაბრიელი გაახსენდა, განჩინება რომ წაუკითხეს და ის რომ კუთხეში მიდგა. ამ მოგონებამ ივანეს გული შეუხუთა. წარმოიდგინა, რა მოუვიდოდა, თითონ ამისთვის რომ გარდაეწყვიტათ გაწკეპლა და გაბრიელი შეებრალა. ამ დროს მოხუცებულმა დაახველა, წამოდგა, მივიდა და სკამზე ჩამოჯდა. აქ მოსვლით დაიღალა. ჩაახველა ბებერმა, სტოლს დაეყრდნო და უთხრა:

— რა ჰქნეს? დასაჯეს?

ივანემ უპასუხა: — ოცი წკეპელი გაუჩინეს.

მოხუცებულმა თავი გააქნია.

— ცუდ საქმეს შვრები, ივანე, უთხრა ბებერმა: — იმას კი არა, შენ შენს თავს უშვრები ცუდს. გაუწკეპლავენ იმას ზურგს, ამითი შენ რა მოგემატება?

— ამას იქით ცუდს რასმე აღარ ჩაიდენს, უპასუხა ივანემ.

— რას არ ჩაიდენს? შენზე ცუდს ის რას შვრება?

ივანეს ეწყინა, — როგორ თუ რას შვრება? ეუბნება მოხუცს, ქალი კინაღამ მომიკლა, ახლა გადაწვას მპირდება. ამისთვის თაყვანი ვსცე?

ამოიოხრა მოხუცმა და უთხრა:

— შენ ყოველგან დაიარები, და მე აგერ რამდენი წელიწადია ვწევარ; შენ გგონია, შენ ყველაფერს ხედავ, და მე ვერაფერს. არა, თითონ შენ ვერაფერს ხედავ: შენ სიბოროტემ დაგაბრმავა. სხვის შეცოდებას უყურებ და შენი ვერ დაგინახავს. რო თქვი: ცუდს ის შვრებაო!.. ცუდს რომ მარტო ის შვრებოდეს, მაშინ სიკუდე აღარ იქნებოდა. განა სიბოროტე მარტო ერთადგან წარმოსდგება? ბოროტება ორისაგან მოხდება ხოლმე. მის სიგლახეს ხედავ, მაგრამ შენი ვერ დაგინახავს. მარტო ის რომ იყოს ბოროტი, ბოროტება არ წარმოსდგებოდა. წვერი იმას ვინ მოაგლიჯა? ის სასამართლოებში ვინ ათრია? სუყველაფერს იმას აბრალებ! ცხოვრება იმიტომ გიჭირს, რომ ცუდათ ცხოვრობ. მე მაგრე არ მიცხოვრია და არც მაგრე ცხოვრება მისწავლებია. მე და მამა მისი განა თქვენსავით ვცხოვრობდით? ჩვენ მეზობლურად ვცხოვრობდით: იმას რომ ფქვილი გამოელეოდა, მოვიდოდა მისი ცოლი და გვეტყოდა, ფქვილი გვინდაო. იმას რომ ცხენის გამყოლი არვინ ეყოლებოდა, შენ გაგგზავნიდი. მე, თუ რამე დამჭირდებოდა, იმასთან მივიქცეოდი. ძმაო გორდეა — ეს და ეს მინდათქო. წაიღეო, მეტყოდა ხოლმე. ასე ერთობა იყო ჩვენში. ჩვენ კარგათაც ვცხოვრებდით. ახლა რას ვხედავ? „სალდათი“ რომ გუშინ პლევნას ამბავს ლაპარაკობდა, იმაზე უარესი ამბავი გაქვთ. განა ეს ცხოვრებაა? ცოდვას სად წაუხვალ? შენ გლეხი ხარ, ოჯახის პატრონი. ყველაფერი შენ გეკითხება. რა მაგალითს აძლევ ქალებს და ბავშებს? ძაღლებივით რომ ჭამონ ერთმანერთი! გუშინ ტარასია, ის წვინტლიანი, დედიამისს დედას აგინებდა: დეიდამისი უყურებდა და იცინოდა. ესაა შენი სიკეთე. შენ გეკითხება. შენს სულზედაც იფიქრე. განა ასე უნდა? შენ ერთს მეტყვი, მე ორი უნდა გითხრა, შენ ერთს გამარტყამ — მე ორი უნდა გაგარტყა! არა, ჩემო მეგობარო, ქრისტე რომ ქვეყანაზე იყო, აი რას გვასწავლიდა: ერთ ყბაში რომ ვინმემ გაგარტყას, მეორე მიუშვირე და უთხარი: აჰა, გამარტყი, თუ ღირსი ვართქო. მაშინ სინიდისი შეაწუხებს, დაწყნარდება და გაიგონებს. იმან ეს გვიბძანა და არა სიამაყე. რას გაჩუმებულხარ? განა მართალს არ ვამბობ?

გაჩუმებულია ივანე დი ყურს უგდებს.

ჩაახველა მოხუცმა, ამოაფურთხა ძაღლზე და ისევ ლაპარაკს მოჰყვა: ყველას ჩვენი სიკეთისათვის ვამბობ. ქვეყნიერ ცხოვრებაზე მაინც იფიქრე. რაც ეს აყალ-მაყალი ასტეხეთ, მას შემდეგ გაგიუმჯობესდათ, თუ გაგიცუდდათ ცხოვრება, გამოიანგარიშე, სასამართლოებში სიარულით რამდენი დაგეხარჯა! მაგისთანა შვილები მოგესწრო, უკან-უკან კი არ უნდა მიდიოდე, სიკეთეში უნდა შედიოდე, მაგრამ ვისი ბრალია? შენივე: მტერი აიჩინე. უდროვო დროს შეაქვს საჩივარი და მინდორში მუშაობის დროს, შვილებიანათ სასამართლოში გიბარებენ. უდროვო დროს ხნავ, უდროვო დროს სთეს. მოსავალი რა ნაირათ მოგივა! ფეტვი რათ არ მოგივიდა? როდის დათესე? ქალაქიდამ რომ მობრუნდი. აი, შენს თავს დაუკელი, შენ შენი საქმე გახსოვდეს, შენი შვილებით მინდორში და სახლში იმუშავე; თუ ვინმე გაწყენინებს, აპატივე, როგორც ქრისტე გვიბრძანებს, და უკეთესი ცხოვრება მოგეცემა.

ივანე გაჩუმებულია.

— აი, როგორ უნდა მოიქცე, ივანე. გამიგონე მოხუცებულს. შემოაჯექი შენს ცხენს, გასწი სამმართველოში, მოასპობინე ყველა საქმეები და დილაზე გაბრიელთან შედი, ბოდიში მოითხოვე, შინ მოიწვიე, ხვალ დღესასწაულია (მღვთის მშობლობა თენდებოდა) „სამოვარი“ დაადგმევინე, ერთი ბოთლი ღვინო გახსენი და ცოდვა აიხსენი, რომ ამას იქით აღარც თქვენ, აღარც ქალებს და აღარც თქვენ შვილებს ჩხუბი არ მოგივიდეთ.

ამოიოხრა ივანემ და იფიქრა: მოხუცებული მართალს ამბობსო, და გული დაურბილდა, მხოლოდ ის არ იცის, საქმე როგორ მოაჭარაკოს, როგორ შეურიგდეს.

თითქო მიხვდა მოხუცი მისი გულის-თქმას და ხელ-ახლად მოჰყვა:

— ივანე, წადი, ნუღარ გარდადებ: ცეცხლი თუ გაძლიერდა, ვეღარ დააქრობ.

რაღაცას თქმა კიდევ უნდოდა მოხუცს, მაგრამ ვეღარ მოათავა; შემოცვივდნენ ქალები და მოჰყვენ უშველებელ ქაქანს. იმათ ყოლიფერი ამბავი გაეგოთ: გაბრიელს გაწკეპლვა გაუჩინეს და ის გარდაგწვას გვემუქრებაო. ამ გაგებულ ამბებისათვის თავისიც ბევრი დაემატებიათ, გაბრიელის ქალებს მინდორში მისცვივოდნენ და დაელანძღათ. სთქვეს, რომ გაბრიელას რძალი საქმის მწარმოებელის სახელით გვაშინებსო. ეს მოხელე გაბრიელას ხელს ართმევსო, სჩანს საქმეს სულ უკუღმა წაიყვანსო, და მასწავლებელისათვის ხელმწიფესთან თხოვნა დაუწერინებიათო: ამ თხოვნაში ტაბიკიცაა მოხსენებული, ბოსტანიც, და ნახევარ სამოსახლოს გაბრიელი წაგვართმევსო. მოისმინა ივანემ ქალების ნაამბობი, გული გადუბრუნდა და გაბრიელთან შერიგების სურვილი დაეკარგა.

ოჯახის კაცს თავის ეზოში მუდამ ბევრი საქმე აქვს, ქალებთან ლაპარაკი ივანეს სულაც არ უნდოდა, წამოდგა ქოხიდამ გამოვიდა და წავიდა კალოზე. სანამ ის იქ საქმეებს მოათავებდა, მზე ჩაესვენა, და შვილები სამუშაოდამ მოუვიდნენ. ისინი საზამთროდ მიწას ხნავდნენ. ივანე იმათ მიეგება, მუშაობის ამბავი გამოკითხა, მერე ეზოს მილაგებას მოჰყვა და ამასობაში კიდეც დაბნელდა. ივანემ საქონელს საჭმელი დაუყარა და ჭიშკარი ჩაკეტა.

ახლა ვახშმობის და ძილის დროაო, თქვა ივანემ. ქოხში შემობრუნდა და ამასობაში გაბრიელიც დაავიწყდა და მამის ნალაპარაკევიც. წინკარში რომ შევიდა, ღობის გარდაღმიდამ მოისმა მეზობლის ხმა:

„რა ეშმაკად ამიჩნდა,“ იძახდა ვიღაცაზე გაბრიელა, — „მისი მოკვლა მადლია“ გაჩერდა ივანე, გაბრიელის გინებას ყური დაუგდო, მერმე გააქნია თავი და შევიდა სახლში.

აქ ცეცხლი გააჩაღეს; რძალი კუთხეში სართავს უზის, დედაბერი ვახშამს აწყობს, უფროსი შვილი ქალამანს ჰკერავს, მეორე შვილი წიგნს კითხულობს, ტარასი ლოგინს შლის.

ეს ავი მეზობელი რომ არ აწუხებდეს, შინ ყველაფერი რიგზეა.

ივანე გულ მოსული შემოვიდა, კატა სკამიდამ ჩამოაგდო და ქალებს ლანძღვა დაუწყო, რომ გობი თავის ადგილზე არ ძევსო. ჩამოჯდა ივანე და გაბრიელის სიტყვები არ ავიწყდება, სასამართლოში რომ დაემუქრა და ახლა რომ იძახდა ვიღაცაზე: „მისი სიკვდილი მადლიაო.“

ტარასიმ ვახშამი ჭამა, ქურქი წამოისხა და საძოვარზე წავიდა ცხენების ყურის საგდებლად. ივანე გარედ გაჰყვა, კვიცი ეზოდამ ქუჩაში გარდუდინა, ჭიშკარი ჩაჰკეტა და შეჩერდა. შენიშნა, ტარასია სხვა მწყესებში გაერია და ყველა ლაპარაკით თავის გზას გაუდგნენ. გარეთ სრულიად ბნელოდა და ქარი ჰქროდა. ივანე ჭიშკართან დიდ ხანს იყო გაჩერებული და გაბრიელის სიტყვები აგონდებოდა: „იმას სხვა რამე არ დაეწვასო!“

— ოღონდ მე სამაგიერო გარდამიხადოს და ყველაფერს ჩაიდენს ეგ თავზე ხელ-აღებულიო, ფიქრობდა ივანე, საიდგანმე ღამით შემომეპარება, ცეცხლს წამიკიდებს და გარდამწვავსო. დამწვავს ეგ შეჩვენებული და ვერც დავსწამებ. ამ დროს რომ წავესწრებოდე, ცოცხალს აღარ გაუშვებ.

ცეცხლის გაჩენის ჯავრი ივანეს გულში ღრმად ჩაჯდა და შინ არ შემობრუნებულა, ქუჩაზე გავიდა და იფიქრა: „ეზოს შემოუვლი“ — „სიფთხილეს თავი არა სტკივაო.“ ნელის ნაბიჯით ივანე ღობეს გამოჰყვა და სახლის კუთხეს რომ დაუპირდაპირდა, თვალში რაღაცა მოელანდა და ეს რაღაც იყო თითკო სახლის კუთხეს მოეფარა. შეჩერდა ივანე, ყურს უგდებს და ათვალიერებს: ირგვლივ სიწყნარეა, მხოლოდ ქარი ხის ფოთლებს და თივას აშრიალებს. ისეთი ბნელაა, რომ თვალში თითი არ იკვრება.“ გაჩერებული იყო ერთ ხანს, მაგრამ ვერავინ დაინახა.

„სწორედ მომეჩვენაო, იფიქრა ივანემ, მაგრამ მაინც შემოვივლიო,“ — და წყნარის ნაბიჯით საბძელს გაჰყვა. ივანეს ქალამნები ეცვა და ისე წყნარად მიდიოდა, რომ თავისი ფეხის ხმა თითონაც არ ესმოდა. სახლის კუთხესთან რომ მივიდა, აქ რაღაცამ ისევე გაანათა და ივანემ დაინახა, რომ ვიღაც ჩამჯდარა, ერთი კონა თივა ხელში უჭირავს და ცეცხლს უკიდებს. ივანეს გული აუკანკალდა, ნაბიჯს უმატა და ფიქრობს: „ახლა ვერ წამივა, აქვე დავიჭერო.“

ივანე რომ ორ ნაბიჯზედ მიუახლოვდა იმ ადგილს, ცეცხლი საბძლის სახურავს მოედო: ამ ცეცხლის სინათლეში გაბრიელი გამოჩნდა.

როგორც ქორი წიწილას, ისე მიაშურა ივანემ იმ კოჭლს. — „შევკრავ და ისე დავაგდებო,“ ფიქრობდა ის მაგრამ კოჭლმა ფეხის ხმა გაიგო, ერთი მოიხედა და მოკურცხლა.

— ვერ წამიხვალ! მიაძახა ივანემ და გამოუდგა უკან.

დაეწია და საყელოში რომ ხელის წატანებას უპირებდა, ფეხი დაუცდა და მიწაზე გაიშხლართა. წამოდგა ივანე და ყვირილით უკან გამოუდგა; მიშველეთ! დაიჭირეთ! არ გაუშვათ!.

სანამ ეს ადგებოდა, გაბრიელი თავის ეზოსთან მისული იყო, მაგრამ ივანე მაინც დაეწია. ხელის ტაცებას რომ უპირებდა, კეფაში რაღაცა მოხვდა, და იქვე დაბნიდა. თურმე სანამ ივანე გაბრიელას მიეწეოდა, გაბრიელმა წამოუსვა ხელი დიდ მუხის კეტს და ის იყო თავში სთუთქა.

ივანეს თავ ბრუ დაესხა და წაბარბაცდა. როცა გონზე მოვიდა, გაბრიელი იქ აღარ იყო, იქაურობა გაჩაღებული იყო, და მისი ეზოდამ რაღაც ტკაც-უკუცი და გრგვინვა მოისმოდა. ივანემ მოიხედა და დაინახა, რომ ერთი საბძელი დამწვარიყო, მეორეს ცეცხლი ებრიალებოდა და კვამლი და ნაპერწკლები სახლზედ გარდადიოდა.

„ეს რა მომივიდაო?“ წამოიძახა ივანემ და თავში ხელი წაიშინა! „წეღან გამომეძრო ცეცხლ-მოკიდებული თივა და დამექრო.!“

ყვირილს აპირობდა ივანე, მარა ღონე აღარ ჰქონდა. გაქცევა უნდოდა, და მუხლები აღარ ერჩოდა. წავიდა ნელის ნაბიჯით, მაგრამ ორი-სამი ფეხი გარდაადგა თუ არა, დაბარბაცდა და სული შეუგუბდა. შეჩერდა, სული მოიბრუნა და ისევ წავიდა. სანამ ის სახლამდი მივიდოდა, ალი სახლის სახურავსაც მოედო და ჭიშკარზე გარდმოვიდა — ეზოში შესასვლელი გზა აღარ ჰქონდა. ხალხი შეგროვდა, მაგრამ ვერას არიგებდა: ამ დროს ქარი ამოვარდა და ცეცხლი ქუჩის გარდაღმაც გარდიტანა: ნახევარი სოფელი გადაიწვა.

ივანეს სახლიდამ მისი ბებერი მამა გამოიყვანეს, და სხვებს რაც ტანზე ეცვათ მხოლოდ ის გამოჰყვათ. ვერც საქონელი, ვერც სახლის ავეჯი და ვერც სამუშაო იარაღი ვერ გადაარჩინეს.

გაბრიელის სახლიდამ კი ცოტაოდენი რამ გამოიტანეს და საქონელს უშველეს.

ცეცხლმა მთელ ღამეს გასტანა. ივანე თავის ეზოსთან იყო გაჩერებული, თავის უბედურებას ხედავდა და ამბობდა: „წეღან რომ გამომეძრო ცეცხლ-მოკიდებული თივა და დამექრო, ეს ხომ არ მომივიდოდა!“ ქოხის ჭერი რომ ჩამოიქცა, ივანე ცეცხლში შევარდა და ცეცხლ-მოკიდებული ბოძი გამოათრია. მეორეთ შებრუნდა, მეორე ბოძის გამოსატანად და ცეცხლში წაიქცა. შვილი შევარდა ცეცხლში და მამა გადაარჩინა. ივანეს წვერი და თმა შეერუჯა, ტანისამოსი და ხელები დაეწვა და არაფერი უგრძნია. ხალხი იძახდა: „ჯავრით გასულელდაო.“ ცეცხლი დანელდა, ივანე იდგა და იძახდა: „წეღან რომ გამექრო, ეს არ მომივიდოდაო.“

დილას ივანესთან საყდრის მნათეს შვილი გამოეგზავნა და შემოეთვალა: „მამა შენი კვდება და შენი ნახვა უნდაო.“

ივანეს მამა აღარც ახსოვდა და ამიტომაც ვერ გაიგო, თუ ყმაწვილი რას ეუბნებოდა.

— ვინ მამაა? ვის უძახის?

— შენ გიძახის, შენი ნახვა უნდა: ის ჩვენს ქოხში კვდება. წავიდეთ, ივანე ბიძია.

ძლივს გაიგო ივანემ და მნათეს შვილს გაჰყვა.

სახლიდამ რომ გამოჰყავდათ, მოხუცებულს მოკიდებული თივა დასცემოდა და ცეცხლი წაჰკიდებოდა. ის მოურავის სახლში წაეყვანათ, რადგან იქ ცეცხლის შიში არ იყო.

ივანე რომ მამასთან მივიდა, აქ დედაბრის მეტი არავინ ყოფილა: ყველა ცეცხლზე იყვნენ. მომაკვდავი ტახტზე იწვა, სანთელი ხელში ეჭირა და კარს მისჩერებოდა. შვილი რომ ქოხში შემოვიდა, ის გაინძრა. დედაბერი მოვიდა და ჩასძახა, შვილი მოგივიდაო. ივანე ტახტთან მიიხმო და უთხრა:

— რას ეუბნებოდი მე? ვინ დაწვა სოფელი?

— იმან, მამა ჩემო, უპასუხა შვილმა: ცეცხლს რომ უკიდებდა მაშინ წავესწარი! სახურავს რომ ცეცხლი მისცა, იქ ვიყავი. ცეცხლ-მოკიდებული თივა რომ გამომეღო და დამექრო, ყველაფერს გადავარჩენი.

— შვილო! უთხრა მოხუცმა მამამ: მე ვკვდები, შენც ეს დღე მოგელის.

ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება!

ივანე მამას მისჩერებოდა, დადუმებული იყო, და ვერას ამბობდა.

მხოლოდ ახლა მოვიდა ივანე გონზე და ყველას მიხვდა.

ერთი ამოიკვნესა, დაიჩოქა და ტირილით უთხრა: „მამა ჩემო, მომიტევე, ღვთის-გულისათვის; დამნაშავე ვარ შენთანაც და ღმერთთანაც.“

მოხუცებულმა მარჯვენა ხელიდამ სანთელი მარცხენაში გადინაცვლა, უნდოდა პირჯვარი გამოესახა, მაგრამ ვეღარ შესძლო და გაჩერდა.

— მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს! წამოიძახა მომაკვდავმა, და შვილს გარდახედა.

— ივანე! ივანე!

— რაა, მამა ჩემო?

— ახლა რას აპირობ?

ივანე ტიროდა.

— მეც არ ვიცი, რა ვქნა! უპასუხა შვილმა. მომაკვდავმა თვალები დახუჭა, ძალ-დატანებით შვილს უთხრა:

— იცხოვრებ, ღმერთი მოწყალეა, იცხოვრებ.

ბებერი ისევ დადუმდა, გაიღიმა და უთხრა:

— ივანე, ვინც დაგწვა, იცოდე, არ გაამხილო. სხვისი ცოდვა დამალე, და ღმერთი შენც შეგინდობს.

მომაკვდავმა სანთელს ორივე ხელი მოჰკიდა, გულზე დაიდვა და სული განუტევა.

⁂

ივანეს არ გაუმხელია და არც არავის გაუგია, თუ ცეცხლი ვინ გააჩინა.

ივანე გაბრიელას შეურიგდა და გაბრიელას კი უკვირდა, რომ ივანე ცეცხლის წაკიდებაზე არავის არაფერს ეუბნებოდა. გაბრიელას ჯერ ეშინოდა მისი და მერე შეეჩვია. ამათ რომ ჩხუბს თავი დაანებეს, აღარც მათი შინაურები ჩხუბობდნენ. როცა სოფელი ხელახლად გაშენდა, ივანე და გაბრიელა ისევე მეზობლებად მოხვდნენ.

ამად ისეთივე მეზობლობა ჰქონდათ, როგორც ამათ მამებს. ახსოვს ივანეს მამის დარიგება, რომ „ცეცხლი უნდა დააქრო, სანამ გამძლავრდებოდესო.“

ივანე ახლა სიავისათვის ყველას სიკეთეს უშვრება, ცუდი სიტყვის მაგიერ კარგს ეუბნება და შვილებსაც ამასვე ასწავლის. გამოკეთდა ივანეს საქმე და უწინდელზედ უკეთესად სცხოვრობს.