ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია..
15
ივნ
2025
თამაზ ბაძაღუა
ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია
და გზისპირებზე ლურჯი ბინდია,
სადღაც ქარები თამამად ქრიან,
მაგრამ ქარებიც ვერსად მიდიან.
შენ კი რას ეძებ, სად იხედები,
გზას სად მიიკვლევ ხელისცეცებით,
ჩამტვრეული გაქვს თითქოს ფერდები,
ვარდები, მაგრამ ვეღარ ეცემი.
მოწვეთავს ცრემლი-ვეღარ ტირიხარ,
დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის,
გადაგაწნავენ მათრახს ირიბად
და შენც მადლობას იხდი მარადის.
წვიმს, მაგრამ წვიმაც ვეღარ გასველებს,
გძულს და ალერსით უზანგს ულოკავ,
მზე ჩადის... ჩადის და შენც ასევე
ჩადიხარ, როგორც უსასრულობა.