ჩუ, ქარიშხალი ვითა გრიალებს

ჩუ, ქარიშხალი ვითა გრიალებს

ავტორი: მიხეილ თუმანიშვილი. პუშკინის მიბაძვა. გამოცემაში უსათაუროა; სათაურად გამოყენებულია პირველი ტაეპი.

(მიბაძვა პუშკინისადმი.)

ჩუ, ქარიშხალი ვითა გრიალებს
ბნელს უდაბნოში ბუქთა შტვენითა,
ხან ნადირივით დაიღმუილებს,
ხან ატირდება ყმაწვილივითა,
ხან ვითა ჩალა დაჰქრის შრიალით
შთამოწოლილსა ბანისა ზღუდეს,
ხან დავარდნილის მოგზაურივით
უცებ ფანჯარას მოგვირაკუნებს.

დაყრუებულსა ქოხსა მწირსა
ღარიბად ბჟუტავს მქრალი მგზებარე:
მაგრამ შენ ქალო, ქალო შენ მზასა,
რად მოიწყინე, რად ხარ მდუმარე?
ნუთუ ყურს უგდებ ბუქსა მშტვენელსა,
მკლავ მიბჯენილი ცივ ფანჯარაზედ?
ან განჰსჭვრეტ ბნელსა თვალ მიბინდველსა?
ან ჰსთვლემ მაშვრალი ტარისა ზრიალზედ?

გამოიფხიზლე! დროა ლხინისა!
განდევნოთ ჭმუნვა სიმღერის ხმითა,
დიდიხანია ჯამი თიხისა
განვერცხლებული გელის ღვინითა.
გამოიფხიზლე! დიდიხანია
ოთხ სიმიანი, გრძნობის სათქმელად,
ჩონგური ჩემი მომართულია
და მზად ვარ მასზედ მე ხელისსუფლად.

ჩუ, ქარიშხალი აღზვავებული
ვითა გვიქოლავს ბუქითა კარსა...
შევსვათ ფიალა აღქაფებული,—
გული ეწევა ნეტარებასა.
აღტაცებითა დავაწკრიალებ
ჩონგურსა ჩემსა ოთხსიმიანსა,
და სიმღერისა ხმითა დავაყრუებ
ბუქის შრიალსა, ქარის გრიალსა.

1838 წ.