ძვირფას მეგობარს

ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.

თითქოს ქვეყანა შენ გაბარია
და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს.
სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია,
სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.

ისევ ეყრდნობი ძვირფას იარებს
და მწუხარება შენთან ხშირია.
და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე,
რომ ბერი სხვაზე უფრო გმირია.

უცებ ვეწვიეთ ნაცნობ რესტორანს
და შენ წარმოსთქვი: ხვალაც აქ მოვალ.
მე გავიღიმე და მომეწონა,
რომ ამართლებდი შენს უსაქმობას.

ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.