ძვირფასო საყვარელო

ძვირფასო საყვარელო

ავტორი: ალექსანდრე ჭავჭავაძე. ავტორის მიწერა მიჰყვება გამოცემის განყოფილების სათაურს. გამოცემაში უსათაუროა (I); სათაურად გამოყენებულია დასაწყისი.

ძვირფასო საყვარელო, მხოლოდ მფლობო გულისავ,
რომელსაცა სხვა მზგავსი არა სად გეპოვება,
შენ გეტრფი, შენგან ვცოცხლებ, სულო ჩემის სულისავ!
მარამ სურვილი ვითა სრულად გამოითქმება?
ბუნებაში საცა რას ვხედავ შენთავს მგონეს,
შენი საამო სახე ყველგან მიდგს თვალთა წინა,
არ მცილდები ხედვითგან, მარადის შენსა მგონეს:
ზეცითრე გარდმოსულთა ვსჭვრეტდე გრაცათა გინა:
ოდეს ავიღებ კალამს, მხოლოდ მაქვს სასურვოდ,
რომე ვიხარო წერით შენისა სახელისა;

სხვათა ყველათ საქებრად ჩანგი მშთომია უხმოდ,
შენ მხოლო ხარ აღმსთომბით აღმძვრელი მისის ხმისა.
შენთანა ვარ, თუ სხვაგან, მახლობლად, თუ შორს ქმნილად,
ლხინად, შვებად, განცხრომად შენი ოდენ მაქვს ტრფობა;
სოფელსა ამას შინა შენ შთან ყოველს კეთილად,
გულს შენგან აქვს სიცოცხლე, და სიცოცხლეს დატკბობა.
საცა გინდა ვიყომცა, გარეთ, შინ, სოფლად, ველად,
შენი შვენების ხატი ვითა განმეშორების?
მას ჰქმნია ჩემს გრძნობაზედ სურვილი შთამბეჭდელად,
ხედვა მის მზერს ძილადმდე და ფიქრი მასთან ჰსტკბების.
თვით ჟამსაცა ძილისას არა მაქვს ბედი მწყრომე:
სიზმარი მასმენს შენგან გამოხდომარს ნაზსა ხმასა.
განვიღვიძებ—ჩემთან ხარ და სიამით ვჰხედ რომე,
გულს შენ უმენ ჰსცემ ნათელს, ვიდრე მზე ქვეყანასა.