ჯაბა ჯაიანი

გიორგი გვაზავა
ჯაბა ჯაიანი
მოთხრობა ლექსად

ჯაბა ჯაიანი.

ხმა პირველი.

გიგონებ და—კვლავ ისევ ხალისით
ჩემს მწარე მიზანს ვემსახურები.
აკაკი

I

ჰცხოვრობდა ჯაბა... მისი წარსული
წარსულად დარჩეს, არ შევეხები;
არც მას, სად იყო დაბადებული,
არც მას, რამდენი ჰყავდა გლეხები;
ჰცხოვრობდა იგი, ჯერ ახალგაზდა,
სხვა და სხვა გრძნობა ღელავდა მასში,
ქალების კოცნით აულამაზდა
ლამაზ ტუჩებზე შავი ულვაში,
და ცრემლის ღვარი სდიოდა ხშირად
ნანგრევებშია, არაგვის პირად.

II

ბრძოლას ჰნატრობდა—და ცხოვრებამა
შეუკრა იმას ფეხი და ხელი,
ლხენას ჰნატრობდა—და ჩაუქშამა
მანვე მას გრძნობა გადაუშლელი,
ძმობას ეძებდა · და ძმობის წილად
მტრობა და შური აღმოაჩინა,—
და ცრემლი ღვარა იმან გულ-ჩვილად,
გული გულია, არ არის რკინა,
და ყვავილივით იგიცა ჰჭკნება,
თუ სხივი ლხენის არ ეფინება.

III

შუბლი მაღალი, ნაოჭიანი,
ლამაზს სახეზე თაღად დადგმული,
ამბობდა, რომ ეს ადამიანი
იყო დიდი ხნით გულ-დადაგული;
მაშინაც ხშირად, როდესაც ჯაბა
წერწეტა წელსა ხელსა უხვევდა
და მის მუხლებზე ძვირფასი კაბა
თავის ნაკეცებს ჩამოარხევდა,
ხშირად მაშინაც, ამ ლხენის წამსა,
სევდა გაჰკრავდა იმის წამწამსა.

IV

რა ჰქონდა გულში, რაგვარი დარდი
ჰტანჯავდა იმას—არვინ იცოდა.
ხშირად, როდესაც საამოდ ჰქრთოდა
ღრუბლის ნაჭრებით ცისა ლაჟვარდი,
და შორს მთიანსა არე-მარესა
გულ-დამატკბარი ეფინა სხივი
და ცის სივრცეში დინჯად არწივი
ზედ იქცეოდა კლდესა და ღრესა;
ჩემსა ჯაიანს, შორს მიმავალსა,
მინდვრად გლეხები მოჰკრავდენ თვალსა.

V

გადადიოდა ცხენით შორსა კლდესა
და მერე ხევში იმალებოდა,
და იქ ნახული წინარე დღესა,
შემდეგს—ქალაქში გამოჩნდებოდა.
ვიწრო შუკაში ეჭირა ბინა,
ფანჯრიდან ღამით სანთელი ჰქრთოდა,
და რაც ჰხდებოდა შიგნით მაშინა,
იგი დარჩება საიდუმლოდა:
მას ვერ დახატავს ვეროდეს, მგონი,
ამ მოთხრობისა მქრთალი სტრიქონი.

VI

ლხენისა დროსაც, როდესაც ტაში
შორს გაისმოდა აღელვებული,
ჯაბას არ ჰსურდა სმა და თამაში,
მდუმარედ იჯდა, უწუხდა გული;
მაგრამ ზოგ-ჯერა აღფრთოვნებული
მოულოდნელის რაღაცა ძალით,
წამისა წინედ დადუმებული,
ახლა ბრწყინვალე ციურის ალით,
თვით აიღებდა დაირას—და ხმით
დაამღერებდა გულის დამდაგით:

„თურმე მტვერი, სამწუხაროდ,
ჩვენ გვგონია გონებაში,—
და რა გვიჭირს—დრო ვატაროთ...
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

წარსული ჰწევს მიწის ქვევით,
სხივი არ ჰჩანს მომავალში,—
და ჩვენ ღვინოს შევექცევით...
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

რაღად გვინდა ცოდნა მისი,
რაც რომ ჰხდება ქვეყანაში,
როცა გაჰქრა სინიდისი?..
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

ამბობენ, რომ ვიღუპებით,
ხალხი იღრჩვის ცრემლის ტბაში,—
და ჩვენ ვსტკბებით ტკბილის ხმებით...
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

სასაფლაოდ იქცა გული,
იმედები ჩაჰვდნენ შაში,—
და ვიძახი მხიარული:
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

რა ვუყოთ, რომ ცრემლი ცხელი
მომდის—სცვივა დაირაში,—
მას დაჰფარავს ღამე ბნელი...
ყმაწვილებო, ტაში-ტაში!

VII

ქალაქს ეძინა ამ დროსა ტკბილად,
ბნელით მოცული სჩანდნენ ბანები,
ბნელსა გამოცვლის დილა ადვილად,
გულს—ვერც ათასიც იმისთანები:
ღამით—ძილია, დღისით—სადილი,
ანუ საუზმე სადილის წინა,
და აქვს იგივე გულსა წადილი,
ერთსახობრივი გარედ და შინა,
რაც რომ ჰქონდა ასის წლის წინეთ,
ანუ ათასის, წარმოიდგინეთ.

VIII

მაგრამ საღამოს, როცა ქუჩებზე
უკანასკნელი კიდევ ჰკრთის სხივი,
მოჰჩანს ღიმილი ლამაზ ტუჩებზე,
ისმის თახთახი ჩვეულებრივი;
დასეირნობენ სომეხი, რუსი,
და ქართველ ქალი მკერდ-ახოვანი,
ლეჩაქი, როგორც მთაზე ბურუსი,
ჰაერს მოჰყვება ჰაეროვანი
და ლამაზ მხრებსა ძლივს ეკარება
მის სიმსუბუქის დანარნარება.

IX

ამ დროს ფეფოსაც ჰხედავდნენ ხშირად,
მოჰქროლებდა ეტლი მსუბუქი,
მოჰქროდა იგი ქუჩისა პირად,
ვით დამწვარს გულში იმედის შუქი;
შორს გაისმოდა ტურფა ცხენების
მაშინ თახთახი აჩქარებული,
აიშლებოდა გუნდი მტრედების
იმ ეტლის ქროლით შეშინებული,
გზას უთმობდნენ და ზევით ცაში
ფრთისა ტკაცუნის ისმოდა ტაში.

X

იცით, ვინ იყო ეს ტურფა ქალი,
ვინცა ეს არის დავასახელე?—
ქალაქის გარე, სადაც მრავალი
მოჰჩანს აქ-იქ ბაღი და ღელე,
ერთი სახლი ჰდგას... მტკვარსა დასცქერის:
ამ სახლის ბაღი ხშირ-ტოტიანი,
იქ ჰყვავის ვარდი სხვა და სხვა ფერის,
უსტვენს ბულბული უცხო-ხმიანი,
როცა მზის სხივის საამურება
დასავლეთ მთებში მიიწურება.

XI

იქა ჰზის ხშირად ბახვა ბარავა,
ან დასეირნობს მოხუცებული,
ატკბობს მას თბილი სამხრეთის ჰავა,
მიდამო ირგვლივ აყვავებული;
მაშინ მას ცოლიც, ნარნარი ფეფო,
გვერდით მოჰყვება, და მაშინ ბაღი,
ვარდი და ია, შტოების თაღი,
სუნნელობისა ტურფა სამეფო,
სამოთხედ ჰხდება—და სანეტარო
ჰჩქეფს სადღაც შორსა შვებისა წყარო.

XII

ბახვა ჰტკბებოდა, თუმცა კი შვილად
ლამაზი ფეფო ჰშვენოდა იმას;
დრო მიდიოდა, გაჰქონდა ტკბილად
ბაღში შხაპუნი მაისის წვიმას,
ან მზე იბრწყენდა და შეაფრქვევდა
თავის სხივებსა შტოების შორის,
იქ შვება იყო, კი არა სევდა,
ტრფობა და ნდობა ერთი-მეორის;
მაგრამ ვინ იცის?—აზრი და გრძნობა
გარეგნობითა ვერ შეიტყობა.

XIII

ბარავა მაშინ გამოჩნდა, როცა
შამილს არ ჰქონდა არავის რიდი,
რუსეთის ჯარი ჰჟლიტა და ჰხოცა
და ამით დასძრა ოსმალოც დიდი.
შეირყა ერთობ კავკასიონი,
სოფლად ჭაბუკი არ დარჩენილა,
ბოლის ბურუსში არ ჰჩანდა დილა,
და სისხლის ღვარში ჩვენი რიონი,
თითქო იქ დაღვრილ უნგაროდა
ქართველის სისხლი არა ჰკმაროდა.

XIV

ამ დროს ხალხიდან, ვით კლდიდან წყარო,
ამოსკდა გუნდი ახალგაზდობის,
გუნდი ჯანმრთელი და უსაზღვარო
აღტაცების და თავ-გამოდების;
წავიდნენ წინა მაშინ იგინი,
თავი ყველგან გამოიჩინეს,
რუსეთს შეუთხზეს ტურფა გვირგვინი,
ზარის ხმა მტრებსა გააგებინეს,
და სალონებში ნარნარსა ქალებს,
თუ მხედრის დეზი როგორ ჰწკრიალებს.

XV

მათ შორის ბახვა ბარავა,
ეჭვი არ არის, იყო პირველი;
მისი ცხოვრება, დრო თუმცა გავა,
დარჩება მუდამ გასაკვირველი.
ის იყო ყველგან: შავი ზღვის პირად
ორჯელ მო-უხდა მას შეტაკება;
იქ გაიმარჯვა, თუმცა კი ძვირად
დაუჯდა იმას ის გამარჯვება:
ბრძოლისა ველად დაჰკარგა ჯარი
და თვით იპოვეს ნახევრად მკვდარი.

XVI

ბარად იბრძოდა, მთებში იბრძოდა...
შამილი იყო გაკვირვებული;
ჰაჯი-მურადიც შეტაკებოდა
ერთხელ მას, ომით გამწარებული,
და რომ უნახავს მისი გმირობა,
უკითხავს თურმე: „ვინ არის ისო?
მის მამაცური პირდაპირობა
ქართველისაა, არა რუსისო...“
იქ ბევრს ამისთვის მოუყრავს ყური
და მოჰყოლია მტრობა და შური.

XVII

ბოლოს დაჰბრუნდა. რა რომ უთვალელი
გამოიარა ბოლი და ტყვია,
რომლისა კვალი გადაუშლელი
მის მოხუცს ტანსა ბლომად ატყვია;
და მოანატრა უდროო დრომა
ძვირფასი კაბის ტკბილი შრიალი,
ბუხარში ცეცხლი, ბავშვების ხტომა,
დედის გვერდითა მათი ცქრიალი,
ბედნიერება კიდევ და მერე
შვების მორევში ტკბილი სიბერე.

XVIII

და აი ფეფოც... რა კარგი იყო
ეს ქალი არა—ოცნება რამე,
ბახვასი ტრფობა როცა მიიღო
და დღედ შესცვალა მის გულის ღამე;
რა კარგი არის ეხლაც ნარნარი,
როგორ შეჰტრფიან იმასა ყველა,
მაგრამ ყველასთან ის არის წყნარი,
ამ ცხოვრებისა ციცინათელა;
შინ არის იგი, თუ არის გარე,
ყველგან ტურფა, ყველგან მღიმარე.

XIX

თუ გარე არი, იგი შეჰღიმის
ახალგაზდებს და მოხუცებულებს,
აქა სწვავს ზოგსა ღიმილი იმის,
იქით—ბახვასა ამხიარულებს;
აი, გაირღვა ქალების გროვა
და სიძვირფასე სხვა და სხვა მოდის,
ამ გროვიდან ფეფო გამოდის,
შუქი თვალების თვალს შეუქსოვა...
მაგრამ ვისი თვალს?—ყმაწვილი არი,
მაგრამ ვინ იცის იმისი გვარი?

XX

ეუბნებიან: „ჯაიანია!“
მაგრამ არ ახსოვს ბახვას ეს გვარი,
მას დავიწყდა, დიდი ხანია,
გულს მოხვედრილი შიშის ისარი;
ეხლა ის სტკბება, ეხლა შინ არი,
და მარტო მასთან ის ვარდის კონა;
რად უნდა ძალა, მთები და ბარი,
დიდება, ოქრო თავისი წონა,
როცა ლხენის და შვებისა წყარო
მას შეჰკასკასებს—„შენ მიყვარხარო!...“

XXI

ფეფოს უყვარდა, თეატრი, ბალი,
თუმცა კი ცეკვა მას არ უყვარდა,
საყურეებში ლალისა თვალი,
ყოველი წიგნი... ჩემ „ლილოს“ გარდა;
ბევრჯერ დამწვარა მისგან ყმაწვილი,
ახალგაზდა და ძველი მებრძოლე,
ყველა ჰრჩებოდა გულ-დაკოდილი,
მხიარული კი მადამი Tollé,
ვისთანაც მუდამ ახალი მოდა
მხოლოდ ფეფოსთვის იბადებოდა.

XXII

დილ-დილით ფეფო არვის აცლიდა,
ჩამოუვლიდა ყვავილებს წყლით;
ფანჯარას წინ წიგნსა გაშლიდა
და გარდასდებდა ბოლოსა იქით,
საღამო ჟამსა გამოდიოდა,
უცდიდა ეტლი კარების წინა,
მოწყენილ სახით მასში ჰჯდებოდა...
მოხუცი ქმარი ჰრჩებოდა შინა,
და ჰგრძნობოდა, რომ ცა ელავდა ზევით
სიხარულით და შვებისა ფრქვევით.

XXIII

მაგრამ ზოგ-ჯერა კამარის ბრწყინვას
ღრუბლის ნაჭერი შეეპარება,
და მისი ჩრდილი, ვით ეჭვი ლხენას,
სიბნელით ცასა გადეტარება;
ის გაიშლება გაშმაგებული
და გრგვინვას იწყებს შორი ცის კიდე,
ისე, ვით ბრაზი ვერ წარმოთქმული,
რასაც პირდაპირ ვერ იტყვი კიდე,
და შემდეგ ელვაც იბრწყენს ზედა-ზედი,
ჭექის და ავდრის წინამორბედი.

XXIV

და აგრეც მოჰხდა: შეანიშნა ბახვამ
ფეფოს თვალების სხვაგვარი კრთომა,
და ჯაიანის მის გვერდით ნახვამ
კიდევ ისარი გამოუზომა:
დაბნელდა ზეცა, მაგრამ გაბრწყინდა
ისევ კამარა უცინდელურად,
ეჭვი ქცეული თითქოს ბედურად,
მისი თავიდან იმ წამს გაჰფრინდა,
რომ გაიშალა შორსა მარაო
და სთქვა: „შენი ვარ, სხვისი არაო!“

XXV

რაზომ სუსტი ვართ მამაკაცები
აქიდანა ჰჩანს, უეჭველია,
გულს ვეუბნებით: „იყავ, არხეი!“
როდესაც იგი ასახსნელია;
ერთი ღიმილი, ანუ დაქნევა
ოდნავ მარაოს—საკმარისია,
რომ ვსთქვათ: „ჩვენია, ისე ირწევა,
ჯერ არ დამჭკნარა ტრფიალის ია“.
კაცსა საბრალო ბევრი რამ ჰჯერა,
როცა ტკბილია გულისა ძგერა.

XXVI

თქმა აღარ უნდა, რომ ფეფოს გული
არ შეიცვლება, რაც გინდ რომ იყოს,
მოისმენს ოდნავ აღელვებული
სიტყვას მეგობრულს, თუ საარშიყოს,
ან თვითონ გასცემს, ანთებს თვალსა,
ან სულ არაფერს არ იტყვის იგი;
იცის, რაც რომ შეჰშვენის ქალსა
და რას მოითხოვს წესი და რიგი,—
მაგრამ თუ ისმის ხმა სამოთხური,
ნუ თუ ჩვენ უნდა დავიცვათ ყური?

XXVII

დაე ღიმილით დაუხრან თავი
და მიაწიონ საცეკვალადა,
წერწეტა წელზე მოჰხვიონ მკლავი
ისე, ვით ითხოვს წესი თუ მოდა...
მაგრამ ერთხელა აუწვა მხარი
მას ცეკვის დროს რაღაცა ალმა,
შეჰხედა იგი, მოჰყვენა ქმარი,
ჩუმად ჯაიანს გამოესალმა,

მაგრამ, ვაიმე, ძილი და შვება
გაჰქრა მას შემდეგ, ვით მოჩვენება.

XXVIII

ეს ქალის ძილი მარჯვე კალმით
ბევრჯერ ყოფილა გადმოცემული
და თვით ვიქტორის ნიჭის ძალა მით
აღძნილი და დავსებული;
იწვის აქ ქალი, კი არა სძინავს,
ცრემლით ირწყვება მისი ბალიში,
თავსა წამოჰყოფს—ანთებით ჰფშვინავს,
წამოდგება და—შეუბყრობს შიში,
და ბოლოს კარსა მიეპარება
ის—ხორციელი გულ-მდუღარება.

XXIX

ამ ნაირადვე ფეფოს არ სძინავს,
იგი სიფრთხილით გამოდის გარე;
ცაზე იბრწყინვადა პირ-ბადრი მთვარე,
ბაღსა დაჰსტრფოდა, შიშით შეჰშინავს.
გამოცდა ხესა ფეფო ბედკრული
უკან დასტოვა ერთი, მეორე,
ტოტი ხეების, როგორც მტერი,

შემოეჩეხოდა სულ-განაბული,
და ყურს უგდებდა ნაბიჯსა მისსა
იდუმალობა თბილი ღამისა.

XXX

მტკვრის-პირ მივიდა თრთოლვითა, რომა
გადამხდარიყო ნარნარი იქა,
ტოტი საჩქაროდ გადმოიზნიქა,
რაღაც გადასცა შტოებსა შტომა...
უცებ გამოჩნდა ზევიდან ნავი,
ტალღის დენა არხევდა იმ ნავს,
ახლოა იგი, იგი მოჰფრინავს,
ათასი შიშით გულისა მღლავი,
თითქო იქ იყოს რამ გახარება,
რაც აქ გაირბენს და წყალს გაჰყვება.

XXXI

ახლოა ნავი და გულმაც ძრწოლა
იწყო მწველი და მოსანატრელი;
კიდამაც ნავზე ასწია ხელი,
თოკი კიდისკენ გადმოისროლა:
მას ეცა ფეფო, მოზიდნა ნავი,
ფეხი მიწასა მიკრა კოსტა,

სახე აენთო, მკლავზე ჩამოხტა
მარჯვე, მანამდე დაუხსნავი,—
და ნავი კედელს, საც იდგა ქალი,
მიადგა ბარბაცით, როგორც დამთვრალი.

XXXII

ამოხტა იმ წამს იქიდან ჯაბა,
მას მიეგება ვარდისა კონა;
მიდამომ ტურფამ სული განაბა,
ღამის ნიავმა შეწყვიტა კრთოლა;
გაჰქრა, რაც იყო გაუქრობელი,
სევდა და შიში და ეჭვის გროვა,
წამი აინთო, მან გაჰჭრა ბნელი,
და გულის ძგერა გაუცხოვა...
ნეტარო წამო, რად გაქვს ეს წესი—
აბრწყინავ და ჰქრები, როგორც ნაკვესი?!

XXXIII

და ჯაბამ უთხრა ბოლოს: „მშვიდობით,
სახე გმირული მომავლის წინა,
მოკლული შენი წამწამის სობით
ქვეყნის ტანჯვამა არ დამაძინა;
მე ბრძოლას ვეძებ—და თუ დავხუჭავ

მე საუკუნოდ მწუხარე თვალებს,
ოჰ ჩემო ტურფავ, ოჰ თმა-ხუჭუჭავ,
ცის მადლი კვალად ააბრწყინვალებს,
და იქ შეგხვდები, ვარსკვლავთა ზემო,
შენ და მხოლოდ შენ, სიცოცხლევ ჩემო!

XXXIV

მშვიდობით... წამი გათავდეს მწყევლი,
მშვიდობით, მაგრამ...“—მაგრამ ამ დროსა
კოცნა მოესმა მოსანატრული
ხისა შტოებს და ადგილის მყუდროსა;
„კიდევ...“ წუხილით ჰვედრიდა ჯაბა,
მის ტანჯვა სჩანდა იმ ვედრებაში,
და ღონე, ღონე სად იყო აბა,
რომ შეეჩერა გულის თამაში
და დაეფარა მისი სიმშვიდე:
„ოჰ ღმერთო!..“ ერთხელ გულს მოსწყდა კიდე

XXXV

და ის ტუჩითა შეეხო ხელსა,
ხელს მოჰხვდა ტუჩი, ვით ნაკვერცხალი;
და მერე ქალის მწუხარე თვალი
ვერ-რას ჰხედავდა გასარკვეველსა:
ტალღა ტალღასა ბრაზით მისდევდა,

მთვარე ღრუბელში იყო ჩართული,
და შორს კიდევ მიმქრალებული
ნისლი ჰბურავდა, ვით გულსა სევდა:
—„ოჰ რა კარგია და რაზომ ტკბილი
ამ ნისლის ქვეშით მუდმივი ძილი“;—

XXXVI

აქ ფიქრებდა ფეფო... მაგრამ სურათი,
მე კარგად ვხედავ, არ არის სრული,
არც ხმა, არც სიო, არც ფშვინა მათი
ისე, ვით მსურდა, გადმოცემული;
ღმერთო, რა იყო ის ტურფა მთვარე,
მისი კამკამი შტოებისა ზედა,
შეხვედრა ტკბილი, ვნებითი ხედვა,
სიყვარული და გაყრაცა მწარე,
რაც რომ ოცნებამ საამურათა
თავდაპირველად დამისურათა?!

XXXVII

რა იქნა კოცნა, იგი ხმა-ტკბილა,
რაც ჯაბამ სატრფოს მიუთავაზა,
მეორე დღის ბრწყინვალე დილა,
ბარავას სახლი, ყვავილის ვაზა,

რომლისა გვერდით ფეფო ნარნარი
იდგა და ყვავილს წყალს ასმევდა!?..
შემოდიოდა ამ დროს ქმარი,
აშკარა იყო იმისი სევდა,
და ცოლს ეტყოდა: „მობრძანდით, კარგი...
მზად არის ყველა... წაიღეს ბარგი...“

XXXVIII

რას ჰნიშნავს ეს! ნუ თუ მან იცის“...
და ფეფომ ფიქრი ვერ დაასრულა;
იგი თავის თავს გამეტებით ფიცის
და მოღალატედ არა ჰრაცხს სულსა,
ის იგივა, რაც რომ ყოფილა
და კვლავ დარჩება ერთგული მისი,
შეცვლის დღეს ღამე, საღამოს—დილა,
არ შეიცვლება მისი სინდისი,—
ეს ნამდვილია, მაგრამ ნამდვილი
განა სათქმელად არის ადვილი?!

XXXIX

და აი გადის დღე ორი-სამი,
ჰკრთის კამარისა საამო სხივი,
ზღვასა დაჰხარის მისი კამკამი,

ჰკოცნის მას ტალღის ნაკადი ცივი;
გემი მისცურავს, მიდიან შორსა
ჩვენი ნაცნობი ფეფო და ბახვა;
ის შეუერთდა ქვეყნისა ჭირსა,
მოსძულდა თითქმის ქალაქის ნახვა
და წაიყვანა შორს თავისი ცოლი,
სახით მწუხარე, გულით ობოლი.

XL

მაგრამა ჯაბა? საით წავიდა
ან რა ჰქნა იმან, გულ-მდუღარება,
რა რომ დასტოვა თავის ნავითა
ბაღისა გვერდით ტალღისა ცემა?
იმავე ღამეს მოეყვანა ჩქარა
მან თავის ბინა და ერთჯერ კიდე
ჰნახა მის კარი, მისი ფანჯარა,
კარების იქით მოწითლო რიდე,—
ერთჯერა კიდევ გამოესალმა
იგი ამ კუთხეს სევდების ალმა.

XLI

შუა ოთახში იდგა მდუმარედ
ჯაბა და ირგვლივ იყურებოდა.

მისი გული ჰძგერდა, ჰძგერდა მწუხარედ,
კედელი ჩუმად შემოსცქეროდა.
ღმერთო, რა ადრე გამეფებულა
აქ მოწყენა და ღიმილი მწყევლი,
თითქო ამ სახლში ათასი წელი
კაცი არავინ ჰცხოვრობდა სულა
და მიგდებული უპატრონოდა
მტვერს და სიგრილეს ის დარჩენოდა.

XLII

ყმაწვილიცა იყო, როდესაც ჰსურდა
ჯაბას ლოცვა და ვედრება ღვთიისა,
მაგრამ, ვაიმე, მას არ უხუროდა
რწმენით გული, მსხვერპლი ტანჯვისა,
მოჰკვდა იმ გულში იმედი ბევრი,
ბევრი ნატვრანი გაჰქრენ სრულებით
და ჯოჯოხეთურ მხიარულებით
მოატრიალა ცეცხლისა კერი
იქ წვალებამა... და ლოცვისთვისა
ჰყო სამუდამოდ უგრძნობი ისა.

XLIII

მობრუნდა მერე, დაკეტა კარი,
. . . . . . . . .

ირგვლივ ჰმეფობდა სიჩუმე მკვდარი
და ჯაიანი გავიდა ნელა;
ღრუბელს შეეკრა მთვარისა კრთომა,
არა რა სჩანდა, ყველგან ბნელოდა,
გავიდა ჯაბა და ჰნახა, რომა
მას კარებთანვე ვიღაც ელოდა;
და უცხო პირმა, მდგომარემ მარტო,
უთხრა: „შენ გელით, ჩვენ მზათა ვართო...“

—

მოდი და ძმურად მხარს მივცეთ მხარი,
და გადავდენოთ ოსმალოს ჯარი.“

ჯაბა ჯაიანი

ხმა მეორე

გაგვითხელ, ბერო მინდივე,
მუხლი გაიბი მგლისაო.
ხალხ. ლექსი.

I

არ სჩანდა ჯაბა,—იმან დასტოვა
ქალაქი ჩვენი და მყუდრო ბინა,
ყმაწვილ-კაცების ერთგვარი გროვა,
ერთგვარი სახე გარედ და შინა;
ტურფა ქალების ნაზი ღიმილი,
მტრის და მოყვრის გველური ენა;
წამოდგა იგი, შესწყვიტა ძილი,
და მდუმარება... და იქითკენ
გასწია მან, საით იწვავდა
მწველი ნატვრა და მუდმივი სევდა.

II.—III.

ჯაბა ამ დროსა სოფელში იყო,
სოფლიდან დაბებს ჩამოუვლიდა,
თავისი სევდა თანვე წაიღო,
ვაზსა და ვარდებს გაუზიარა;
აანთო იმან ვაკე და კლდენი,
ხევშიც გამოჩნდა უცნობი სხივი,
და თუმცა იმ მხარის, სადაც ამდენი
შრომა გასწია მან მისებრივი,
აღელდა მხოლოდ მეთორმეტედი,
მაინც გაბრწყინდა ტურფა იმედი...

IV. V.

თავადობას კი გვარიშვილობით
თავდაპირველად მოჰქონდა თავი,
ბოლოს დარწმუნდა გამოცდილებით,
რომ დრო იმასაც დაუდგა შავი:
წარსულ დროების გაჰქრა შვენება
საღამო ჟამის ჩრდილისავითა,
უკუნი უკუნს მიეშვება
განრისხებული, ფრთითა შავითა,
და მის ქროლასა ვეღარა ჰშველება
კაცის გონების თავ-გამოდება.

VI.

არა ჰტრიალებს ძველებურ ხმალი,
ძველებურ საქმე არ ისხნის საერთო,
ბიბინებს ველი, კამკამებს წყალი,
მამულს კი სძინავს—(სანამდე, ღმერთო?);
დღეს არ ატყვია ხმალსა ხმალობა,
ჟანგმა შესჭამა თოფის თვალი,
და ძველ გმირების ჩამომავლობა
ხალხსა მოედო, როგორც ქალა,
და ამან უფრო გააძლიერა
საერთო ბრაზით გულისა ძგერა.

VII.

ამ გვარად იყო უკმაყოფილო
გლეხი, თავადი, ერი და ბერი,
და საქმეც შესდგა საშველიშვილო,
არე-მარემ იცვალა ფერი;
მოგროვდა ჯარი, მოაწვა ყველა,
ვინც დატანჯული იყო ბედითა,
ტყე გაიარა, მთა გადათელა
ხალხმა, მღელვარემ კვლავ იმედითა,
და გრძნობით წმინდა, აზრითა უცხო
მან არე-მარეს ხმები დაუწყო:

„მოდით, ძმებო! გაშლილა
და ტრიალებს დროშა ჩვენი,
შინ დარჩენა სირცხვილია,
ორგულობა—შესაჩვენი;

ნაზის ხელით შეკერილი
ღონიერის მკლავს ის უჭირავს,
იყოს ჩვენთან დაწყევლილი,
ვინც თავს მას არ შესწირავს.

მთა და ბარსა ის გაჰყურებს,
დაჰფრიალებს ჯარის ზევით,
ის დაიხსნის უბედურებს
დევგანდელი სისხლის ნთხევით.

მოდით, ძმებო! მოსჩანს მტერი,
ჰე, მამულო, აწ მშვიდობით:
ან გახდებით ბედნიერი,
ან სრულიად დავემხობით.“

VIII.

„ეს რა არისო?!“ გაიძახოდენ,
გაკვირვებული ჰრჩებოდა ყველა,

აქ ჰკითხულობდნენ, იქ ჰდავობდნენ,
გამოჩნდა აზრის ციცინათელა...
მაგრამ ჯაბასა არ ჰქონდა დარდი
მისი, ქალაქში თუ რა ხდებოდა,
დაჰკრთოდა მის ჯარს ტურფა ლაჟვარდი,
თეთრი მერანი ცერზე ჰდგებოდა.
და ჰფრთხებოდა, როდესაც შორსა
მტერი მოადგა გაშლილს მინდორსა.

IX.

იმწამს დაუტეო სისხლისა დუღილი
ჯაბას და უცხო მხიარულება,
იქ იყო ბრაზი, შიში, წყევლი
და მოუწდომი განწირულება,—
იმან ხომ დასწვა თავის ხომალდი,
უშუ-ლახვა არ მოხერხდება...
თავისუფლება, გამობრწყინვალდი,
სისხლი შენთვისა კვალად იღვრება,
კვალად თავს სწირავს ერი და ბერი,
რომ შენ ჰბრწყინავდე პირ-მშვენიერი.

X.

ამხანაგებო!“ ჰყვიროდა ჯაბა:
წამი ახლოა განსაცდელისო,

თქვენი მხნეობა მაჩვენეთ, აბა,
წმინდა ანდერძი ჩვენი ძველისო!..“
სულგანაბულად უსმენდა ჯარი,
შემდეგ შეჰღაღდა—„ჩვენ მზადა ვართო
მოვკვდეთ ან აღვსდგეთ, და გასახარი
გზა გავიკაფოთ შვების მიმართო!“
ჯაბამაც ხმალი აღმოაბრწყინა
და თავის რაზმი წასწია წინა.

XI.

შეირყა ჯარი—გულს გაუყარა
რამ ყრუანტელმა, და, შემდეგ ამის,
პირველი თოფი ესმა თუ არა,
აღელდა იგი, შეეშინდა ლამის,
მაგრამ იქ იყო ჯაბა და იგი,
უდგამდა სულსა შეშინებულებს,
დააცვევინა მან ყველას რიგი,
„მარჯვედ!“ შესძახა ერთგულს გურულებს
და წინ წავიდა, და მტერს ეკვეთა
ის—გამწირველი ყმაწვილთა დღეთა.

XII.

მოჰყვა მას ჯარი თავის ვიჟინით,
ტყვიას და ხმალსა არ შეუშინდა,

ზოგი წაიქცა—თავზე გვირგვინით—
ზოგი მტრის რაზმებს შემოუფრინდა;
შეიქმნა ბრძოლა გულ-შემაზარი,
ხან ხელდახელი, ხან შორეული,
სჩქეფს ორთქლიანი სისხლისა ღვარი,
ირწყვვის სიმწვანე ბალახეული,
ჰგრიალებს თოფი, ჰზუზუნებს ტყვია
და თბილი მძორი მძორზე აწყვია.

XIII.

შეირყა ჯაბა, ცხენზედა მჯდომი,
უეცრად უკან გადაიზნიქა,
და კვლავ გამაგრდა, და როგორც ლომი,
სისწრაფით ცხენი შეაგდო იქა,
სადაც ჯერ რაზმი მოპირდაპირე
კიდევ იბრძოდა არ-არეულად,
მაგრამ შენიშნა მან ჯარი მცირე,
თავისი ჯარი, უკუ-ქცეულად,
და სიმწარითა ყა მისცენა,
დამფრთხალი ხალხი რომ შეეყენა.

XIV.

ვერ-რამ უშველა: ვერცა ყვირილმა,
ვერცა ხვეწნამა ვერ შეაყენა
თავზარდაცემულ ხალხისა რბენა;
არ არის შველა! ღონე მიხდილმა
და შეღებილმა სისხლისა დენით
თვით გადაიკარგა ცხენისა ჭენით:
გაჰქარდა ჯაბა, მიჰქროლავს ცხენი,
ზევით დაჰხარის ტურფა კამარა,
ქვევით—ცამ უწყის—სად არის შარა,
და შენ, მერანო, ჭირიმე შენი.

XV.

რაა მიმინო, კამარის პირად
ფრთას რომ შეკრავს და გაისრიალებს,
რაა ისარი, რომელიც ხშირად
იტაცებს ხოლმე მჭვრეტელის თვალებს,
უფრო სისწრაფით, მინემ პირველი,
უფრო პირდაპირ, მინემ მეორე,
მიჰქროდა ცხენი გასაკვირველი,
სულ ერთი იყო იმისთვის ყორე,
ყორე ქვებისა, მდინარე, ხევი
და კლდე ნაღვრით ჩამონანგრევი.

XVI.

კიდევ ცოტა ხანს გაუძლებს ცხენი
ამ განსაცდელსა, ამ გაჭირვებას,—
შორს ირხევიან ალვისა ხენი,
ჰფენენ ეზოსა ჩრდილსა და შვებას;
იქ სახლი მოსჩანს, ის ძველი არის,
მომგონებელი წარსულის მწველად,
ალბად სახლია ცნობილი გვარის,
თავადიშვილის, ქებულის ძველად...
. . . . . . . . .
. . . . . . . . .

XVII.

მიჰქროლავს ჯაბა, უკვე ახლოა
ის სახლი, სადაც მიეშურება,
სადაც ჰგონია, რომ შესაძლოა
თავს აიცილოს უბედურება;
დაჰხვდა მას ღია ჭიშა—კარი,
შემოირბინა და სახლსა ეცა,
სახლის-წინ ცხენი, რბენით გამსკდარი,
დააგდო იმან და შეაღეწა
ხელის დაკვრითა სახლისა კარი,
რომ იქ ეპოვა თავ-შესაფარი.

XVIII.

ჯაბა შევიდა—არავინ არი,—
და სიბნელეში დაიწყო ჭვრეტა;
ამ დროს ვიღამაც გააღო კარი
და შემოვიდა—ვინ არის ნეტა?
ჯაბამ სიტყვის თქმაც მოასწრო ვერა,
მას წინ წარუდგა სიგო სანელი,
და თავის გონი ვერ დაიჯერა,
რომ მოჩვენება არ იყო მწველი
ის, ვინც მის წინ იყო მდგომარე,
გაშეშებული, როგორც სამარე.

XIX.

„სიგო სანელი... ნუ თუ ის არი?..“
ჰფიქრობდა ჯაბა გაოცებული,
გულს მოშხამული მოჰხვდა ისარი,
მოჰხვდა და მოჰკვდა საწყალი გული.
„ვინ არის სიგო?“ მკითხავს მკითხველი
და მე არ ვიცი, რა ვუპასუხო:
მე არ მინახავს სიგო სანელი
უხანჯლო და უახალუხო,
ქუდიც ეხურა... მაგრამ ხომ ქუდი
№,№-საც ჰხურავს, თუმცა არის ქურდი.!

XX, XXI.

. . . . . . . . დავუბრუნდები
კვალად სიგოსა და ვიტყვი მასზე,
რომ მას არ აკლდა, თუ არა ვცდები,
შეხედულობა და სილამაზე;
მან განათლებას ვერ მისცა ხელი
და ცხოვრებაში გამოჩნდა ადრე,
და კაცი გახდა, რადგანც სულელი
ყველგან ბევრია, ჩვენში—მეტადრე;
უყვარდა ქალი, ყანწის ტრიალი
და ბანკს ჰრჩებოდა მის მიწა-წყალი.

XXII.

უყვარდა იმას თავდავიწყებით
ფეფო და იგი ენატრებოდა;
ეტყოდა ხშირად—„ნუ გამიწირებით“
და მეტს ვერაფერს ვეღარ ეტყოდა;
დრო მიდიოდა, მაგრამ მის გულში
კი არ ჰქრებოდა ციური ალი,
და მიმალული სადმე კუნჭულში
უმზერდა ფეფოს, როცა ეს ქალი
ბრწყინვალს კიბეზე მარაოს ქნევით
ამოდიოდა ნარნარი ზევით.

XXIII.

Cherchez donc la femme, ამხანაგებო,
თუ დაინახოთ ორი ძმის მტრობა;
ცეცხლია გულში უმეტ-ნაკლებო,
შურად ქცეული—წარსული ტრფობა;
ჰქრება იმედი და ჰხედავ, რომა
სხვას მიაქვს შენი იმედი ტკბილი,
მერე—ღიმილი, თვალების კრთომა,
შენზე დაცინვად გადათარგმნილი,—
და აი გულიც!.. მერწმუნე, ჩქარა
იგი გასქდება, როგორც ყუმბარა.

XXIV.

ასე თუ ისე, გაუქრა სიგოს
უწინდელური ძილი და შვება,
ის გადაუხდის, რაც გინდ რომ იყოს,
ისე თავის ბედს არ მოეშვება;
მაგრამ არ იყო, არ სჩანდა ჯაბა,
სადღაც წასული გაჰქრა სრულებით,—
და გულს დამწვარსა რას უზამ აბა,
რითი მოარჩენ მკვდარისა წყლულებით?
ის ჰწუხდა, მაგრამ ჰქონდა იმედი,
რომ კვალად შეჰყრის იმათა ბედი.

XXV.

და მან შეჰყარა: გათავდა ბრძოლა,
დამარცხდა ჯაბა და იმის ჯარი;
და ჯაბამ ცხენი გამოაქროლა,
რომ აიცილოს სამარის კარი;
წავიდა იგი, გადაირბინა
ტყე და მინდორი, მთები და ღელე.
და აი, ამ წამს იმისა წინა
სდგას ის, ვინც ზევით დავასახელე,—
სდგას იმის წინ სიგო სანელი
და ხმალზე უდევს მთრთოლვარე ხელი.

XXVI.

„ჩემთან ხარ განა? შესძახა სიგომ:
ჩემთან ხარ განა შენ ჩამომხტარი?
კაცო, მოსულხარ ალბად იმიტომ,
რომ აქ იპოვო თავშესაფარი,—
ჰეი!...“ იყვირა იმან და ჩქარა,
რა რომ მოგროვდნენ ბიჭები მისი,
ხმალი—ხანჯალი ჯაბას აჰყარა,
თვით აიყარა კაცის სინდისი...
—„აჰ, ძმაო, სისხლი, ოჰ დაეხსენით,
იგი დაცლილა სისხლისა დენით!..“

XXVII.

ვისი ხმა არის, ვინ არის ნეტა?
ქალის ხმა არის, უეჭველია.
—„მოჰშორდი მეთქი იმას, ანეტა,
ის ჩემი სისხლის, სისხლის მსმელია“.
შეჰყვირა სიგომ თავისი დასა
და მოაშორა ჯაბასა იგი:
„წა შენს ოთახში, ნუ იღებ ხმასა,
ქალის წუწუნი არ არის რიგი
იქ, სადაც მტერი მტერსა შეჰხვდება,
და წინ ჰცაცხადებს შურის-ძიება“.

XXVIII.

გულ-დამწვარი და მუხლისა კეცით
თავის ოთახში შევიდა წყნარა.
იქ მადლი წმინდა, მოცხებულ ზეცით,
თანაგრძნობისა მდუღარედ ჰღვარა;
ესმოდა იმას ძმისა ყვირილი,
იგი ჰხატავდა გულისა ჭირსა:
—„ოჰ ჩემო ხმალო, ხარ მოდეგილი,
მაგრამ დაჰშვი, დაჰშვი ძირსა,
მოეძებნე კვალე შენი ქარქაში,
ვერ, ჩემო რევაზ, გემინოს მაში.“

XXIX.

მან დაინახა, რომ სდგას მის წინა
ცივად მდგიმარე დაჭრილი მტერი,
შერცხვა და ჩუმად დაჰმალა რკინა,
აზრმა თავისა მიიღო ფერი;
დამშვიდდა სიგო გონება-ხელი,
შემდეგ მიბრუნდა, კარი გააღო,
და ჯაბა ჩუმად ამის მჭვრეტელი,
მოღანცული და უიარო,
ერთსა ოთახში მან შეიყვანა
და იქ ჩაჰკეტა ტყვე ამისთანა.

XXX.

მოჰძებნა მერე მან თავის ბინა,
მას მიეგება ოცნება ტკბილი,
უნდოდა, ჯაბა რომ მოერჩინა
და მერე თავის გულის ტკივილი;
ელანდებოდა მას ახლო ხევი
და ჯაბა ხმლითა მის წინ მდგომარე,
ბრძოლა და სისხლი... და შესამჩნევი
სიამოვნება იყო მკრთომარე
მისი თვალებში ამ ფიქრის წყობით
ნატკენი გულის გამონათობით.

XXXI.

მაგრამ მის დასა სიამოვნება
დაკარგულ იყო, აღარსად სჩანდა,
თვალში უკრთოდა ცრემლის შვენება,
ვარდის ლოყასა წურ-წურით ჰბანდა;
მას მოაგონდა თავის წარსული,
პირველი ნახვა ჯაიანისა,
მდუღარე თავი, მწუხარე გული,
ნატვრა, იმედი, ხან ეს, ხან ისა,
და ბოლოს მწარედ გადაწყვიტილი
მისი ნატვრა და იმედი ტკბილი.

XXXII.

მაგრამ ჯაიანს სადღა სცალოდა,
რომ მიექცია რამ ყურადღება
მისთვის, ვინც მისი სატრფიალოდ
სევდას შესწირა გულისა შვება?
ვინ ანეტაო, რა სიყვარული?
ჯაბას ორჯელაც არც კი უნახავს
ანეტას სახე, შვენება სრული,
თვალები, რაც რომ გრძნობასა ჰხატავს,
გრძელი წამწამი, რაც ამ გრძნობასა
არ აძლევს ციურ კაშკაშებასა.

XXXIII.

მაგრამ რაა დღეს ან მოგონება
ან სინანული, ან სიყვარული?
დღეს ის ტყვე არის, არა აქვს ნება
სთქვას ის, რასაც მოითხოვს გული,
რას ითხოვს მერე? იქნებ, გგონიათ,
სიყვარულს, ლხენას?—სრულებით არა;
(დრო სიყვარულის მას არ ჰქონია,
იყო სიზმარი, მან გაიარა,—)
დღეს თუ გულს რამე მოენატრება,
ერთი ნატვრა აქვს—თავისუფლება.

XXXIV.

თავისუფლება,—მაგრამ სად არის,
ის ტკბილი, უცხო, ციური რამე?
ძნელია მეტად გაღება კარის,
სქელი—კედელი, ტანჯვის მოწამე:
და ჯაიანი გულით მწუხარე
დაჰშვა იქვე გაშლილს ლოგინზე;
ღამე თვალ-ბნელი ჰმეფობდა გარე,
მიძინებული ველის ბიბინზე,
და ფანჯრიდანა არ სჩანდა ცაზე
ვარსკვლავებისა სითურფე-ლამაზე.

XXXV.

რა უნდა სიგოს? ჯაბა ჰფიქრობდა,
ვერ მიმხვდარ იყო მისი სურვილსა,
მაგრამ სიავეს წინასწარ ჰგრძნობდა,
შურით და მტრობით წარმოშობილსა;
—„იგი მე გამცემს...“ იფიქრა მხოლოდ
და მის ოცნებას მოერტყა ბოლი:
სისხლი და მძორი უთავბოლოდ,
ოხრა, კივილი, კვნესა, ჩოხჩოლი,
ხვნეშა ცხენის და ქროლა ნიავში—
სულ ირეოდა მაშინ მის თავში.

XXXVI.

სახლი სანელის მიძინებული
იყო მდუმარე, როგორც აკლდამა,
მხოლოდ იძგროდა ჯაბასი გული,
მას მოსვენება არ მისცა ცამა;
მისი გონება ჰთეთქვდა ნელა
და სიბნელეში, რაც მას ჰბურავდა,
აზრი ისე, ვით ციცინათელა,
მხოლოდ აქ-იქ ოდნავ ბრწყინავდა:
არც ძილი იყო, არცა ღიმილი,
არც თვლემა მასზე ჩამოვლებული.

XXXVII.

უცებ შეიკრთა ის, გააღო თვალი,
უყურებს—ვიღაც სდგას იმის წინა:
უეჭველია—ან არის ქალი,
ან მოჩვენება ცამ მოავლინა;
ჰშვენოდა ტურფას თეთრი პერანგი,
გულ-ამოხსნილი საოცნებოდ,
ხმალი-ხანჯალი ხელში, ვით ჩანგი,
სახე ნაღვლიანს ეხატებოდა,
იდგა ის წყნარი,—და მოწყენილი
მისი ტუჩებზე ჰკრთოდა ღიმილი.

XXXVIII.

„აჰა, ძმილე, ეს იარაღი,
იგი—შენია, და თავს უშველე:
აქით გადასვალ, დაგხვდება ბაღი,
ბაღისა იქით ხრამია, ღელე...
წადი...“—სთქვა იმან და უსუსურად
დაჰშვა იგი ჯაბასი წინა,
თავი მიაყრდნო მას საამურად,
თმები მხრებზე გადააფინა;
ჯაბა უმზერდა გაოცებული
და მწველის გრძნობით უთრთოდა გული.

XXXIX.

ბოლოს სთქვა ქალმა: იქნება გიკვირს
ეს ცრემლის გუბე, ეს საჩიველი,
მაგრამ რასა ვიქ ჩემსა გულის ჭირს
არა აქვს ბოლო, არც სხვა საშველი.
მე შენ მიყვარხარ... მე შენ მიყვარდი...
ამ წამსა მაინც რად დაგეფარო,
მაგრამ დაბნელდა ცისა ლაჟვარდი,
ამოშრა ჩემი ლხენისა წყარო,
როცა შენ შეჰხვდი ჩემს ძმას და შენა,
შენ, ჩამოაგდე ბრაზი და წყენა.

XL.

მაგრამ წარსულის არა მაქვს დარდი,
როცა ჩემთან ხარ... ოჰ მითხარ რამე
ოჰ სთქვი, რომ არის, წარსულის გარდა,
კიდევ ეს წამი, ეს ტკბილი ღამე
და მომავალი...“ წაჰცდა ანასა
და გაუკვირდა თვითვე თავის ხმა;
გრძნობას, მერწმუნეთ, ამისთანასა
არ გამოჰხატდა, რომ მის გულის თქმა,
მისი სიყვარული, რაც იყო ცხადი,
არ ყოფილიყო ისე დიადი.

XLI.

უმზერდა ჯაბა გაკვირვებული
ამ მშვენიერს ქალს, რომლისა სახე,
ვნებით და ეშხით წამონთებული,
იყო გულისათვის უბრალო მახე,
უმზერდა—გული ჰრჩებოდა ცივი,
დუმილი სახეს ეხატებოდა,
და მის თვალების უძლური სხივი
ქალის თვალებსა ძლივს-ღა ჰწვდებოდა,
იქნება, მისთვის, რომ საარშიყო
დრო დროს არ ჰგავდა—სხვა გვარი იყო.

XLII.

მადლობა ღმერთს, რომ არ შეუნიშნავს
ანას ეს მწარე ჭკვიანობა,
თორემ ჰკმაროდა ესეც, რომ ბედ-შავს
შხამად შეცვლოდა თვის ტკბილი გრძნობა
შეურაცხყოფილს მწარე ურით
მოედებოდა ტანჯვისა ალი
და შურის-გებით კვლავ უტყუარით
გალომდებოდა უძლური ქალი:
ქალი ყველაფერს ივიწყებს ჩქარა,
მაგრამ უარს კი არა და არა.

XLIII.

რად სდუმდა ჯაბა? მე ეს არ ვიცი,
არც ის, სად ჰქროდა მისი გონება;
იქნება მტკვრის-პირ დადებულ ფიცი
და ერთი სახე მას აგონდება,
იქნება, დარდი არა აქვს სულა
არცა წარსულის, არც მომავლის,
იქნება, სრულად გაცივებულა
მისი გული, მსხვერპლი სევდის მრავლის?
—არა! ის გული აღარ ჰცივდება,
სადაც ჰდუღს მუდამ მაღალი ვნება...

XLIV.

მაგრამ ძლივს ხელი მოსახვეველად
გასწია იმან—ხმაც გაიგონა:
ლოგინზე იმ წამს ცრემლის მრქვეველად
წაიქცა იგი, ის ვარდის კონა:
გააღო კარი და ხელში ხმლით
იქ შემოიჭრა სიგო სანელი,
მაგრამ დაუხვდა უცხო წკრიალით
ხმალი მის ხმალსა მოულოდნელი:
ერთი და ორი... და სისხლის ნთხევით
სიგო სანელი გაჰგორდა ქვევით.

XLV.

ჰა, წამი კიდევ—და ის გათავდა,
იმ გვარად მტერი გათავებულა,
მაგრამ ხმალი რომ ელვასა ჰგავდა,
ეხლა ჰაერში გაშეშებულა:
მოჰკლას!?.. ჰო, რისთვის? ვის უნდა მისი
ანუ სიცოცხლე, ანუ სიკვდილი?
არც სახელია, არც საკადრისი
მონას ებრძოდეს მამულის შვილი:
მონისა შური და უგუნურება
ზიზღითა უფრო აღმოიფხვრება.

XLVI.

გადაავლო ჯაბამაც თვალი
ზიზღით სიგოს და მოჰშორდა მერე,
თავის ქარქაშში ჩააგო ხმალი,
დაჰმალა მისი სიელვისფერე
და მოტრიალდა: ის იყო დიდი
და მედიდური მოუწყენელად,
მისი თვალებში არ ჰჩანდა რიდი,
არც ცდა ბოდიშის წარმოსათქმელად...
მაგრამ რა იქნა? სად არის ნეტა
ტურფა ასული, ტურფა ანეტა?

XLVII.

ლოგინზე ეგდო ის გულ-წასული,
ჯაბა მივიდა და იმავ დროსა
კოცნა დააკრა მას მეგობრული
მის შუბლის ცივ მარმარილოსა;
მერე ფანჯარა გააღო ჩქარა,
ხელი დაჰკრა და გადაჰხტა შორსა;
ღამემ იმ წამსვე ფრთა დააფარა
ბედის მეტოქეს ვერ-თანასწორსა
და ფეხი იქით გადაადგმევინა,
სადაც მებადეს რომ ჰქონდა ბინა.

XLVIII.

მეტად ბნელოდა ხრამსა და ხევში,
მაგრამ კამარა იწმინდებოდა,
აქ-იქ ვარსკვლავი ღრუბლის ნარღვევში
ხან ჰკრთოდა და ხან იმალებოდა;
ბაღში ისმოდა შორი ჩანჩქარი,
ყურსა უგდებოდა შტო, ნამით სველი;
ჯაბა მირბოდა იქ, როგორც ქარი,—
ბოლოს მებადეს წაავლო ხელი,
დაუფრთხო იმას ძილისა ფშვენა
და სწრაფად ფეხზე წამოაყენა.

XLIX.

სწორედ იქ, სადაც თავდებოდა ბაღი,
სიგო სანელის მემკვიდრეობა,
კვალად გამოჩნდა ის, მხნე და ლაღი,
და დაამტკიცა გმირთა ზნეობა:
იქ დახვდა მტერი და ჯაბამ ჰნახა,
რომ ბრძოლა არის შეუძლებელი,
მტრისა რაზმებსა მან დაუძახა
და თავის ნებით მათ მისცა ხელი,—
გაჰკვირდა ყველა, მაგრამ სიამით
შეუკრეს ხელი ჯაჭვით ორ-სამით.

L.

ამ დროს შორსა ატყდა რაღაც ყვირილი,
დაჰცალეს თოფი... „ვინ არის, რაო?.“
—„ხევში შევნიშნეთ რაღაც აჩრდილი,
ჯაბა ყოფილა—გაიპარაო...“
სასტად დარჩნენ მაშინ იგინი
და მოუბრუნდნენ დაჭრილს მერე;
—„მე მოხუცი ვარ, არა მაქვს ტვინი,
შევცდი უთუოდ, რომ დავუჯერე...“
ამბობდა მაშინ ის დაჭრილი,
მებადე, ჯაბად გამოწყობილი:

LI.

ვიღაც იყოო, ეს ჩამაცვიო,
და დამასწავლა—აგრე ჰქენიო,
თვითონ წავიდა, ხევში ჩაიკარო,
მე აქ დამაგდო, მონა თქვენიო“...
გაირკვა მალე ეს გამოცანა,
გლეხს ჩააფარეს ერთი-ორჯერა,
მაგრამ ჯაბამ კი გადაიტანა
ბურთი—ვერ შესძლეს მისი დაჭერა,
წავიდა იგი—და ახლოს არი
ალბად სახტარი მისთვის საზღვარი.

LII.

გადავა იმას და მერე კიდე
ის გამოიჩენს თავის მხნეობას,
მოიარს მიწას კიდითი-კიდე,
ასწერს თვის ქვეყნის ტანჯვის დღეობას.
ჯერ კიდევ გულში არიან თქმანი,
ჯერ კიდევ მკლავი არ მოღანცულა,
თავის სიცოცხლეს, გაჰქარდეს ჟამი,
იგი ამ ბრძოლას შესწირავს სულა,—
და მერე, დეე, ცივს სიბნელეში
დაასაფლავონ იმისი ლეში.

LIII.

წავიდა იგი—მაგრამ ვერ აუარ
თანდათან იმის თავ-გადასავალს,
მხოლოდ შენ, კლდეო, დღეში ათას-ჯერ
ტალღა რომ გკოცნის ცივსა და მაღალს,
შენ ხარ მოწამე გულის ტკივილის,
და ცრემლის ღვარის შენ ხარ მოწამე,
შენ ყურს უგდებდი მის ოხვრა-ჩივილს,
ვინც შენ გვერდით ეგდო ის ღამე,
როცა შავი ზღვა შენი ქვის ძირად
ამოჰქროდა და ჩაჰქროდა ხშირად.

LIV.

იქ ეგდო ჯაბა,—თავი მდუღარე
მდუღარე ქვასა ედარებოდა,
ტვინი უხურდა, თითქოს მას გარე
ცეცხლი უშრეტი ეკიდებოდა;
მოჰქროდა ცრემლი და ზღვას ერთოდა
ნაკადი, კლდეზე ჩამონარბენი,
სიტყვა—„მშვიდობით!“—იკარგებოდა,
პასუხს არ ჰცემდნენ მდუმარე კლდენი,
სდუმდა მიდამო, შტო და ფოთოლი
და ცის ლაჟვარდში მთებისა ზოლი.

LV.

მაგრამ გამოკრა ნიავმა გრილმა,
ტალღამ ფაფარი შეისხა ჩქარა,
მოჰქარდა იგი და მოლხენილმა
წინწკლი ჯაბასა შემოაყარა.
წამოდგა ჯაბა ტბილის სიგრილით
გულის წუხილი დამშვიდებული,
წამოდგა იგი დარღვეულ ღელით,
ეხუთებოდა თითქოს მას სული,
ზღვასა გაჰხედა და სახეს კვალად
განწირულებამ გადაჰკრა ალად.

LVI.

ჩახტა ნავსა, რაც იქვე ზღვაში
განუწყვეტლად რომ ირხეოდა,
ტალღამ დაიწყო ირგვლივ თამაში,
მკერდზე ღილები მიეღვრებოდა;
და დაიმალა ნაპირი ჩქარა,
სივრცეში ჩაჰქრა მთებისა ზოლი,
ირგვლივ ზღვა იყო, ზევით—კამარა,
შუა—ის ნავი, ნავი ობოლი,
და არსად ჰჩანდა გაშლილს სივრცეში
არც ძმა, არც სატრფო, არცა ნუგეში.

LVII.

წავიდა იგი,—სიჩუმე მკვდარი
ჰმეფობდა იქ, სადაც ზღვის გული,
გული, რომელსაც არ აქვს საზღვარი,
ღამის დუმილში იყო ჩაფლული;
არცა ფრინველი, არც რამე გემი
ამ გაშლილსა და საშიშ სივრცეში,
მარტო ის იყო, ის გმირი ჩემი,
მარტო მის ნავი მკრთალს სინათლეში,
მაგრამ სულ მარტო ის არ იქნება,
ვინც რომ ბუნებას ესაუბრება.

ჯაბა ჯაიანი

ხმა მესამე

I.

მე ვიცი—მერწმუნეთ—ჯვარია ერთი,
მხოლოდ ტანჯვისთვის იგი სრულია;
ამ დიდი ჯვარზე იმისი ღმერთი—
კაცობრიობა მილურსმულია:
ცისა სივრცეში ღვთისა ტანითა
მიჰქროლავს იგი მიუწვდომელი,
მხოლოდ შებრწყინეთ თანისთანითა
შეჰყურებს სივრცე განუზომელი,
მიჰქროლავს, მაგრამ ნეტა სად არი
უკანასკნელი ნავთ-საყუდარი?!

II.

ეჭვისა ბრჭყალი, ვით ბრჭყალი ორბის,
გულსა უკაწრავს მას, მილურსმულსა,

მისი წყლულიდან სისხლი ჩამოჰრბის,
მერე ზღვას ერთვის აშფოთებულსა;
იბრძვის დღე-მუდამ, იბრძვის ყოველ-თვის
და თითქოს სადღაც მიეჩქარება,
ბოლოსა ჰნატრობს, შვებასა ელტვის,
იქ—ბოლო არ ჰჩანს, აქ—გახარება,
აქ მხოლოდ ჰდგება სისხლისა ფონი
და ინგრევიან სახელმწიფონი.

III.

და ამ მუდმივი მოძრაობაში
კაცი ჰტრიალებს, როგორც ფოთოლი,
რასაც მოსწყვეტს და წაიღებს ცაში
ქარი უეცრად წამონაქროლი;
აქ არის კაცი, ხვალ იქ იქნება,
სად მოელება, ვინ იცის, ბოლო,
ხან ზევით მიდის, ხან დაეშვება,
როგორც შენ ცაში, გამხმარ ფოთოლო,
კაცს თავის თავი მეფე ჰგონია,
თუმცა ყველაფერი მის ბატონია.

IV.

სტამბოლში არის ბახვა ბარავა,
იგი თითქმის რომ გადმოსახლდა,

არავისთანა არა აქვს დავა,
მოსვენებული ის არის ახლა.
აქვე გამოჩნდა ჯაიანიცა
გამოქცეული სამარის კარსა,
ვერ მოშორდა ღრუბლიანი ცა
მას ბედის-წინა შეუოპოვარსა
და აქ არ აცდა ვერ-ასაცდენი
მისებრ კაცისთვის ტანჯვისა დღენი.

V.

და, აი, ერთს და იმავ კუთხეში
მოგროვილა სამივე პირი:
ერთს დამწვარს გულში არ აქვს ნუგეში,
სევდა უდგავის ათას-ნაირი;
მეორე ჰტკბება, თუმცა მის წარსულში
კიდევ ჰჩანს ბნელი ცოტაოდენი,
მაგრამ დღესა კი ბარავას გულში
მზე ბრწყინავს მხოლოდ, შვებისა მფენი,
დღეს ის შორს არის იმ ქვეყნიდანა,
საიდანც ტანჯვა გამოიტანა.

VI.

მესამე—ფეფო... ტურფა საგანო
ჩემი ოცნების და მღელ-მკრთალების

სადა ჰლანდება დღე უმზიანო,
დღე მოწყენილი შენი ქალობის?
ქმარსთანა იყო ისიც, მკითხველო,
მაგრამ მის გული არ მშვიდდებოდა,
სამშობლო მთები, ველი და მდელო,
სახე-ნაღვლიანს ელანდებოდა
მაშინაც, როცა მის ვრცელი ოდა
სტუმრებით სავსე სანთლებითა ჰკრთოდა.

VII.

ბახვასთან ხშირად იკრიბებოდნენ
დიპლომატები სხვა და სხვა მხარის,
ჰსაუბრობდნენ და ეშხით ჰტკბებოდნენ
მისი ცოლისა ოდნავ მდუმარის;
მაგრამ ყველაზე უფრო ჰტკბებოდა
დიდი ვეზირი, საიდ-ფაშა,
სამი წლის წინედ ის ოდნავ ჰკრთოდა,
შემდეგ—ვარსკვლავად დაიკაშკაშა,
და ოსმალეთის კამარის-პირა
დიდი ადგილი მან დაიჭირა.

VIII.

მის შეწევნით წავიდა წინა
აქაც ბარავა, მოხუცი გმირი,

კვალად აქ თავი გამოიჩინა,
მით გაიქარვა გულისა ჭირი;
მართალი არის, უწვავდა გულსა
ხანდახან ცოლის მოწყენილობა,
მაგრამ „დრო წაჰშლის გულისა წყლულსა“
ამბობდა მისი გამოცდილობა,
და დრო მირბოდა... მაგრამ მან ფეფოს
გულში სიამე ვერ გაამეფოს.

IX.

ვინ იფიქრებდა ამ ტურფა ქალსა,
გადმოფრენილსა შორი მხრიდანა,
დარდი რამ ჰქონდა, და სევდის ალსა
ის არ ამხელდა არავისთანა?
კაცი რომელი წარმოიდგენდა,
რომ მის ღიმილსა რამ უმიზეზოს,
რაც რომ მის ტუჩებს გამოურბენდა,
ვით მზისა სხივი მონასტრის ეზოს,
ქვეშ ეგო მუდამ, კი არ მოსდევდა,
შეთვისებული იმის გულს სევდა?

X.

გარე ფეფოსა ჰხედავდნენ ძვირად,
მას დავიწყდა წარსული გემო,

და მის ლამაზა მკლავებსა ქვემო
იგუშებოდა მუთაქა ხშირად;
ის ოცნებობდა, წიგნებსა გაჰშლიდა,
და მოგონებას სხვა და სხვა წიგნით;
ვინ იცის, მაშინ მწყველის ტალღითა
რა უღელავდა ნარნარსა შიგნით?—
სახეს სიმშვიდე ხშირად ატყვია,
როცა გულშია მდუღარე ტყვია.

XI.

მაგრამ ამ წამსა ერთი წერილი
ხელში უჭირავს ლამაზსა იმას,
სევდა ჰჩანს მხოლოდ გადაფენილი
თვალსა, მიჩვეულს ცრემლისა წვიმას.
რათა? რა იყო წერილში ნეტა?
ვისგან იყო ნიშანი მწარე?
საქართველოდან ჰწერდა ანეტა...
მე შინაარსი გავიზიარე,
და იმ წერილის მწუხარე სიტყვებს
მე დროის დენა ვერ დამავიწყებს:

1.

„—გწერ, უძვირფასო დობილო,

მდუღარე ცრემლის მფრქვეველი,
საქმე საკეთილშობილო
გიწვევს—ძნელ შესამთხეველი;
ნუ დაიზარებ შრომასა,
იყავ ჭირისა მთნეველი,
მიეც გზა კეთილ ნდომასა,
გეტყვის მადლობას ტყვე-ველი.

2.

იქ არის ჯაბა, რომელიც
უცხო არ არის, მგონია;
ხალხი მან მხნე და მშრომელი,
ცუდი და მოსაწონია,
ერთად შეჰყარა, აანთო,
დასდგა სისხლისა ფონია,
სცადა და მერმესა მიანდო
საქმენი საგმირონია.

3.

იქ არის იგი,—მას გული
ვერ დაივიწყებს ვერ-ოდეს,
ვერ გაჩუმდეს ბულბული,
ვარდზე მწუხარედ მღეროდეს,

ვერ მოჰშორდეს მზესა მთვარე,
ღრუბლიდან შემოჰცქეროდეს,
წვავ—გაჰყვება მწუხარე,
არ ჩამორჩება, გჯეროდეს.

4.

მაგრამ არ იყო, არც არის
წამი ტკბილი და ნათელი,
დაჰრჩა ბნელი-ღა ამ მხარის,
დაჰრჩა ნატვრა და ნაღველი;
ამ ბნელში ვარ და დავდივარ
ჩრდილი ვერ-დასანახველი,
დილა ინათებს მთა-და-ბარ—
მაში გაჰქრობას მოველი.

5.

ხოლო მანამდე უბედურს
ბედით და დაბადებითა
კიდევ მწყურია, კიდევ მსურს,
ამბის მოსმენა შვებითა—
ცნობა, რომ შენ „მას“ უშველე,
შეჯაჭვულს ბორკილებითა...
რა არის შეუძლებელი
ქალის თავ-გამოდებითა?!

6.

ის იყო თურმე ყველგანა,
ყველგან სადარი ლომისა,
ყველგან მიდამო აბანა
სისხლში მღელვარემ ომისა;
მომივიდა მეც მისი ამბავი,
მწველი ამბავი, რომ ისა
გაჰხდა წინ დაუხედავი
მსხვერპლი მტრობის და წრომისა.

7.

ახლა შენ იცი... მხოლოდ შენ...
შენ ხარ სტამბოლში ცნობილი,
სწრაფად მომხრეებს გაიჩენ
მთხოვნელად გამოწყობილი,
გასტეხს კარს შენი სინაზე,
ძირს დაცვივდება ბორკილი,—
მაგრამ სუ, ჩემო, იმაზე,
ვინც არის ლახვარ-სობილი.“

XII.

წამოდგა ფეფო... ვარსკვლავებითა
ცა მოენთილა თავისებურად,

თავის ჩრდილებით შავ-შვებითა
სახლებს ქუჩები ჩამოებურათ;
სტამბოლსა ჰძინავს, მეჩეთსა ჰძინავს,
ძილში ჩაფლულან მინარეტები,
მხოლოდ ზღვის კიდე დაღლილად ჰქშინავს,
იქ ირხევიან ანძას სვეტები,
მხოლოდ იქ ძილი არა ჰჩანს კიდე
ქვეყნის მპყრობელი კიდითი-კიდე.

XIII.

მაგრამ ვინ არის? ქალია სწორედ:
ჩამოუბურავს პირბადით პირი;
აი, გამოჩნდა იქ ხელ-მეორედ,
სადაც იწყება ციხის ქვითკირი.
და დაიმალა... ვინ არის ნეტა?
რად ჰსუნთქავს აგრე აშფოთებული?
მოსდევს მას ვინმე, თუ თვით ქურდულად
თავის ოჯახი გამოიმეტა
და აქ დაეძებს სატრფოსა თვისსა
ტყვეს სამუდამო ჰარამ-ხანისა?!

XIV.

ღამე ბნელია, ყველასა ჰძინავს,
მხოლოდ ციხეში არ ჰძინავს ჯაბას,
დამწვარ გონებით შორსა დაფრინავს,
ჰხედავს ქალაქსა, სოფელსა, დაბას,
ჰხედავს სხვა და სხვა ხალხსა და პირებს,
უმეცრებას და უბედურებას,—
თვალი ენთება, ბრძოლას აპირებს
და ჰგრძნობს ძალ-ღონის უსუსურებას,
წამოიწევს—და ხმა ჯაჭვისა
აგონებს ადგილს ეხლანდელს მისსა.

XV.

გათავდა ყველა... შესრულდა ყველა,
მისი ცხოვრება, მისი წადილი...
ოჰ, რა ცეცხლია იგრძნო ერთხელა
ეს, თუმცა ამის თქმა არის ადვილი!
შესრულდა... წინა არაფერია,
მოჰჩანს საფლავი, სხვა არაფერი;
მტვერი გაჰქრება, რაც რომ მტვერია,
მაგრამ ის, რაც რომ არ არის მტვერი?!
ის, მისი აზრი, მის გულის თქმანი...
ნუ თუ იმათაც კი წაჰშლის ხანი?!

XVI.

„ეჰ, გაჰქრე ბარემ, წარმოსთქვა ჯაბამ,
ეჰ, გაჰქრე ბარემ, არ ჰძგერდეს გული,
გულს მოუსვენარს მაშინ დავბამ,
ტვინი მექნება გაცივებული...“
სთქვა მან და მწარედ ამოიოხრა;
ის ამოოხრა იყო საზარი,
თუმცა ბედის წინ იქ თავის მოხრა
არ ჰჩნდა, არც შიში არავითარი.
შეირყა მაშინ ციხის კედელი
და ხმაც მოისმა გაურკვეველი.

XVII.

ჯაბას არ ჰძინავს—იმისი გულსა
ცეცხლი ედება დაუშრეტელი;
კვლავ ამოოხრა, გამგონის მწველი,
შეარყევს ციხეს მიძინებულსა.
მოჰრბის დარაჯი გაკვირვებული,
იმის ჯურღმულში შეაღებს კარსა,
და ეუბნება: „აჰ, ფული, ფული“—
სიტყვას უბედურს, გაუტეხარსა:
—„ეს ოქრო მომცეს... ქალია, ქალი...“
მაგრამ მიდუმრებს ჯაბა საწყალი.

XVIII.

შემოდის მართლა ვიღაც ქალი...
ჯაბა უყურებს და ვერ ჰცნობილობს.
გაშტერებულად ურჩება თვალი,
მაგრამ სუ! გული, გული რასღაც ჰგრძნობს...
ის არის, ისა... სწორედ იგია...
ერთს დროს ნახული და საყვარელი,
მაგრამ საიდან, ვერ გამიგია,
როგორ მოსულა უცხო მხარელი?..
თუ მოჩვენება ცამ მოავლინა,
რომ გული დაატკბოს სიკვდილის წინა?

XIX.

დარაჯი იმ წამს გავიდა გარე,
ქალმა მოიხსნა ჩქარა თავშალი;
ჯაბას მიაყრდნო თავი მდუღარე
და იმის ყელთან მიხუჭა თვალი.
სიჩუმე მეფობს, არ-რას ამბობენ,
ან რა უნდა სთქვან, როგორ და რაზე?
მხოლოდ ერთმანეთის სახეს უთბობენ,
პირზე გადაჰრბის სუნთქვის სინაზე,—
მაგრამ გულს ნეტა რად ენატრება,
რომ არ დაირღვეს ეს მდუმარება?!

XX.

ვინ ქალი იყო, ის დადაგული,
ცრემლის რხევით რომ ეუბნებოდა?—
—„აქ არ დაგტოვებ მე, ბედ-კრული,
თუ ჰქრება, რაც რომ მენატრებოდა;
ჩემთვის სიამე აწ აღარ არის,
გული მიმიწევს სულ სხვა მხრისკენა,
იქ, სადაც ისმის ზუზუნი ქარის
და მწუხარეა წვიმისა დენა,
იქ, სადაც სხივი თუ იბრწყენს წამით,
მხოლოდ ბნელს ჰბადავს და სევდას ამით.

XXI.

მე ვიცი კუთხე, სადაცა ჯარი
უცხო ჯარის წინ დამარცხდა შენი;
იქ ახლო მთაზე არის საყდარი,
დროთა ბრუნვასა გადანარჩენი;
იქ მონაზნობა იქნება ტკბილი,
მწველი—ველისკენ გადაყურება,
სადაც ჰბიბინებს მინდვრის ყვავილი
და ბალახების საამურება,
სადაც შენ, ჩემო, გმირულად სცადე,
რომ დაგერღვია ტანჯვისა ბადე.

XXII.

იქ საღამო ჟამს მონასტრის ქვითკირს
მე მწუხარებით მივეყუდები;
ველს გადავხედავ—აშლის გულის ჭირს
ხსოვნა წარსულის ფას-დაუდები;
იმ ველზე მდელო დაიბიბინებს,
წმინდა სისხლითა აღმონაცენი;
ღამე დადგება, მთებს მიაძინებს,
მოირთვებიან ბნელითა კლდენი,—
და ერთს სენაკში, რაც იქ მექნება,
სანთელი ჩუმად წამოინთება...

XXIII.

მაგრამ შენ, ჩემო, შენ რა მოგელის?...“
და კვალავ წამოსკდა ცრემლისა ღვარი.
ღმერთო, ნუთუ აქ არავინ არი,
გარდა დარაჯის და ციხის მცველის,
რომ შემოვიდეს და გაიყვანოს
საწყალი ქალი სევდით მოკლული?
შვილის კუბოზე ისე ვერა ჰღვაროს,
დედამ მწუხარემ ის ნაკადული,
როგორც მან ჰღვარა იმისი გვერდით
მკერდთან მიკრულმა ძვირფასის მკერდით.

XXIV—XXV.

შინ არის ფეფო... შიშითა მწველით
და წვალებითა მან გაირბინა
ქუჩა, მოცული ღამითა ბნელით,
და კვალავ მოძებნა თავისი ბინა;
შევიდა სახლში, ავიდა კიბე
მარმარილოსა ქვებით ნაგები,
სადაც ჰცხოვრობდა, როგორც ხელმწიფე,
ის და მის გულის ამხანაგები—
სევდა და შიში... და ნატვრაც დღისა,
როდესაც ლხენითა დატკბება ისა.

XXVI.

ვაიმე, გაჰქრა იმედი ტკბილი,
ის ვერა დატკბება ლხენითა კვალად,
დაჰრჩა ცრემლი და შემკრთალი ძილი,
ტანჯვა, ქცეული მის გულში ალად...
შინ არის ფეფო და იტანჯება,
გარე-კი ტანჯვა არა ჰჩანს სრულებ,
ვარსკვლავთა სხივი მიიფანტება
მყუდრო სივრცეში გულ-მხიარულებ
და სიმკრთალეში გამოშვირებული
ჰკრთის და ჰშრიალებს ბოსფორის წყალი.

XXVII.

ოჰ ტკბილო ღამევ სამხრეთის კიდის,
რა ლამაზი ხარ, რა ვარსკვლოვანი!
მიდამოს ჰძინავს, შვებით დრო მიდის,
მოდის ნიავი სუნნელოვანი;
ზოგი ამ დროსა ჰსეირნობს ბაღზე,
ღამის დუმილი გულსა უხარებს,
ზოგმა საქმენი გადასდო განზე,
თავის ჰარემში დროსა ატარებს,
ზოგი... მაგრამ სხვას არ შევეხები
და ერთს ჰარემსა მივუბრუნდები.

XXVIII.

ეს არის სახლი ცნობილი გვარის,
დიდი ვეზირის, არა მცირესი,
აქ დამწყვდეული დღე-მუდამ არის
ქალების გუნდი უტურფესი;
შუა დარბაზში ჰკრთის შადრევანი,
ლამპრის სხივები მას ეტრფევიან,
ირგვლივ ქალები, საცმლით ევანი,
თამაშობასა შეჰქცევიან,
დროს ატარებენ, სანამ შორს არი
განთიადისა სხივის ისარი.

XXIX—XXXI.

. . . . . . . . .
აქ საიდი ჰტკბებოდა ღამე,
ეხვია გარე ქალების გროვა,
მაგრამ დღეს მისი გულის სიამე
უცხო სევდასა ჩამოეთოვა;
დღეს ის შინ არი, ქვეყნის ბატონი,
და არცა ახსოვს ჰარემი, მგონი.

XXXII.

. . . . . . . . .
ტახტზე ჰზის იგი, ფაშა ქებული,
ყალიანისა პირში აქვს ქარვა,
და შესაძლოა მისი მოჰპარვა,
ისე ის არის ჩაფიქრებული.
რა მოჰხდა ნეტა? რა სიმწარემ
გამოიწვია მისი დაღვრემა?!

XXXIII.

არა რა მოჰხდა: დღეს მან, ვისცა
აქ ყოველგვარი ეთაყვანება,
მოიხმო ბახვა და იმას მისცა

ჩუმად, სულ ჩუმად, ერთი ბრძანება;
და ვით ერთგული, მორჩილი მონა,
იქით წავიდა ბარავა ჩემი,
სადაც წმინდა რამ საქმე ეგონა
და არა საქმე თავზარ-დამცემი...
ამ ქვეყანაზე ბევრი რამ ჰხდება
ისეთი, რაც არ დაიჯერება.

XXXIV.

წავიდა ბახვა... საღამო იყო
მაშინ საამო და სანატრელი,
ხმა ჩიტებისა, ხმა საარშიყო,
ბაღში ისმოდა განუწყვეტელი;
მერე კი ცაში იხატებოდა
ვარსკვლავი, ტურფად გამოშვირებული,
და ფაშის სახლსა ისე დაჰკრთოდა
ვით ბრალ-მდებელის მრისხანე თვალი...
და ფაშა ჰწუხდა... და იმის გარე
რაზმი ბიჭების იდგა მდუმარე.

XXXV.

ბარავა?—ჩუმად ის ეკითხება,
ყალიანისა პირში აქვს ქარვა,

და თუმცა ჰცდილობს, ვერა ხერხდება,
თავის სევდის და ეჭვის დაფარვა.
—„იგი ჯერ არა დაბრუნებულა!“
ეუბნებიან თავის მოხრითა,
და ეკარგება მოთმენა სულა
ფაშას, მსმენარეს წყნარის ოხვრითა...
არის შეცდომა, რომლისა წამშლელი
არცა დღე არის, არც ღამე ბნელი.

XXXVI—XLIII.

ცნობილი ფაშა მწუხარედ არის:
წამოდგა იგი და კარს მიემართა,
არც მოსურნეა ის საუბარის,
არცა ხვეწნისა პირ-მომღიმართა,
გავიდა გარე და იქ დასტოვა
ქალების გუნდი უტურფესი;
იქნებ, ჰაერში როცა გამოვა,
მას კვალად მოჰხვდეს შვების ნაკვესი
და დაუმშვიდოს ტურფა ღამემ
ეს ნაღვლიანი გულისა ცემა...

XLIV.

ოჰ ტურფა ღამევ სამხრეთის კიდის,
რა ლამაზი ხარ, რა ვარსკვლოვანი!

მიდამოს ჰძინავს, შვებით დრო მიდის,
მოდის ნიავი სუნნელოვანი.
ზღვა გაშლილია, ზღვასა დაჰხარის
ცისა მნათობი რიცხვ-მიუწვდომი;
გემი მიცურავს, ამ გემზე არის
კავკასიონის მოხუცი ლომი,
ვინც რომ შამილი და ჰაჯი-მურად
ერთს დროს გააცნო თავისებურად.

XLV—XLII.

ოცნებობს ბახვა და ზღვაში შედის
თან და თან გემი, მას მინდობილი;
უცებ ხმა ესმა—არა იმედის,
გულში სიამედ მუდამ სობილი,
არცა ლხენისა ახალ-გაზდობის,
არცა ტრფობისა, არა, სხვა გვარი:
ის იყო შეფოთვა აზრის და გრძნობის
ის იყო ტანჯვა... და ვით ისარი
გულს მოჰხვდა იგი, გააპო გული,
და იქ უშლელი დაჰტოვა წყლული.

XLVIII.

ის კვნესა იყო, მაგრამ ვინ კვნესის,
ვინ იტანჯება ამ ტკბილ ღამეში,

ვინ არის მტერი ბუნების წესის?
კაცს ვინ წაართვა ტკბილი ნუგეში?
გაკვირვებული ბახვა მდუმარებს
და იხედება იქით და აქით,
ეჭვის ალითა თავი მდუღარებს,
დაფნით შემკული, არა ლეჩაქით,
და თვალი მისი, ცეცხლით ბრწყინარი,
დატანჯულს ეძებს... არავინ არი...

IL.

არავინ არი... მხოლოდ ტომრები
ორ-სამასამდე აქ-იქ ჰყრია,
ზოგი სწორე დგას, ზოგსა ნომრები
გადმოყრის დროს გადაჰყრია;
აი გაინძრა... მაგრამა არა,
ალბად თვალებსა ეს მოელანდა:
განა სულდგმული არის ტომარა,
რომ მას... აჰ, კიდე! რა არის მანდა?
მიდის ბარავა გონება-ხელი
და ერთს ტომარას მოავლო ხელი...

L.

და უეცრად გაფითრებული...
რათა? რა ჰნახა? რამ შეაშინა?

რამ აუშფოთა მას აგრე გული,
შეუშფოთვარი ტყვიების-წინა?
მივიდა კვალად და—ძალნო ცისა!—
მან გაიგონა კვნესა კაცისა,
და როცა ხმლითა გასჭრა ტომარა,
ვიღამაც თავი წამოჰყო წყნარა:
ხელსა და ფეხზე მას ჯაჭვი ედო,
სახეზე—ტანჯვა რამ უიმედო.

LI.

ნუ თუ კაცი ხარ? ბახვა კითხულობს,
და „კაცი ვარო“ ისმის პასუხი.
ავარდა ბახვა—ახსნას თხოულობს
ცეცხლ-მოდებული, სისხლ-ანთებული;
ყველა მდუმარებს და სიჩუმეში
ერთი ხმა ისმის, მეხივით მძლავრი,
მაში ძმობა ჰჩანს, ისმის ნუგეში
და იხატება უსაზღვრო ჯავრი:
„მე ვით მომცესო ბრძანება მხდალი“
და გულ-მდუღარემ იშიშვლა ხმალი:

LII.

როგორ თუ საქმით უსინდისურით
მე შევირცხვინო თავი ძალათი?

როგორ გაჰხდება კაცის ჯალათი,
კაცის, შექმნილის სახით ღვთიურით?!
ჩავყარო ზღვაში, უძირო ზღვაში
ხელ-ფეხ-შეკრული პატიმარები,
ცოდვის თამაშსა დავუკრა ტაში
და მერე ვნახო საყდრის კარები?!..
არა, ჰე ძმებო, მე უწინარეს
თვითვე გავითხრი თავის სამარეს!..

LIII.

იშიშვლა ხმალი და თვისა ჭაღარა
კვალად შეამკო შარავანდედით,
ტომრის თავები დაჰჭრა, დაჰღარა,
მაგრა შეკრული გამხმარის ღვედით,
დალეწა ჯაჭვი და დაიყვირა:
—„თავისუფალი ხართ, გასწიეთ აბა!..“
როცა უეცრად მის პირდაპირსა
ერთი ტომრიდან წამოდგა ჯაბა—
ჯაბა... უფალო, ნუ თუ ის არი,
თუ მოჩვენება არის საზარი?!

LIV.

აღელდა ბახვა... რა უნდოდა მას?
რად გაიწია მან იმისკენა?

უყვარდა იგი, ვით შვილი მამას,
და შურის დროსა დაუტეო ლხენა,
თუ გულში მხოლოდ, ვით ცხელი ტყვია,
ერთი რამ ეგო—შურის ძიება?
ამისთვის მხოლოდ წინ გაიწია,
ხმალ-მოღერილი მტერს მიეგება?—
ეს არვინ იცის, ვერც ვინ მიხვდება,
რა გვარი იყო ის მღელვარება.

LV.

წინ გაიწია და იმწამს ხმალი
ბახვა ბარავას გავარდა ხელით,
და თვით წაიქცა იგი საწყალი,
როგორც ბალახი, მოჭრილი ცელით.
გულმა უეცრად შესწყვიტა ძგერა,
დიდი ხნით იყო ის დატანჯული...
ჯაბამ თვალები მას მიაშტერა,
ვინც იყო მის წინ გადაშლართული,
და მის ტუჩებზე, არ ვიცი—რათა,
მწარე ღიმილი გამოიხატა.

LVI.

ცაზე კაშკაში გაჰქონდა მთვარეს,
ზღვის სივრცე სდუმდა, როგორც სამარე,

და ჯაიანსა, აგრე მდუმარეს,
ჯარის კაცები მოერტყნენ გარე;
მას მოელანდა ეს არე-მარე
ზღვითა, მდინარით, მთით და ველებით,
ბნელით მოცული მუდამ და გარე
შემოხვეული ჭიანჭველებით...
მაგრამ მის ფიქრი ბნელი და მწველი
შესწყვიტეს სწრაფად... მოჰკიდეს ხელი...

LVII.

ტალღა შეირყა და შეიკრა პირი,
წყალმა ტრიალი იწყო გვირგვინად:
ბნელია, შავი, ქვესკნელის ძირი,
იგი მას ერგო უკუნი ბინად.
ის ჩაიძირა, წავიდა ქვევით,
ზევით კი კვალი არ დარჩენილა,
ზღვისა ლაჟვარდსა სხივისა ფრქვევით
ხვალ წამოანთებს ლამაზი დილა,—
მაგრამ საფლავსა ამ ტყვეთა გროვის
ტურფა სივრცეში ვერვინ იპოვის.

LVIII.

გაჰქრა ეს გმირი გასაოცარი,
ვერ მოუწყება სამშობლო გმირებს,

მას ნათესავი, ვერც მეგობარი
ცხარე ცრემლითა ვერ დაიტირებს,
ჯვარი პატარა, ანუ სხვა რამე,
მის საფლავს ზევით არ დაიდგმება,
გაიარს დღე და გაიარს ღამე—
ხსოვნიდან იგი ამოიშლება...
მხოლოდ ერთს გულში ბედის-წერა
მას ვერ აღმოფხვრის, ვერა და ვერა.

LIX.

ის ერთი ვინმე მონოზვნის თავშლით
მონასტრის ქვითკირს მიეყუდება
და თქვენ, ფიქრებო, გულის ჭირს აშლით,
თუ ის ველისკენ გადაიხედება;
იმ ველზე მდელო დაიბიბინებს
წმინდა სისხლითა აღმონაცენი,
ღამე დადგება, მთას მიაძინებს,
მოირთვებიან ბნელითა კლდენი,—
და ერთს სენაკში, რაც იქ იქნება
სანთელი ჩუმად წამოინთება.

1896 წ.
გ. გვაზავა.