ჯარისკაცივით კუშტი ..
20
ივნ
2025
თამაზ ჭილაძე
ჯარისკაცივით კუშტი სისხამი
შლიდა ათასჯერ დაკეცილ კარავს
და ილეოდა ქარში ის ღამე,
დღემდე იდუმალ სათქმელს რომ მალავს.
დაწრიალებდა ქარი შლეგივით,
წყალს ებრძოდა და წყალთან დავობდა,
მდინარე, როგორც სიზმრის შლეიფი,
მიიჩქაროდა ამ სამყაროდან.
და თრთოდა ტაძრის რუხი სხეული,
თითქოს აკრთობდა ხმა გულსაკლავი
და ღმერთის ცრემლი, კენჭად ქცეული,
ცაზე ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი...