კამენასადმი

კამენასადმი

ავტორი: ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ოჰ, თუ ვითარის ტრფობით და აღტაცებით დიდით
შევიცვამ ბეჭედს შენსა, ჩემდამო წარმოგზავნილს,
ვეამბორები მასა გულისა მხურვალებით,
სურვილს ძალის შემატებელს და ჩვენს მკავშირებლად მქმნელს!

ოდეს იგი სამოკნო, სასურველი ბეჭედი
დავიწყებულ ვჰყო ჩემგან, არ ვიგონო მარად—მარად,
მყის, სატრფიალო კამენავ, ეგ ბროლ-ფიქალი მკერდი,
ჩემდა მრისხანედ შეჰქმნე, ტანჯულ მყავ მარად-მარად.
ოჰ თუ ესოდენ ძლიერ მოუცილმყო ოხვრა ქმნილი,
ვინ არს ჩემდა მტანჯველად, ტრფობითა გაშმაგებული?
შენ, ანგელოზო ჩემო, თვალ მშვენ, ბროლ-ფიქალ-წყობილო,
შენ, მხოლოო ნუგეშო, შენ ჰკურნე გული წყლული!

როს მშვენნი მუხლნი შენნი ბალიშნენ თავსა ჩემსა,
და მეც ვჰსტკბებოდი სრულად, ვილოცევდი ბედს ჟამიერსა,—
ღიმილით საამურით აცოცხლებდი სულსა ჩემსა,
ცეცხლებრ მგზებარეს თვალით ჰსჭვრეტდი ჩემსა არესა.
ნეტა, სახემან შენმან, წყნარ-ტკბობილ-ზრახვობ-ქმნილმან,
ნუთუ მარტო შემიპყრო და დამდვა კისერს ჯაჭვნი?
არა, მარამ ბეჭედმან, ჩვენ დამკავშირებელმან,
სახსოვნად შენდა იპყრა სულის ჩემის გრძნობანი.