კითხვა ასეთი ყოფნის რაობა
10
თებ
2026
ტერენტი გრანელი
კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა,
სევდა მეტია, მე დღესაც ვნაღვლობ.
ეს ნიკოლოზის სასაფლაოა
და ცირეკიძე მარხია ახლოს.
სული – თოვლია და ხორცი – ლეში,
ჩემი გონება ისევ საღია.
დაფიქრებული მე ვზივარ მზეში,
ირგვლივ მზე არის და ბალახია.
და ნაზი ხმები შეწყდა სრულიად,
და გაღმა ჩნდება ღია ფანჯრები.
ჩემთვის წამება სიხარულია
და მიხარია, რომ ვიტანჯები.