ლორკას უკანასკნელი მონოლოგი
19
ოქტ
2025
შოთა ნიშნიანიძე
შენ ბედს რა დაჰყვა ცრემლგარეული
მწარე ფორთოხლის გემო!
გიტარასავით გადამსხვრეულო,
ო, ესპანეთო ჩემო!
ბედნიერი ვარ აწ და მარადის,–
მე მოკლული ვარ შენთვის,
ბედნიერებას ვეღარ წამართმევს
ვერა კაცი და ღმერთი.
იმ ღამით დათვრნენ გვარდიელები,
რა ეშმას საქმეს მორჩნენ.
სტვენით, ღრიალით და სიმღერებით
სცლიდნენ ვეება ტოლჩებს.
სვამდნენ...მღეროდნენ, უბრაგუნებდნენ
დუქნის იატაკს დეზებს...
და არც იცოდნენ უგუნურებმა–
ჩემსას მღეროდნენ ლექსებს...