მადლს სხივის ფრთები ასხია ..
30
ივნ
2026
მედეა კახიძე
მადლს სხივის ფრთები ასხია
სინათლედ დაფრენს გარშემო,
სურს ანგელოზის სახიანს
ოქროს კოშკები აშენოს.
მადლი, ისე ვით ალამი,
თავზე წყალობად დაგვნათის,
გულმოწყალე და თამამი,
კარდაკარ დადის თვალნათლივ.
თუ ხარ ნაწამებ ნადევნი,
შენს ფეხს, ფეხის ხმას აუწყობს.
გაგკურნავს სისხლად დადენილს,
არ დაგაყვედრის წყალს უწყლოს.
თუ გზა დაგქანცავს დამღლელი,
შენთან გაჩნდება მაშინვე,
გადაგიყაროს ნაღველი
გიშეღავათოს რაშიმე.
გინდ ცა დაფაროს უკუნმა,
მზე აღარ მოგწვდეს დაბოღმილს,
არ შეტრიალდეს უკუღმა,
გამოგიყვანოს გამოღმივ.
მადლს სხივის ფრთები ასხია,
სინათლედ ფრინავს გარშემო,
სურს ანგელოზის ფრთებიანს
მხოლოდ სიკეთე აშენოს!