მეუღლეს-ანიკო ვაჩნაძეს (პირადი წერილი)
1
მარ
2025
ლადო ასათიანი
ანიკო ძვირფასო! დავბრუნდი თბილისს მშვიდობით, დაღლილი ნახულითა და გაგონილით, მთვრალი ღვინითა და სიყვარულით.
რედაქციაში დამხვდა შენი წერილი – სიტყვაძვირი და სიტყვამცირე, დამხვდა და გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი დამხვდებოდა.
ანიკო, თბილისში ყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი სტანდარტულადაა, სასახლეშიც ასევეა, ყველგან ასეა, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე არაა ძველებურად: ნაცნობი ხე შეცვლილა ოდნავ, ფოთლები გასცვენია, შემოდგომის ბრალია, თუ შენმა უნახაობამ დაჰმართა ეს საქმე…
ანიკო! მაპატიე, რომ ისეთ მდგომარეობაში გინახულე… 11-ში წამოვალ; ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ წამოვიდე და დამხვდი. აუცილებლად.
წერილი მომწერე, თუ მოასწრო, მხოლოდ “გასაგები, ადვილად გასაგები”. კიდევ ნახვამდის, მოგიკითხა ყველამ, ვისაც იცნობ ახლოს.
ლადო ასათიანი
7. 9. 1939.
თბილისი.