მწუხარე შუქი ჩნდება
2
ივნ
2026
ტერენტი გრანელი
მწუხარე შუქი ჩნდება
და რიცხვი ოცდასამია.
დრო სანთელივით დნება
და უმშვიდესი ღამეა.
მე რომ მეტყობა დაღლა,
იქ ვიღაც მინდორს გაჰყურებს.
ახლაც კიდია მაღლა
მთვარე – ცის თეთრი საყურე.
ციდან ფიქრები ცვივა,
წინ მიდის გზები უვალი.
ისევ ციხეში ვზივარ,
მახსოვს წამება უალდის.
მოვა ძლიერი ვნება
და სურვილები გამიარს.
დრო სანთელივით დნება
და უმშვიდესი ღამეა.