პარტახი აული
26
აგვ
2025
გაბრიელ ჯაბუშანური
შენ რომ იყავ, ის აული ოჴერი
მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს,
ენატრებათ შენი ყელის მოღერა
ციხეების ჩაბნელებულ ჩარდახებს.
კოშკებს ახსოვთ შენი მზერა მართალი
და სიმღერა რომელიღაც ნაიბზე;
დღეს ღამეა აულების სარდალი,
თვალთა შენთა ხშირნი შუქნი გაიბნენ.
ეგ ღიმილი - გათენების სადარი,
ვხედავ, ეხლაც ღილღოს ცაზე სწერია;
სიო ამბობს, ჰადიშათი სად არი, -
ეხლა მისი გათხოვების ჯერია?!
ქისტის ქალო, შენზე დარდმა დამლია,
შენს ლანდსაც კი დავდგომივარ დარაჯად...
ქალო - მთვარევ, გელი... აღარ მოხველი, -
ბინდი ბურავს თვალთა ჩემთა ჩარდახებს...
შენ რომ იყავ, ის აული - ოჴერი...
მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს.