ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს ..
30
ივნ
2025
ტერენტი გრანელი
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს
და მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები.
ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,
ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები.
და მოლოდინიც სცადეს თვალებმა,
მოვარდა ქარი და სული მიჰყავს.
და ახლა სადღაც შორს იმალება
ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს.
და იყო სევდის გულზე დასევა,
ყვავილებია და კვლავ სიშორე.
და მიხარია, დღეს რომ ასე ვარ,
და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.