როდის იქნება, შემასხას ფრთები
როდის იქნება, შემასხას ფრთები
ავტორი: მიხეილ თუმანიშვილი. გამოცემაში უსათაუროა; სათაურად გამოყენებულია პირველი ტაეპი.
როდის იქნება, შემასხას ფრთები,
გავფრენილვიყო შორს ამა სოფლით,
მუნ საც ცხოვრების ნათელ მთიები
არ დაბნელდება ჭმუნვის ღრუბელით.
სად სიხარული ვით წყარო ნელი
მომდინარეობს დაუსრულებლად,
სად სიტკბოება არს უსყიდელი
და სიყვარული სულს ათბობს მარად.
მაშინ მე მსუბუქ, ვრცელსა ჰაერსა,
ვით ნელი სიო, მოგეფინები,
შევისხავ ნათელს, შევსვავ სუნნელსა
და მზეს და მთვარეს ვემნათობრები.
ამა სოფელსაც არ დავივიწყებ,
ზოგჯერ ვით ცრემლი სიბრალულისა
მოვევლინები და განუგეშებ
ბედსა კაცობრივს ბნელსა და მწირსა.
მაგრამ ეს მოსვლა იქნება წამი,
ვითა ყვავილზე დილისა ნამი,
შევეთვისები მზისა სხივებსა
და მივიქცევი კვლავცა ედემსა.