რომ არ ამეღო ხელში წიგნი..
5
თებ
2026
მუხრან მაჭავარიანი
რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.
რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.
დიდი ქალაქი
რომ არ მენახა! -
მეყოლებოდა ახლა ხარები.
შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.
არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი,
აღარც მდიდარი.
ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,
ცივ სოხანეზე
გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.
მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრიდ ყურება -
აიზლაზნება
მინდვრებიდან
როდესაც ორთქლი.
პარასკეობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს,
მეუღლეს ჩემსას
ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.
სოფლის სკოლაში ორი ბავშვი -
ჩემიც ივლიდა;
ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა,
გოგოს – ივლიტა, -
რომ არ ამეღო ხელში წიგნი,
თოხი მჭეროდა.
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.