სადღაც შორს
4
მარ
2025
ტერენტი გრანელი
სადღაც შორს იყო გამოსალმება,
სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები.
მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,
ბევრია ამის მაგალითები.
წავიდა ღამე და გული გაჰყვა,
მთას გადუარეს წუხელ ქარებმა.
ვიღაცას უნდა ვიღაცის ნახვა,
ახლა ის მიდის და ეჩქარება.
და გული იღბალს ქარისკენ მიჰყავს,
ვიცოდე, მაინც ამას რა ქვია?
სადღაც შორს უცებ შეწუხდა ვიღაც,
სადღაც შორს ქალი დაფიქრდა გვიან.
სადღაც შორს იყო გამოსალმება,
სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები
მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,
ბევრია ამის მაგალითები.