სალამური
სალამური
ავტორი: მიხეილ თუმანიშვილი.
იყო დრო, ოდეს სალამური — ჩემად მომლხენი,
შეეხებოდნენ რა ბაგენი მას უნაღვლელად,
არაკრაკებდა სიხარულით და ხმანი მისნი
განიბნეოდნენ ყრუსა არეს მოუთმენელად,—
და მხოლოდ ბნელი და დუმილი წყნარისა ღამის
იყვნენ მოწამეთ საიდუმლოთ აღტაცებათა,
და მხოლოდ ტკბილი იადონი წალკოტთა შორის
ნარნარ შტვენითა მოჩხმახიდა გულის კვნესათა.
იყო დრო, ოდეს მშვენიერი ესე ბუნება
მიმდევსა მისსა გრძნეულებით გამაოცებდა,
და დამატკბობდა სიყვარული, თავისუფლება,
და გული ჯერეთ ზრუნვათათვის არ განმეღებოდა.
იყო დრო... მაგრამ, ჰე მაცთურო ამაოებავ,
რად დამილეწე ოქროვანი ხატი ოცნების?
რად დამდე ჯაჭვი დამონების? რათ მიმიზიდავ
აღელვებაში ამა სოფლის დაუდგრომელის,
სადაც გრილდება მგოსნისა მხურვალე გული,
სადაც სჭკნებიან უწმინდესნი სულის გრძნობანი,
სად სალამური მექნა ჟღერით დაყრუვებული
და უპასუხოდ განიფანტნენ ტკბილნი შტვენანი.
1838 წ.