შენ მე ყოველთვის მომცემ წყნარ სადგურს...
23
თებ
2026
ანა კალანდაძე
შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს
და მშვიდთა ცათა ამოენთება
ვარსკვლავი კიდეთ,
დაუბრუნდებათ თავისი ფერი
დიდებულ ნაძვებს
და კვლავ სიჩუმე მოიცავს ყოველს,
ვითარცა ტაძრებს...
განძად გპოვებდი: მექმნები შიშად
და არა ლხენად...
თუ ჩაქრე, მეცა მივდრკები ქრობად,
ფოთოლთა ცვენად...
თუ არა - მუდამ დამიბრუნდება
ჩემივე რწმენა,
მზე დიდებული -
ვით ლამაზ მინდვრებს...
შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს.