შენსკენ მოჰქრიან ეს ...
9
თებ
2026
ტერენტი გრანელი
შენსკენ მოჰქრიან ეს ჩემი გზები
და ვხედავ ფოთლებს, ბაღში დაფენილს.
მე მიყვარს ჩემი კარგი ლექსები,
იყოს ლექსები, სხვა არაფერი.
მდუმარე საყდარს ნელა ჩავუვლი,
მღალავს დღეების განმეორება.
არ არის დიდი დანაშაული,
თუ ვერ მოვაწყვე ჩემი ცხოვრება.
ძვირფასო, კარგი საქმეა ეხლა,
ჩემს სხეულიდან თუ დარჩა ფერფლი.
არ უნდა ფიქრი - პირველი მე ვარ,
მე, პოეზიის უმანკო მსხვერპლი.
დღეთა სიმძიმე ჩემს გულს აჩნია
და ვხედავ ფოთლებს, ბაღში დაფენილს.
ლექსების გარდა რა გამაჩნია,
იყოს ლექსები, სხვა არაფერი.