თეთრი და მწვანე
26
თებ
2026
ფრიდონ ხალვაში
პარმენ რურუას
ცხოვრება მართლაც გვაქვს საოცარი:
თეთრი და მწვანე ქუჩების წყება
კალმახებივით ბრიალა ქარვის
ლამპიონების ჩანჩქერში წვება.
სახლები დგანან როგორც დენდები,
შუშის ცისფერი ჩოხები შვენით,
მე კი, მე ერთ ძველ სახლთან შევდგები
და მაგონდება ამბავი შენი.
ჩუმი ნაღველით, მაგრამ ყოველთვის
წელგამართული, მოზიდულ მხრებით,
ქუჩა და ზღვა რომ ერთმანეთს ერთვის,
იქ შენ ბავშვური ღიმილით მხვდები.
და სამდურავი გაქვს მუდამ ერთი, _
კვლავ სახურავში ჩამოდის წვეთი.