თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო
24
მაი
2025
ლადო ასათიანი
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!